შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. დეგნანი უფლებამოსილების შესრულებას 31 იანვრიდან ოფიციალურად შეუდგება.
"რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან მუშაობას რამდენიმე მნიშნელოვან პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის, დასავლეთში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოსთვის დახმარებაზე, შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, რუსეთის და სხვა მტრული მოთამაშეების მხრიდან იმ მცდელობების აღკვეთაზე, რომლებიც საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს", - განაცხადა მან.
კელი დეგნანმა ელჩის ფიცი ვაშინგტონში, 17 იანვარს დადო. ის საქართველოში შეერთებული შტატების რიგით მეცხრე და პირველი ქალი ელჩია.
კელი დეგნანი 26-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. ის 8 ქვეყანაში 12 სხვადასხვა მისიით იყო მივლენილი. საქართველოში ელჩად წარდგენის დროს, ის იკავებდა ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩევლის როლს. მას გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში მუშაობის. თურქეთსა და ნატოში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რეგიონსაც კარგად იცნობს.
დეგნანი თანამდებობაზე პრეზიდენტმა ტრამპმა სექტემბერში წარადგინა, ნოემბერში კი მის კანდიდატურას მხარი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაუჭირა.