ალასანიას ვაშინგტონში ვიზიტის მნიშვნელობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე ნატოს გაფართოების თემა წამოწია
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ საჯარო შეხვედრებზე ირაკლი ალასანიამ ნატოს გაფართოების თემა წამოწია, განაცხადა რა, რომ დასავლეთმა ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს თავად უნდა შესთავაზოს და რომ უკრაინაში რუსეთის ქმედების საპასუხოდ ნატომ საქართველოში თავდაცვითი საშუალებები უნდა განალაგოს.

„ჩვენ ვსაუბრობთ წევრობის სამოქმედო გეგმაზე, მაგრამ რეალურად არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს დისკუსიები. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, უკრაინის შემდეგ, ჩვენ საქართველოს და სხვა ასპირანტი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შესახებ უნდა ვმსჯელობდეთ“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრებზე ასევე ისაუბრა ნატოს შემდგომ ქმედებებში შეერთებული შტატების ლიდერობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე და ამერიკელების და ევროპელების ერთიანი პოზიციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ვაშინგტონში, ამ კონფერენციებზე ავხსნათ, თუ რატომ არის დღევანდელი ვითარება განსხვავებული 2008-სგან; რატომ არის დღეს ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც აძლევს შანსს დასავლეთს, რომ საქართველოს გაუღოს დღეს ნატოს კარები ძალიან სწრაფად და ეფექტურად. და ბუნებრივია ამ კონტექსტში ვისაუბრეთ ჩვენც უკრაინაზე და რუსეთის აგრესიაზე და როგორ უნდა იყოს ეს აგრესია შემდგომში უკვე დასავლეთის მხრიდან და ამერიკის მხრიდან უარყოფილი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ალასანია დარწმუნებულია, რომ სექტემბერში დაგეგმილი ნატოს სამიტი საქართველოსთვის შედეგიანი იქნება. თუმცა, უცნობია პასუხი იმაზე, თუ კონკრეტულად რა ფორმით და რა ინსტრუმენტებით მოხდება საქართველოს ინტეგრაციის რეალიზება. თავდაცვის მინისტრის თქმით, ამერიკის ხელისუფლების ყველა რგოლში აშკარად არის გაცნობიერებული, რომ საქართველო ძლიერი, ერთგული და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პარტნიორია, რომელიც აუცილებელია, რომ ევროპულ ოჯახში იყოს.

ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი, ამჟამად ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის მკვლევარი -გეგა მგალობლიშვილიც- მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ალიანსში ინტეგრირების შედარებით უკეთესი შანსები აქვს: „დღევანდელი დებატები კონცენტრირდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთიანი, მთლიანი და მშვიდობიანი ევროპის პროექტის საბოლოოდ განხორციელება. ასე რომ, მე ვთვლი, რომ უკრაინის მოვლენებმა გარკვეულწილად გააძლიერა ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების პოზიციები და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომავალი ნატოს სამიტი სექტემბერში რეალურად იყოს წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გაწევრიანების გზაზე“.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი თვლის, რომ ალასანიას ვიზიტი დროული იყო და მან ძალიან კარგად ჩამოაყალიბა საქართველოს როლი ზოგადად დასავლეთის თავდაცვის სისტემის განმტკიცებაში.

„რა თქმა უნდა მან ისაუბრა ნატოზეც და იმ რეფორმების გატარებაზე, რომელიც ალიანსის სტრუქტურებში სრული ინტეგრაციისათვის არის საჭირო. ის ძალზე დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ საქართველოს საქმიანობა, რომელიც ნატოს და დასავლეთის თავდაცვის საჭიროებებთანაა დაკავშირებული, მას ვირტუალურად უკვე მაპის მონაწილედ ხდის“ - აღნიშნავს რიჩარდ მაილსი.

ენდერს ვიმბუში, ევრაზიის საკითხების ექსპერტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველომ დასავლეთში და კერძოდ ვაშინგტონში საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის ძალისხმევა უნდა გააორმაგოს. თუმცა წუხს, რომ ჯერჯერობით ეს არც ისე ძლიერად და შთამბეჭდავად კეთდება, როგორც სასურველია. მისი თქმით, „მინისტრი ალასანია საქართველოს წარმოჩენაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრია და მან საქმეს თავი საუკეთესოდ გაართვა“.

Your browser doesn’t support HTML5

ალასანიას ვაშინგტონში ვიზიტის მნიშვნელობა