“აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს”,- ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამის შესახებ მედეა ტურაშვილი წერს, სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე.
თამარ მეარაყიშვილი ახალგორში ცხოვრობს. მას დე–ფაქტო ადმინისტრაციისგან უკვე მეცხრე თვეა გადაადგილების უფლება აქვს ჩამორთმეული და გამუდმებით უხდება პროკურატურასა და სასამართლოში საკუთარი სიმართლის მტკიცება. ტერიტორიაზე, სადაც ეფექტიან კონტროლს რუსეთი ახორციელებს, სადაც ადამიანის უფლებების მონიტორინგისთვის არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უშვებენ, უკიდურესად რთულია ამტკიცო, რომ სადაც დაიბადე, სადაც შენი სახლია, იქ ცხოვრების უფლება ნამდვილად გაგაჩნია. დე–ფაქტო ადმინისტრაცია, იმის გამო, რომ მას დისკომფორტი ექმნება თამარ მეარაყიშვილის სამოქალაქო აქტივიზმის გამო, ცდილობს ის აიძულოს ახალგორი დატოვოს და საცხოვრებელი სხვაგან ეძიოს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თამარ მეარაყიშვილი სახალხო დამცველმა ვაცლავ ჰაველისა და გაეროს ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. ამის თაობაზე ჩვენთან მედეა ტურაშვილმა, სახალხო დამცველის მრჩეველმა ისაუბრა: „გაეროს ადამიანის უფლებათა პრემია და ვაცლავ ჰაველის პრემია ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო პრიზებია. ის გადაეცემა ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებათა დაცვაში. სოლიდურ ფულად ჯილდოსთან ერთად, ეს მოიაზრებს მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებასაც. ჩვენთვის, ამ კუთხით, განსაკუთრებით საინტერესო იყო თამარის წარდგენა. საერთაშორისო ორგანიზაციების: ევროსაბჭოს, გაეროს ინფორმირება თამარის შესახებ, ცნობადობის გაზრდა მისი საქმიანობის თაობაზე, ვფიქრობთ, მას, ასევე გარკვეული უსაფრთხოების გარანტიასაც შეუქმნის.“სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა ნათქვამია, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს მისი და მისი ოჯახის უფლებების დასაცავად: „ჩვენ ვთვლით, რომ სახელწიფო უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მეარაყიშვილის ოჯახის უფლებების დაცვის საქმეში, მათ შორის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც გულისხმობს ფინანსურ მხარდაჭერასაც,“– გვეუბნება მედეა ტურაშვილი.
“მეგობრებო, მადლობა ყველას ვინც დამეხმარა. ერთ თვეში შეგროვილი თანხით ადვოკატის ჰონორარის მესამედი გავისტუმრე. ასევე სხვა ხარჯები, რაც სასამართლოსთანაა დაკავშირებული. 9 თვე შესრულდება მალე რაც ფაქტიურდ ტყვეობაში ვარ. ორი ს/ს საქმეა აღძრული ჩემზე, ორივე შეთითხნილი ბრალდებით. მიზანი - გაძევებაა ჩემი რაიონიდან . თავისუფალი გადაადგილების შემთხვევაში ასე არ გამიჭირდებოდა. გთხოვთ დახმარებას, რომ გავაგრძელო თავის დაცვა. დამეხმარებით, თუ გააზიარებთ,”- ეს განცხადება თამარ მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში 26 აპრილს გამოაქვეყნა. სამოქალაქო ატივისტის ცხოვრება დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში რთული არა მხოლოდ იმის გამოა, რომ მასზე ფსიქოლოგიური წნეხი ხორციელდება და მისი საქმიანობის დაბლოკვას ცდილობენ, არამედ იმიტომაც, რომ უფლებების სადარაჯოზე დგომას გარკვეული თანხები სჭირდება. თამარის ერთადერთი შემოსავალი იმ ბროშების გაყიდვიდან მიღებული თანხაა, რომელსაც საკუთარი ხელით ამზადებს და სტუდენტ შვილს თბილისში ატანს რეალიზაციისთვის. ეს სახსრები კი სრულიად არასაკმარისია იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაფარო ადვოკატის მომსახურების ხარჯი, მეორეს მხრივ კი თავი გაიტანო და სტუდენტი შვილისთვის ბინის ქირასაც გაწვდე თბილისში. ამიტომაც, თამარი მუდმივად საჭიროებს ფინანსურ თანადგომას რიგითი მოქალაქეების მხრიდან.
ამერიკის ხმას თამარ მეარაყიშვილი ახალგორიდან ესაუბრა: „ჩემს წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იმ მოტივით, თითქოსდა მე გაყალბების გზით ავიღე პასპორტი. ეს თუ დადასტურდა, უკვე აქაური კანონის ძალით იძულებულს გამხდიან ახალგორი დავტოვო. ეს საკითხი გავასაჩივრე პროკურატურაში, სადაც გამომძიებელს ვუთხარი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფლობს ორივე პასპორტს: სამხრეთ ოსეთურსაც და საქართველოს პასპორტსაც და ვკითხე, სხვების მიმართაც თუ აპირებთ საქმის აღძვრას–მეთქი. მან მიპასუხა, არ ვიცი, ამას მე არ ვწყვეტო. ეს პასუხი ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ ისინი კანონის მიხედვით კი არ მოქმედებენ, არამედ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ გამხადონ იძულებული დავტოვო ახალგორი. მე კონკრეტული სახელები და გვარებიც დავასახელე, მათ შორის ოსური ადმინისტრაციის იურისტი და პროკურატურის გამომძიებლის და. ასევე პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავის ვიზიტებს თბილისში სოციალურ ქსელებშიც არ მალავს“,– გვეუბნება თამარი.
რამდენიმე დღის წინ ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაციამ განაცხადა იმის თაობაზე, ეთნიკურობის ნიშნით ადამიანების დევნას არ აპირებენ და ეთნიკური ქართველების მიმართაც ისეთივე დამოკიდებულება ექნებათ, როგორც სხვების მიმართ. ამავდროულად ითქვა ისიც, რომ პასპორტებს ჩამოართმევენიმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთურ პასპორტს ფლობს. თამარ მეარაყიშვილის მიმართ აღძრული ს/ს მეორე საქმე მიზნად ისახავს მისი სამხრეთ ოსეთის პასპორტი გაუქმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ოფიციალურად აუკრძალავენ ცხოვრებას ახალგორში ან დააყანებენ არჩევანის წინაშე: მხოლოდ თბილისი ან მხოლოდ ახალგორი.
თამარ მეარაყიშვილს არც დევნილის სტატუსი აქვს და არც სახლი სხვაგან, გარდა ახალგორისა. ის ამ დრომდე ერთადერთი სამოქალაქო აქტივისტია დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და თავის საქმიანობას უკიდურესი ზეწოლის პირობებში აგრძელებს.