ჩორჩანას ლაბირინთი

წაღვლი-ჩორჩანას მიმდებარედ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას წარმოადგენს, რუსმა მესაზღვრეებმა დამატებითი ფართი მიისაკუთრეს. მძიმე ტექნიკა ამ ადგილებში, ცვალებადი სიხშირით, გასული წლის 31 აგვისტოს შემდეგ მუშაობს. ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე „საქართველოს კონტროლირებულად“ იყო მიჩნეული, რამდენიმე რუსული საგუშაგო განთავსდა, მოეწყო მისასვლელი გზები, რომლის ნაწილიც შეიღობა. ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე რუსული სამხედრო ძალის მიერ წარმოებული სამუშაოების კონკრეტული მოცულობის შესახებ ცნობები მწირია, რადგან აქ გადაადგილების უფლებას ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შსს უკრძალავს.

საინსტალაციო სამუშაოების განახლება რუსმა ჯარისკაცებმა ჩორჩანასთან ძველით ახალ წელს დაამთხვიეს. ამის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა. პოლიცია წაღვლი-ჩორჩანას მიმდებარე ტყეში ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ გადაადგილებას უზღუდავს, თუმცა ისინი დრონით მუშაობას მაინც ახერხებენ. სწორედ მათ შეძლეს იმ ვიზუალური მასალის მომზადება, რაც ცხადყოფს, რომ რუსული ძალები ღობავენ ტერიტორიას, რომელიც 2008 წლის შემდგომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, ფაქტობრივად არსებული მდგომარეობით, საქართველოს კონტროლირებულ სივრცეს წარმოადგენდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული საგუშაგო, რომელიც აქ გასული წლის ზაფხულის მიწურულს გაიხსნა, საფრთხის ქვეშაა და მას შემდგომ, რაც გაზაფხულზე ბუნებრივი პირობები ამის შესაძლებლობას შექმნის, ის ოკუპაციის ქვეშ მოექცევა. ისინი ხელისუფლებისგან პრევენციული ზომების გადაუდებელ გატარებას მოითხოვენ.

Your browser doesn’t support HTML5

მოძრაობა "ძალა ერთობაშია", ჩორჩანას ტყის კადრებს ავრცელებს

14 იანვარს პოლიციას ჩორჩანასკენ მიმავალ გზაზე ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, თუმცა ხმამაღალ საუბარს შემთხვევა არ გაცდენია. პოლიციამ არც მათ მისცა გზის გაგრძელების უფლება იმისთვის, რომ ვითარება ადგილზე, საკუთარი დაკვირვების შედეგად შეეფასებინათ. ჩორჩანას მიმდებარედ გადაადგილება ჟურნალისტებისთვისაც შეზღუდულია, თუმცა პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მდგომარება კონტროლს ექვემდებარება და ადგილზე სიწყნარეა. ამის თაობაზე, შსს-ს წარმომადგენელმა კობა ცერცვაძემაც განაცხადა: „ამჟამად უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები არ მიმდინარეობს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფების ჩორჩანასა და წაღვლის მოსახლეობის უსაფრთხოება, მათი მშვიდობიანი ცხოვრება და თავისუფლად გადაადგილება სრულადაა უზრუნველყოფილი შსს-ს მიერ.“

უსაფრთხოების სამსახური, ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ „უკანონო ინსტალაციების“ განთავსების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული. ერთადერთი ბერკეტი, რაც უსაფრთხოების სამსახურს აქვს რეაგირებისთვის, ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებია, თუმცა ეს ფორმატი, ამ ეტაპზე, შეწყვეტილია. ოსური მხარე მასზე დასწრებაზე უარს ამბობს, „რადგან ჩორჩანასთან ქართული საგუშაგო ჯერ კიდევ დგას“.

„ტერიტორიები, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლისა და ბერკეტების ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა. ესაა დიპლომატიური გზა. კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების გზა. მე არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, დავუბრუნოთ პოლიტიკური დატვირთვა... ჩვენ გვაქვს მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტები, მხოლოდ მშვიდობიანი გზა. უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც არსებობს დედამიწის ზურგზე და ვიყენებთ მაქსიმალურად. ამაზე, შედეგები რომ ვთქვათ, რომ ადგილზე ბერკეტები ახლავე ადგილზე გამოვიყენოთ, ეს არის ის გზა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით, რადგან ეს არის დაძაბულობის, ესკალაციის და კიდევ უფრო მძიმე სიტუაციის გზა“,- სიტყვა-სიტყვით, ასეთია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება ჩორჩანას მიმდებარედ შექმნილი ვითარების თაობაზე.

იმედითა და ოპტიმიზმითაა განმსჭვალული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე: „საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე არავითარ დათმობაზე არ წავა თავისი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე... ეს ყველაფერი წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან. რუსეთის ფედერაციას მოუწევს უარი თქვას ოკუპაციაზე და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს, ეს მავთულხლართების კედლები თანდათან უფრო და უფრო შეუთავსებელი გახდება თანამედროვეობასთან და დაიშლება. ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობის ხიდებს აფხაზებთან, ოსებთან, საქართველო გაერთიანდება“.

ჩორჩანას ქართული საგუშაგო პრინციპის საკითხად აქცია დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და მზადაა მას ახალგორში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწიროს. ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია. ინფორმაცია ვრცელდება უკვე ერთი ათეული ადამიანის შესახებ, ვინც ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. ოკუპირებულ დაბაში შესვლა და გამოსვლა შეუძლებელია და ის მოქალაქეები, ვინც მხოლოდ ქართული პენსიით საზრდოობდა, შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. ბიბილოვის რეჟიმი მათ აიძულებს დარჩნენ გადაადგილების უფლების გარეშე ან დატოვონ საკუთარი სახლები სამუდამოდ.

Your browser doesn’t support HTML5

ანატოლი ბიბილოვს ქართულად მიმართეს.


ამის თაობაზე ბიბილოვმა თავად ისაუბრა ახალგორელებთან შეხვედრაზე, სადაც ადგილობრივებს, ვინც უმწეობისგან ტიროდა და შველას ითხოვდა, პირდაპირ მოსთხოვა ჩორჩანას ქართული საგუშაგოს აღება. ამერიკის ხმას ახალგორელმა აქტივისმა თამარ მეარაყიშვილმაც (ვინც ასევე მძევალი და ტყვეა ახალგორში) დაუდასტურა, რომ ბიბილოვი ადგილობვრივებს აიძულებს პრემიერ გახარიასადმი წერილის გაგზავნას, რითაც ჩორჩანას საგუშაგოს აღება უნდა მოითხოვონ იმისთვის, რომ მათ გადაადგილების უფლება მიიღონ. ახალგორში, ჰუმანიტარული კრიზისის უმწვავეს პირობებში მყოფი მოსახლეობა ბიბილოვის ულტიმატუმს ამ დრომდე არ თანხმდება.