"საერთაშორისო ამნისტია" საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ზომების დისკრიმინაციულობაზე საუბრობს

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კოვიდ-19-ის საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვების და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მიმართ მისი შესაბამისობის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

კვლევაში საუბარია საქართველოზეც. ორგანიზაცია დადებითად აფასებს საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობას და პროპორციულობას საქართველოს შემთხვევაში. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მიღებული ზომების შერჩევითი შესრულების პრობლემას.

“გამოითქვა შეშფოთება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ზომების დისკრიმინაციული შესრულების თაობაზე. სამედიცინო რჩევების მიუხედავად, რელიგიური შეკრებები კანონით არ შეიზღუდა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეძლებოდა ლიტურგიის ჩატარება მართლმადიდებელთა აღდგომაზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.

ორგანიზაციის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანი ამბობს, რომ ორგანიზაციის თქმით, საქართველოს მიერ მიღებული ზომები შეესაბამებოდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.

„საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და მისი დეტალები საბოლოო ჯამში შეფასდა, როგორც აუცილებელი და პროპორციული, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. კონკრეტულად ის, რომ დეკრეტში ზუსტად იყო განსაზღვრული ის უფლებები, რაც იზღუდებოდა და ასევე კონტექსტი, თუ რა ღონისძიებების კონტექსტში ხდებოდა ამ უფლებების შეზღუდვა", - ამბობს ის.

ასათიანი საუბრობს ასევე პრობლემებზე და ამბობს, რომ ერთი ნაწილი რაშიც საქართველომ უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, შეზღუდვების დისკრიმინაციული შესრულებაა.

"რაც შეეხება პრობლემებს, კონკრეტულად საუბარი იყო კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დისკრიმინაციულ აღსრულებაზე, რელიგიურ მსახურებასთან დაკავშირებით. სამედიცინო რჩევის მიუხედავად, საქართველოში რელიგიურ მსახურებაზე საჯარო შეკრება მაინც დარჩა გამონაკლისის სახით, როგორც დაშვებული აქტივობა“, - ამბობს ის.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიური ჯგუფები საქართველოში ამავე უფლებებით ვერ სარგებლობდნენ და მეტიც, ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფო უშიშროების სამსახური შეეცადა იმ რელიგიური ლიდერების შევიწროებას, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ დამოკიდებულება მათდამი ყოფილიყო ისეთივე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში.

„სხვა რელიგიურმა ჯგუფებმა საქართველოში საკუთარი გადაწყვეტილებით სალოცავი ადგილები დახურეს. 15 აპრილს, საქართველოს მუსლიმური თემის ხელმძღვანელმა მირტაგი ასადოვმა განაცხადა, რომ რამადანის დადგომასთან ერთად, ისინი მეჩეთებს გახსნიდნენ და მთავრობისგან ექნებოდათ მოლოდინი ისეთივე დამოკიდებულების, როგორიც მათ მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში გამოიჩინეს. განცხადებიდან ორი დღის თავზე, მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა, სახელმწიფო „საბოტაჟის“ საქმესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

კვლევაში საუბარია ასევე შეზღუდვებზე და ზომებზე, რომელსაც რეგიონის ქვეყნები მიმართავენ და რომლებიც არაპროპოციულია, ან გამოყენებულია კრიტიკული აზრის თუ ოპონენტების წინააღმდეგ.

„მთავრობები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ხშირად იყენებენ რეპრესიულ ქმედებებს კრიტიკული შეხედულებების ჩასახშობად... გასაკვირი არაა, რომ მთავრობები კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ქმედებებს რეპრესიულად ატარებენ“, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების კვალდაკვალ, არ შეზღუდონ ადამიანის უფლებები, მედია თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.