სენატორი ემი კლობუჩარი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო

სენატორი ემი კლობუჩარი

ამერიკელი სენატორი ქალი მინესოტის შტატიდან, რომელიც სენატში მესამე ვადაა მსახურობს, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაება. ის მეხუთე მოქმედი სენატორია, რომელიც პრეზიდენტობისთვის მარათონში ებმება. ნომინაციის პრეტენდენტებს შორის არის წარმომადგენელთა პალატის წევრი ქალი და არაერთი კანონმდებელი კაცი.

კლობუჩარის მენეჯერული რეპუტაცია, ფესვები ამერიკის შუადასავლეთში, პოლიტიკური ტონი და საღი გამოცდილება იმუშაოს სხვა პარტიის წამყვან წევრებთან, მას აძლევს გამარჯვების იმედს პრაიმერის წამყვან შტატებში - აიოვასა და ნიუ ჰემფშირში. იქ ამომრჩეველი, უმეტესწილად, ქვეყნის შიდა საკითხებით იქნება დაინტერესებული და შესაძლოა, საკუთარი წიაღიდან-შიდა ამერიკიდან მომდინარე კანდიდატს მიანიჭოს უპირატესობა.

კლობუჩარს აქტიურად უმუშავია საგარეო საკითხებზეც და დღემდე არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების აქტიური დამცველი.

ის 2017 წლის იანვარში, სენატორებთან ჯონ მაკკეინთან და ლინდსი გრემმთან საქართველოში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზი მოინახულა.