საქართველოს ამერიკის პირველი ქალი ელჩი ჰყავს. კელი დეგნანმა შეერთებულ შტატებში ბოლო ოფიციალური საფეხური გაიარა და ფიცი დადო. ამის შემდგეგ ის უკვე საქართველოში ჩავა და მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
ფიცის დასაწყისში, ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს ამერიკაში, დავით ბაქრაძესა და მის მეუღლეს. ასევე, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
ისევე, როგორც სენატში ელჩობის კანდიდატების მოსმენის დროს, ასევე ფიცის დადებისას, დეგნანმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
დეგნანმა საქართველო-ამერიკას შორის არსებულ მსგავსებებსაც გაუსვა ხაზი: "ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.
ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ."
დეგნანმა ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელსაც ამერიკა საქართველოში ახორციელებს: " ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის USAID-ის ძლიერი მისია, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მხარს უჭერს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აშშ-სა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დონეს ზრდის, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს და საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად უკეთ ამზადებს.
თქვენ, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და საქართველო 2006 წელს გაერთიანდნენ, რათა უკეთესი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეექმნათ, განსაკუთრებით, ზუსტი მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველო იმდენად კარგი პარტნიორი იყო, რომ MCC-მ ახლახან მეორე კომპაქტიც დაასრულა.
ჩვენი სამედიცინო ექსპერტებიც თანამშრომლობენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტიური პროგრამით ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, მათ შორისაა C ჰეპატიტის აღმოფხვრის მასშტაბური პროგრამა. და ჩვენ გვყავს მშვიდობის კორპუსის ასზე მეტი მოხალისე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს სოციალურად დაუცველ საზოგადოებებთან. მეტიც, ჩემი დისშვილი, ჯინა, ერთ-ერთი მათგანი იყო."
ელჩის სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც: "ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად."
ჯერ უცნობია ზუსტი თარიღღი როდის ჩავა ელჩი დეგნანი საქართველოში და როდის მიიღებს ის ქვეყნის პრეზიდენტისგან რწმუნების სიგელს.
კელი დეგნანი 26-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. ის 8 ქვეყანაში 12 სხვადასხვა მისიით იყო მივლენილი. საქართველოში ელჩად წარდგენის დროს, ის იკავებდა ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩევლის როლს. მას გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში მუშაობის. თურქეთსა და ნატოში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რეგიონსაც კარგად იცნობს.
დეგნანი თანამდებობაზე პრეზიდენტმა ტრამპმა სექტემბერში წარადგინა, ნოემბერში კი მის კანდიდატურას მხარი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაუჭირა.
კელი დეგნანის ფიცის სრული ვერსიის წაკითხვა შესაძლებელია საქართელოში ამერიკის საელჩოს საიტზე.