კიბერშეტევები ტერორისტებზე

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ალ-ყაიდას მთავარი ვებ-გვერდი შუმუქა ალ-ისლამი და ასევე ინტერნეტ ფორუმები ჩაკეტილია. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს კიბერშეტევების შედეგია, რომელიც სახელმწიფო სპეცსამსახურებმა განახორციელეს. თუმცა, როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გარი ტომასი იუწყება, აქამდე სადაზვერვო სტრუქტურები ჯიჰადისტების ვებგვერდებს ინფორმაციის წყაროდ იყენებდნენ.

ამერიკის სადაზვერვო და პოლიტიკურ წრეებში უკვე დაწყებულია დებატები, თუ რამდენად ღირს ტერორისტულ ვებგვერდებზე შეტევების განხორციელება.

კონგრესის კვლევითი ცენტრის ეროვნული უსაფრთხოების ანალიტიკოსი ქეთრინ თეოჰარი ამბობს, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირებმა უნდა შეაფასონ ის შესაძლო სარგებელი, რაც ტერორისტული ვებგვერდების დახურვას მოყვება.

„არსებობს სადაზვერვო გათვლა, თუ რა მოგება და რა დანაკარგები შეიძლება მოყვეს ამა თუ იმ კონკრეტული ვებგვერდის დახურვას, რადგან ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას მონაცემების მონიტორინგისა და სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვებისთვის. თუმცა, ასევე უნდა იყოს განსაზღვრული თუ რა რისკები შეიძლება ახლდეს ამა თუ იმ ვებგვერდის არსებობას.“

თეოჰარის თქმით, ვებგვერდები ასევე წარმოადგენენ სადაზვერო ღირებულებას ანტიტერორისტული უწყების ოფიცრებისთვის.

„ამით თქვენ შეგიძლიათ, გაიგოთ ამა თუ იმ მიმართულების ტენდენცია. ასევე გაიგოთ თუ რა სახის ოპერაციების დაგეგვმას აპირებენ“

დაზვერვის საკითხების მკვლევარი მეთიუ აიდი ამბობს, რომ 2007 წელს ბუშის ადმინისტრაციამ თალიბანის ვებგვერდების დახურვა გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ ამით თალიბები ექსტრემიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ. თუმცა, ამ ნაბიჯს სადაზვერვო თანამეგობრობა მკვეთრად შეეწინააღმდეგა.

„სადაზვერო თანამეგობრობის პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ უნდა დაგვეხურა ეს ვებგვერდები, რადგან ამით ჩვენ ვღებულობდით ბევრ ინფორმაციას თალიბანის შესახებ, ვიგებდით მათ შესაძლებლობებს, განზრახვებს და ასევე ვახორციელებდით მონიტორინგს. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში სადაზვერვო თანამეგობრობის პოზიცია პრივილეგირებული იყო,“ - ამბობს მეთიუ აიდი.

თუმცა, სხვა ანალიტიკოსები განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებენ. პროფესორი ჯონ არქილა თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსია.

მისი თქმით, ჯიჰადისტური ინტერნეტსაიტებიდან შეგროვებებული ინფორმაცია არც თუ ღირებულია. მისი აზრით, ტერორისტების საიტებზე კიბერშეტევის განხორციელება კარგი ტაქტიკაა, რადაგანაც ამას ალ-ყაიდასა და მის მოკავშირე ჯგუფებში დაბნეულობა და დაეჭვება შეაქვს.

„მე მსურს, გაქრეს იმის შეგრძნება, რომ ჩვენს მტერს ვირტუალურ სივრცეში თავისუფლად შეუძლია მოქმედება. მე მსურს ისინი ფიქრობდენ, რომ მათ უსმენენ და უყურებენ. ასევე ისინი უნდა ფიქრობდნენ, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთში უსაფრთხო კომუნიკაცია და სინამდვილეში ეს ასე არ იყოს. ამდენად, ჩვენ მათ გონებაში უნდა შევქმნათ ძლიერი დაეჭვების საფუძველი,“ - ამბობს ჯონ არქილა.

ამ ყველაფრის განხორციელება კი ზესაიდუმლო ორგანიზაცის - ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პრეროგატივაა, სადაც ელექტრონული დაზვერვის სტრუქტურაა შექმნილი.

თუმცა არსებობს მოსაზრება რომ ეს ოპერაცია სამთავრობო უწყების გარედან განხორციელდეს. მეთიუ აიდი ფიქრობს, რომ ვებგვერდის დახურვის ტექნოლოგია არც თუ ისე რთულია.

„შეთავაზების მიხედვით, ეს უნდა იყოს ამერიკის მთავრობის შთამბეჭდავი ოპერაცია, როდესაც ყველა ვებგვერდზე ერთდროულად და ეფექტურად განხორციელდება შეტევა.

თუმცა, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ისეთი ჯგუფებსაც როგორიცაა“ანონიმი“ გააჩნია კიბერნეტიკული ომის წარმოებოების ისეთივე შესაძლებლობები, როგორც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს,“ - ამბობს აიდი.

ჯერჯერობით ჯიჰადისტების ვებგვერდების დახურვაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებების მაღალჩინოსნები კომენტარზე უარს აცხადებენ.