ტელეარხი „ალ ჯაზირა“ ეგვიპტეს მთავრობას პრობლემებს უქმნის

A wounded demonstrator is evacuated from Cairo's main square, Egypt, Wednesday, Feb.2, 2011. Several thousand supporters of President Hosni Mubarak, including some riding horses and camels and wielding whips, clashed with anti-government protesters as Egy

თანამედროვე კავშირგაბმულობის ტექნოლოგია სახალხო გამოსვლების წნეხის ქვეშ მყოფ ავტორიტარულ მთავრობებს მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის. ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ტალღას ეგვიპტეს მთავრობამ მკაცრი ზომებით უპასუხა, რომელიც ციფრული კავშირგაბმულობის საშუალებების ჩახშობას ითვალისწინებდა. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კაროლინ პრესუტი იუწყება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები სწრაფად ითვისებენ იმას, რომ თანამედროვე კავშიგრაბმულობის ტექნოლოგია როგორც ზარალის ისე უპირატესობის მომტანი შეიძლება იყოს.

არაბული ტელეარხი „ალ ჯაზირა“ ქაიროში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა მანამ ვიდრე ეგვიპტეს მთავრობამ ტელეარხის სამაუწყებლო თანამგზავრი ჩაახშო.

ახალი მედია ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს.

ვაშინგტონში „ალ ჯაზირას“ წარმომადგენლობაში ჟურნალისტები კატარში მდებარე ტელარხის სათავო ოფისიდან მიღებულ პირდაპირ ჩართვებს კომენტარს უკეთებენ.

ნიკ ტოკსვიგი ვაშინგტონში ტელეარხ „ალ ჯაზირას“ წარმომადგენლობის აღმასრულებელი პროდიუსერია.

„ის რომ ეგვიპტეს მთავრობა ხელს გვიშლის იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ სამუშაოს პირნათვლად ვასრულებთ,“ აღნიშნა ნიკ ტოკსვიგმა.

მიუხედავად შეზღუდვებისა ტელეარხი „ალ ჯაზირა“ ქაიროდან პირდაპირ ტელეჩართვებს მაინც ახერხებს. ამ მიზნით „ალ ჯაზირას“ თანამშრომლები მოძრავ სატელიტურ ტექნოლოგიას იყენებენ.

„ალ ჯაზირას“ წამყვანები ეგვიპტეში მდებარე ჟურნალისტების ვინაობას ან მათ ზუსტ ადგილ-მდებარეობას განგებ არ ამხელენ.

ეს იმით აიხსნება, რომ ეგვიპტეს მთავრობამ ქაიროში „ალ ჯაზირას“ კორესპონდენტების აკრედიტაცია გააუქმა და ზოგი ციხეში ჩასვა კიდეც. ქაიროში „ალ ჯაზირას“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუქმდა და ტელეარხის ბიურო დაიხურა. ეგვიპტეს მთავრობამ ხსენებული ზომები გასულ შაბათ-კვირას მიიღო.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ ლივინგსტონი სოციალურ ვებ გვერდ Tweeter-ზე ეგვიპტედან მოწოდებულ გზავნილებს თვალ-ყურს ადევნებს. გზავნილებს აწვდიან ეგვიპტელები, ვისაც პორტატული ტექნოლოგია გააჩნია. გასულ კვირას პორტატული მოწყობილობებით აღჭურვილი დემონსტრანტების ჯგუფები საპროტესტო საქმიანობას კოორდინაციას უწევდნენ და პოლიციის რაზმების მოახლოვების შესახებ ერთმანეთს აფრთხილებდნენ. მიმდინარე კვირის მანძილზე ეგვიპტეში ფიჭვური კავშირგაბმულობა აშკარად გაუარესდა. ინტერნეტ საძიებო კომპანია Google-მა ეგვიპტელებს კავშირგაბმულობის ახალი საშუალება შესთავაზა, რომლის მეოხებითაც ხორციელდება დემონსტრანტების მიერ ჩაწერილი ხმის გზავნილების Tweeter-ზე ტექსტურ ფორმატში გადაყვანა.

ლივინგსტონი აღნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიის დაბლოკვა დიდ ხანს არ გასტანს.

„ეგვიპტეს, როგორც გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირებულ საზოგადოებას, ფუნქციონირება გაუჭირდება თუნდაც იმის გამო, რომ ბიზნესმენები ფიჭვურ ტელეფონებს ვერ გამოიყენებენ,“ დასძენს ლივინგსტონი.

პროფესორი ლივინგსტონი აღნიშნავს, რომ ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენას მოახდენს ტექნოლოგია ავტორიტარულ მთავრობებზე. ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ტექნოლოგია მოქალაქეებს თავისუფლებას ანიჭებს. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ტექნოლოგია ავტორიტარულ მმართველებს ოპოზიციის წევრების ამოცნობასა და განეიტრალებაში შეუწყობს ხელს.