კოლკერი: ლუგარის ცენტრი მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში

ჯიმი კოლკერი

ჯიმი კოლკერი აშშ-ის ჯანმრთელობის და სოციალური სამსახურების მდივნის თანაშემწეა გლობალური ჯანდაცვის საკითხებში. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშილს ვაშინგტონში შეხვდა. მისი განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში ჯანდაცვა მნიშვნელოვანი სფეროა. “ჩვენ გვიხარია, რომ ლუგარის ცენტრმა და ლაბორატორიამ დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი რეგიონული საზედამხედველო ცენტრია, რომელიც ეპიდემიური დაავადებების დასაძლევად, მომზადების, აღმოჩენისა და პრევენციის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აფრიკის ქვეყნებში მსგავსი ცენტრის არსებობის პირობებში ჩვენ ებოლის ეპიდემიას ავიცილებდით თავიდან. შესაბამისად, საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს, რომ უახლესი ხარისხის ცენტრს მართავს, რაც კიდევ ერთხელ, დაავადებების გავრცელების აღსაკვეთად, მომზადების, აღმოჩენის და პრევენციის საქმეში უდიდეს როლს ასრულებს. ამას გარდა, ჩვენი ერთობლივი მუშაობა ცე ჰეპატიტის პროგრამაზე ძალიან დამაიმედებელ შედეგებს იძლევა”-თქვა მან.

კითხვაზე, თუ რა არის ცე ჰეპატიტის პროგრამის წარმატების მთავარი მიზეზი, ბატონმა კოლკერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მრავალმხრივი პარტნიორობის შედეგი, რომელსაც ძალიან კარგი პირველი ეტაპი ჰქონდა. პირველ რიგში კი ეს იყო საქართველოს მთავრობის დამსახურება, რომელმაც საქართველოში ამ დაავადების სიმძიმე აღიარა და შედეგად, პარტნიორებთან-ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან-სადაც ძალიან კარგი ექსპერტიზა არსებობს ცე ჰეპატიტთან გასამკლავებლად, და ასევე წამლის შემქმნელ ფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად, განკურნების მიზანი დაისახა. ამასთან, ეს არ არის რაიმე ექსპერიმენტი, არამედ რეალური, მიმდინარე პროგრამა. საქართველო, თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ცე ჰეპატიტის ყველა პაციენტი განიკურნება. ამდენად, მოსალოდნელი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ ძალიან გვინდა ეს პროცესი ბოლომდე, წარმატებით დავასრულოთ"-განაცხადა ჯიმი კოლკერმა.