თურქული საბრძოლო თვითმფრინავები აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს, ნახიჩევანის რეგიონში საერთო სამხედრო წვრთნებში შეუერთდნენ. თურქეთის მხრიდან ეს ნაბიჯი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე გადაიდგა.
„მსგავსი წვრთნები ძალიან სახიფათოა. რადგან ეს აჩვენებს, რომ არცერთი მხარე არაა მზად წავიდეს კომპრომისისკენ. მსგავსი პოზიციონირება მაშინ ხდება, როცა სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გავიდეს კონტროლიდან. და ეს ძალიან საშიშია“, - ამბობს რიჩარდ ჰოგლენდი, სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.
ასევე ნახეთ: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდესბაქო აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ მათ სომხეთის დროშა ჩამოაგდეს. ეს იმ ვითარებაში, როცა 12 ივლისს ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და მხარეები სომხეთის რეგიონის ტოვუზის გასწვრივ, საზღვარზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირებას სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაქო და ერევანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ერთმანეთს აბრალებენ.
პარალელურად, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი განიხილეს. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შემთხვევაში, შესაძლოა ანკარა და მოსკოვი ამ კონფლიქტის საწინააღმდეგო მხარეზე აღმოჩნდნენ.
კრემლის თქმით, პრეზიდენტებმა "რეგიონის სტაბილიზაციის მიზნით, [მათი] ქმედებების შეჯერებასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვეს". რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ მეზობლად მიმდინარე კონფლიქტი რუსეთისთვის "მგრძნობიარე" საკითხია.
ასევე ნახეთ: ბრძოლა შავი ბაღისთვისემილ სანამიანი, სომხური კვლევების ინსტიტუტიდან, ამბობს რომ ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის მიზანი, სწორედ 1-5 აგვისტოს დაგეგმლი სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაციის გაცვლა იყო.
„[სამხედრო წვრთნებით] თურქეთი აგზავნის მესიჯს, რომ თუ სომხეთს აზერბაიჯანთან კონფლიქტში უპირატესობა ექნება, თურქეთი აზერბაიჯანის დამარცხებას არ დაუშვებს“ - ამბობს ის.
დაპირისპირებამ, რომელიც სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, არა საკუთრივ ყარაბაღის გარშემო, არამედ ორი ქვეყნის საზღვარზე განვითარდა, ბევრი შეაშფოთა, რადგან მსგავსი ინციდენტები, კონფლიქტის ესკალაციის და რეგიონის ქვეყნების მასში ჩართვის საშიშროებას ქმნის.
ასევე ნახეთ: პუტინმა და ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე იმსჯელესბაქოსა და ერევანს შორის მცირემასშტაბიანი სამხედრო შეტაკებები ყარაბაღის გარშემო ხშირია. თუმცა, 2016 წლის აპრილის შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ, რომლებსაც სამასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი დაპირისპირებაა.
ყარაბაღის ომი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით დამთავრდა, რის შემდეგაც ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე და მის გარშემო მდებარე რეგიონებზე კონტროლი სომხეთმა მოიპოვა. დღეს, ყარაბაღის მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური სომეხია. აზერბაიჯანი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის რუსეთიც, ყარაბაღს მისი ტერიტორიის განუყრელ ნაწილად მიიჩნევს.