„საერთაშორისო ამნისტია“ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ

„საერთაშორისო ამნისტია“ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ

უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ძალადობა და რეპრესიები გაგრძელდება თუ რეგიონის მთავრობები და გავლენიანი უცხოელი პარტნიორები არ დაიწყებენ იმ ცვლილებების გატარებას, რასაც მოსახლეობა ითხოვს და რატომაც არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი მოვლენები დაიწყო.

გუშინ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში, „საერთაშორისო ამნისტიამ“ დააკონკრეტა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხელმძღვნელობა დღესაც კი ვერ აცნობიერებს იმ გამოწვევებს და ცვლილებისკენ მიმართული პროტესტის მასშტაბებს, რომლის მოხდენასაც ხალხი უკვე ერთი წელია ითხოვს. უფლებადამცველი ორგანიზაციის აზრით, მთავრობები ვერც იმას აცნობიერებენ, რომ რეგიონის მოსახლეობა არ აპირებს ძალადობას შეუშინდეს და პროტესტზე თქვას უარი.

ამერიკის ხმას ამ საკითხთან დაკავშრებით „საერთაშრისო ამნისტიის“ ახლო აღმოსავლეთის საკითხების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ ლუთერი ესაუბრა.

„ჩვენ მართლაც გვსურს რომ მთავრობებს კარგად ესმოდეთ რომ ყველაფერი შეიცვალა. რეგიონის მოსახლეობა ცალსახად ძალიან მოტივირებულია და აჩვენებს, რომ პროტესტზე თავის შეკავებას არ დასჯერდება, არ შეშინდება, და ბრძოლას გააგრძელებს ღირსებისა და სამართლიანობის მოსაპოვებლად.“

„საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ საპროტესტო აქციებითა და რევოლუციური მუხტით მიღწეული ცვლილებები ფორმალურად გაფორმებული არ არის კანონმდებლობით და ისინი არც კონსტიტუციური ჩასწორებებით ყოფილა ასახული. ზოგიერთ ქვეყანაში, ყველაზე მეტად კი ეგვიპტეში, უსაფრთხოების ძალები არაადამიანურად იქცეოდნენ რევოლუციამდე და ასევე მის შემდეგაც. სხვადასხვა სიტუაციაში მათი მოქმედება კიდევ უფრო მკაცრი და გადაჭარბებული იყო, ვიდრე პროტესტების დაწყებამდე. სწორედ ამიტომ, ფილიპ ლუთერი დარწმუნეულია, რომ დასავლეთმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს არასტაბილურ ქვეყნებთან მიმართებაში და ეს სიფხიზლე პირველ რიგში ამ ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვაზე უნდა გავრცელდეს.

„ამ ქვეყნებთან დასავლეთმა არ უნდა აწარმოოს ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობები, ისეთი როგორსაც აქამდე ინარჩუნებდა. დემოკრატიული ქვეყნები არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ურთიერთობებს იმ ყოფილ პარტნიორებთან ახლო აღმოსავლეთში, სადაც ფუნდამენტური რეფორმები ელემენტარულად, არ მომხდარა. ჩვენ უნდა დავინახოთ, თუ რა გაკვეთილები მიიღეს ადამიანებმა მომხდარის შემდეგ.“

ანგარიში მითითებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა და გავლენა ლიბიასა და ეგვპტეში, მაგრამ გაკრიტიკებულია სირიისა და ბაჰრეინის საქმეებში შედარებითი ჩაურევლობა და მხარდაჭერის ნაკლებობა. ანგარიშის ავტორები არაბული ლიგის, აფრიკის კავშრისა და ევროკავშრის საპასუხო ქმედებებს ამ ქვეყნებში მიმდინარე ძალადობასთან დაკავშირებით „არათანმიმდევრულს“ უწოდებენ.

ჩვენთან საუბარში ლუთერმა ასევე გააკრიტიკა საუდის არაბეთისა და ირანის როლიც და ის დიპლომატიური განწყობა და მიმართულება, რომელსაც ჩინეთი და რუსეთი იჩენს სირიის საკითხთან დაკავშირებით.

და ბოლოს, რეფორმები არც ტუნისში განხორციელებულა, ქვეყანაში რომლის ახალ პრეზიდენტთან და ყოფილ პოლიტიკურ პატიმართან „საერთაშრისო ამნისტიას“ კარგი საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს.