ოლბრაიტი: არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი სუკის აგენტი იყო

მადლენ ოლბრაიტი

ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი მსოფლიოში და რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში.

ოლბრაიტი 30 იანვარს საერთაშირისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამერიკას განსაკუთრებული როლი აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში.

„ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, ეს პარტნიორებსაც გულისხმობს,“ განაცხადა გამოსვლის დასაწყისში ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ.
მადლენ ოლბრაიტი


ოლბრაიტი კლინტონის ადმინისტრაციის წევრი იყო. მას გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა და შემდგომ პირველი ქალი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.

ის ქალთა უფლებების ერთ-ერთი აქტიური დამცველია. 2016 წლის არჩევნებში, ოლბრაიტი მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა. კლინტონის საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულმა მისმა ფრაზამ „ჯოჯოხეთში არის იმ ქალებისთვის ადგილი, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან,“ წინააღმდეგობრივი რეაქციები გამოიწვია.

ოლბრაიტმა ხუმრობით განაცხადა, რომ უნივერსიტეტში "სადღაც ცეცხლის აღმოჩენასა და აიპედის გამოგონებას შორის" სწავლობდა, როცა სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა სხვანაირი იყო. "დღეს ეს ყველაფერი რელევანტური აღარაა... დღეს ადამიანები მთავრობებს 21-ე საუკუნის ტექნოლოგიით ესაუბრებიან, მთავრობა 20-ე საუკუნის ტექნოლოგიით უსმენს მათ და 19-ე საუკუნის პასუხს სცემს,“ დასძინა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

ოლბრაიტს აშშ-ის მაღალი დიპლომატიური თანამდებობები ეკავა რუანდის, ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტების დროს. ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კლინტონის ადმინისტრაციის „ლიბერალური ინტერნაციონალიზმის“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია.

ლიბერალური ინტერნაციონალიზმი საგარეო პოლიტიკური ხედვაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო ორგანიზაციების და არასახელმწიფო მოთამაშეების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და გულისხმობს, რომ ერთი ქვეყანა შესაძლოა მეორე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩაერთოს (აღკვეთოს სისხლისღვრა ან თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კატასტროფა) თუ მას ლიბერალური პრინციპები ამოძრავებს.

„გლობალიზაცია ის სიტყვაა, რომელსაც ჩვენ ყველა მივეჩვიეთ, ამ პროცესმა ბევრი უპირატესობა მოიტანა, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის, ბიზნესის ქონის და სტუდენტებისთვის სხვადასხვა კულტურებიდან განათლების მღების კუთხით. თუმცა პრობლემა ისაა, რომ გლობალიზაციას სახე არ აქვს, ხალხი თავს დაკარგულად გრძნობს და მათ იდენტობების მიხედვით დაჯგუფება დაიწყეს, ეთნიკური, ლინგვისტური თუ სხვა ხაზით. რაც მისაღებია, თუმცა სირთულეებს იქ ვაწყდებით თუ ჩემს იდენტობას შენი სძულს,“ აღნიშნა მან.

ოლბრაიტი ყოფილი ჩეხოსლოვაკი დიპლომატის შვილია. მის ოჯახს, ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოხვედრის შემდეგ, ჯერ ინგლისში იმიგრაცია მოუწია, ხოლო შემდეგ ამერიკაში დევნილის სტატუსით ჩასვლა. თავად როგორც იმიგრანტი, ოლბრაიტი ამერიკის მიერ დევნილების მიღებას ემხრობა და აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის დოლანდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ მიიღოს ლტოლვილები სირიიდან და დროებით აკრძალოს მუსლიმი უმრავლესობის მქონე 7 ქვეყნიდან ვიზიტორების მიღება. გასულ კვირას, ოლბრაიტმა ტვიტერზე დაწერა, რომ ის მზადაა ისლამი მიიღოს მუსლიმი მიგრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.

მე იმიგრაციის ტრაგიკული ისტორია არ მაქვს... ჩვენ როდესაც ამერიკაში ჩამოვედით, ხალხი გვეუბნებოდა, რომ ძალიან წუხან, რომ ჩვენი ქვეყანა საშინელმა სისტემამ ჩაიგდო ხელში და გვეკითხებოდნენ რა შეეძლოთ გაკეთებინათ ჩვენთვის. სწორედ ესაა ის, რაც ამერიკას ძლიერ ქვეყანად ქმნის,
მადლენ ოლბრაიტი


„მე იმიგრაციის ტრაგიკული ისტორია არ მაქვს... ჩვენ როდესაც ამერიკაში ჩამოვედით, ხალხი გვეუბნებოდა, რომ ძალიან წუხან, რომ ჩვენი ქვეყანა საშინელმა სისტემამ ჩაიგდო ხელში და გვეკითხებოდნენ რა შეეძლოთ გაკეთებინათ ჩვენთვის. სწორედ ესაა ის, რაც ამერიკას ძლიერ ქვეყანად ქმნის,“ თქვა მან.

ოლბრაიტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც ის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ლექციებს კითხულობს. მისი თქმით, ის სტუდენტებს ხშირად ეუბნება, რომ იმიგრანტებისა და დევნილებისადმი მსგავს დამოკიდებულებას ნაწილობრივ შიშის ფაქტორი განაპირობებს. მისივე თქმით, ამერიკას უკვე აქვს მექანიზმები იმისთვის, რომ შეამოწმოს მათი მონაცემები, ვინც ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვს. ამიტომ ტრამპის მიერ ინიცირებული „განსაკუთრებული შემოწმების“ პროცედურის საჭიროებას ის ვერ ხედვას.

„მე ვფიქრობ, როდესაც შიშის ფაქტორით მოქმედებ, საშინელი შეცდომებს დაშვებაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, ერაყის ომი შიშის ფაქტორით იყო გამოწვეული. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს - განსხვავებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ტერორიზმის საფრთხე მუდმივია. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან. ამას ჩვენი სადაზვერვო სამსახურები აკეთებენ," თქვა მან და დასძინა, რომ "დევნილები ის ხალხია ვინც ბევრს მუშაობს და ჩვენს ქვეყანაში მათთვის ბევრი ადგილია.“

ოლბრაიტი ამბობს, რომ ტრამპის მიერ ბრძანების გამოცემამდე არ მომხდარა გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების და სააგენტოების მიერ.

„ტრამპის ადმინისტრაცია არ იყო მზად ამ განკარგულებისთვის. არცერთი დეპარტამენტი არ იყო ჩართული ამ პროცესში. ეს კარგად აჩვენებს როგორ მიდიოდა ხელისუფლების გადაცემის პროცესი. ამასთანავე მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების გაუთვალისწინებელი შედეგები - როგორ გვიპასუხებს ერაყის მთავრობა? ჩვენ იქ სამხედროები გვყავს. ეს ცუდად დაგეგმილი ოპერაციაა, რომელმაც ჩვენი ხალხი აღაშფოთა და ასევე ისინიც ვინც [ამერიკაში] ჩამოდიან,“ განაცხადა ოლბრაიტმა.

გარდა საერთაშორისო მოვლენების ზოგადი მიმოხილვისა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცისადმი, ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი "KGB"-ს ყოფილი აგენტია.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკა არ უნდა იყოს აგებული იმაზე, მოწონს თუ არა რუსეთს ვაშინგტონი. ოლბრაიტს თქმით, ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა.

„უნდა გვესმოდეს ისტორია. ქვეყანა [რუსეთი] იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. ის [საბჭოთა კავშირი] ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია როგორ გვემუშავა რუსეთთან. მართალია ვერ შეთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა გაარკვიო რაზე თანხმდები და რაზე არაა... მე [სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას] ელცინს შევხვდი. მან მკითხა თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ თვითონაც გამხდარიყვნენ ნატოს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით ისინი მიგვეღო," განაცხადა ოლბრაიტმა.

ოლბრაიტის თქმით, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას. იყენებს პროპაგანდას რათა მოახდინოს სვადასხვა საკითხებით მანიპულირება და უთანხმოებების გაღვივება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.

„პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას ვინაიდან ისინი [რუსები] არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე," აღნიშნა ოლბრაიტმა.

პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას
მადლენ ოლბრაიტი

ოლბრაიტის განცხადებით, ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს იმ პრინციპით, რომ შესაძლოა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათია ჩამოყალიბდეს.

"მე ვფიქრობ ტრამპის ადმინისტრაციას სურს სანქციების გაუქმება. ასევე არიან ევროპელები, რომელთაც ამ მიმართულებით უნდათ წასვლა. პუტინი და მისი ხალხი ქმნიან დევნილებისგან პრობლემას. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია და ისინი უფრო კარგად აწარმოებენ პროპაგანდას ვიდრე ჩვენ. ისინი სხვა სივრცეში არიან და ჩვენ სხვაში. ბევრმა სხვა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად ბუშმა. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ და არ უნდა წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე,“ ამბობს ის.

კითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება მომავლისადმი, ოლბრაიტმა უპასუხა „ხშირად მეკითხებიან ოპტიმისტი ვარ თუ პესიმისტი. მე ოპტიმისტი ვარ, რომელიც ბევრს ღელავს.“