რა იქნება ალ-ავლაკის შემდეგ

რა იქნება ალ-ავლაკის შემდეგ

იემენში ალ-ყაიდას ერთერთი ხელმძღვანელის ალ-ავლაკის განადგურების შემდეგ მრავალი კითხვა წარმოიშვა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გარი ტომასი არკვევდა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი შეფის მაიკლ ჰეიდენის განცხადებით, ანვარ ალ-ავლაკის სიკვდილი მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა ის ვერ შეედრება ოსამა ბინ ლადენის განადგურების მნიშვნელობას. მისი თქმით, ალ-ავლაკის მკვლელობით არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ყაიდას დიდი ოპერატიული დარტყმა ვერ მიადგება.

„ეს დიდი საქმეა. თუკი თქვენც ისევე ჩათვლით, როგორც მე, ყველაზე სერიოზული საფრთხე ეს არის თვითრადიკალიზაცია. მისი ჩამოშორება გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, რადგან ის იყო სულისჩამდგმელი პიროვნება. თუმცა, ეს დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს ალ-ყაიდას, რადგან ის არ იყო ბინ ლადენის მასშტაბის ფიგურა,“ - ამბობს ჰეიდენი.

უნაკლო ინგლისურის წყალობით, ამერიკაში დაბადებულ ისლამისტ სასულიერო პირს შეეძლო დაკავშირებოდა დასავლეთში მცხოვრებ ახალგაზრდა მუსლიმებს და ისინი შეტევების განხორციელებაში დაერწმუნებინა. თუმცა ჰეიდენი ფიქრობს, რომ ავლაკს შეერთებულ შტატებში იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე სინამდვილეში თავად წარმოადგენდა.

„ის იყო ამერიკელი. მან იცოდა ჩვენი ჟარგონები და იცოდა ჩვენი კულტყურა. შეეძლო აქ ადამიანებთან ურთიერთობა. ჩვენთვის უფრო ადვილი იყო მისგან მომდინარე საფრთხის გაგება, რადგან ვიცოდით ვინ იყო და ვიცოდით მისი წარმომავლობაც,“ - დასძენს ჰეიდენი.

კერძო სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანიის - სტრატფორის ანალიზის მიხედვით, არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედ ალ-ყაიდაში ალ-ავლაკი არ განიხილებოდა ჯგუფის ლიდერად. ამ დაჯგუფების ლდერი ნასირ ალ-ვაჰაიშია. ავლაქი ასევე არ წარმოადგენდა რელიგიურ ლიდერს.

თუმცა, ამერიკის ეროვნული ანიტიტერორისტული ცენტრის ყოფილი შეფი მაიკლ ლეიტერი ავლაკის როლის ასეთ შეფასებას არ ეთანხმება. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ავლაკი არაბეთის ნახევარკუნულზე მოქმედი ალ-ყაიდას ოპერაციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის ავლაკის მოქმედებებში გამოყოფს 2009 წლის 25 დეკემბერს დეტროიტის ავიარეისის აფეთქების მცდელობას და ასევე შეერთებული შტატების მიმართულებით სატვირთო თვითმფრინავების აფეთქების განზრახვას. მისი აზრით, ავლაკის სიკვდილი არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედ ალ-ყაიდას, როგორც იდეოლოგიურ, ასევე ოპერატიულ დარტყმას მიაყენებს.

„მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ოპერატიული თვალსაზრისით, ასევე იდეოლოგიურ ფრონტზე. პირველი და უმთავრესი ის არის, რომ ავლაკი არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედ ალ-ყაიდაში საგარეო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. მან დაგეგმა შეტევები შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომლებიც ჩავარდნენ. ეს იყო ტერაქტის მცდელობა შობა დღეს და ორი სატვირთო თვითმფრინავის დანაღმვა. ამდენად მისი დანაკარგი ალ-ყაიდასთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ლეიტერი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ავლაქის სიკვდილის შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ყაიდა გადაჯგუფებას შეეცდება. ლეიტერის თქმით, ბინ ლადენის მსგავსად ავლაქი ცდილობდა, რომ ალ-ყაიდას შეტევები დასავლეთის ტერიტორიაზე გადაეტანა. ახლა კი ალ-ყაიდა იემენის ადგილობრივ სამიზნეებზე გახდება ფოკუსირებული. მისი თქმით, ამჯერად ალ-ყაიდა მისი შემცვლელის პოვნას შეეცდება, რომელიც დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმებზე მოახდენს გავლენას. ლეიტერი მუთითებს, რომ ალ-ყადას ყავს სხვა ინგლისურენოვანი იდეოლოგებიც, რომლებიც დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმუთა განწყობების რადიკალიზებას შეეცდებიან.

ავლაკის ბოლო სტატია, სახელწოდებით „შთაგონება“ ივლისში გამოქვეყნდა. ის ეძღვნება ოსამა ბინ ლადენის ხსოვნას. ასევე სტატია შეიცავს ლექსს, რომელიც ეძღვნება გუანტანამოს ციხეში დაკავებულებს და ინსტრუქციას ავტომატური შაშხანის აკ-47-ის გამოყენების შესახებ.