2012 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა პატიმარი, რომელიც პანკისში მებრძოლთა მომზადების ბრალდებით იხდიდა სასჯელს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანს, აჰმედ ჩატაევს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს თურქეთში, ათა თურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან. ამის შესახებ, თურქული გამოცემა Yeni Safak –ზე დაყრდობით, ინფორმაცია როიტერსმა გაავრცელა. ოპოზიციამ დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაადანაშაულა ბრალდებულის გათავისუფლებაში. თავის მხრივ, კი მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაში 2012 წლისთვის პროკურატურა შედიოდა, განაცხადა, რომ იგი არ იყო ჩატაევის გათავისუფლების მომხრე და რომ ეს საქმე პატიმრის გათავისუფლებით მაშინდელი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილების გამო დასრულდა.
ამერიკის ხმასთან ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ჩატაევი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გაგზავნა მოსალაპარაკებლად პანკისში ორ ოფიციალურ პირთან ერთად. მოლაპარაკებაზე გაგზავნილი სამი პირიდან კი მხოლოდ ორი დაბრუნდა უკან და მათ შორის ჩატაევი არ ყოფილა. ლაფანყურში ჩატარებული სპეც–ოპერაციის შემდეგ ჩატაევი საქართველოს ციხეში აღმოჩნდა, თუმცა მისი უფლებების დაცვისთვის არამხოლოდ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მობილიზდა, არამედ სახალხო დამცველის უწყებაც. სხვათა შორის, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხი ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჟღერდა. მამუკა არეშიძე ამბობს: „ჩვენ მოგვდიოდა ხმები იმის თაობაზე, რომ ის მონაწილეობდა ჩეჩენი ახალგაზრდების ჩამოყვანის პროცესში ევროპიდან საქართველოში. რა ფორმით მონაწილეობდა, ჩვენ ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდებოდა. 2012 წლის აგვისტოში, ლაფანყურის მოვლენების ჟამს, ჩატაევი გამოძახებულ იქნა საქართვლოს სპეცსამსახურების მიერ და მოლაპარაკებისთვის იქნა გაგზავნილი ლაფანყურში სხვა ორ პიროვნებასთან ერთად. ის ორივე პიროვნება გახლდათ სპეცსამსახურების ოფიციალური თანამშრომელი. მოლაპარაკების პროცესში ის ორი გამობრუნდა უკან, ჩატაევი კი დარჩა. იქ დაიჭრა შეტაკების დროს. ჩვენ არ ვიცით, ის შეტაკებაში უშუალო მონაწილეობას იღებდა, თუ დაიჭრა შემთხვევითი ტყვიით. ასე იყო თუ ისე, ჩატაევი ცხრა დღის განმავლობაში იმალებოდა ხევში, ამან გამოიწვია ჭრილობის გამიზეზება, რაც შემდეგში დასრულდა იმით, რომ ჩატაევს ფეხი მოჰკვეთეს. ციხეში ის სრული ინვალიდი იყო, ცალი ხელი და ცალი ფეხი არ ჰქონდა. შემდგომ შეიცვალა ხელისუფლება საქართველოში და გაგრძელდა ჩატაევის საქმის გამოძიება. მას ბრალად ედებოდა მებრძოლების, ეგრეთ წოდებული „ბოევიკების“ მომზადება. შემდგომში, რატომღაც მოუხსნეს ეს ბრალდება და გაათავისუფლეს სასჯელისგან“.
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ ბრალდების საფუძვლების არარსებობის გამო გაათავისუფლა: „მისი გათავისუფლება მოხდა ბრალდების საფუძვლების არარსებობის გამო – ეს ერთი და მეორეც: მან 2013 წელს დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამიტომ, მასზე ჩვენ ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ფაქტია ის, რომ თუკი ჩატაევი მონაწილეობს ამ ტერაქტებში და გამოძიებამ ეს დაადგინა, ცხადია ჩვენ არანაირი შეხება და კავშირი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს.“
რა მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა წულუკიანს, თუ იგი ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი მართლაც იყო 2012 წელს, ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ მოსაზრება შეგვიძლია შემოგთავაზოთ: „მასალები იცოდა წულუკიანმა და ამიტომაც ამიტომაც არ იყო მომხრე მისი გათავისუფლების. მე ვერ ვიტყვი ამის თაობაზე ვერაფერს, რადგან მასალებზე ხელი ჩვენ არ მიგვიწვდება. მე ვრცლად გესაუბრეთ ჩატაევის შესახებ, რადგან, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ვიღაც ან რაღაც ძალები მას მუდმივად მფარველობდენ. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რუსეთშიც, ევროპაშიც და თურქეთშიც კი (ის საკმაოდ აქტიური მებრძოლი იყო ჩეჩნეთის მეორე ომში. ის გახლდათ ახალგაზრდა, მაგრამ მაინც ისმოდა მისი სახელი. ჩატაევი დაპატიმრებული იყო რუსეთის ფედერალური ძალების მიერ. ჩვენ ვიცოდით, რომ ციხეში სასტიკად აწამეს. იმდენად, რომ ხელი დაკარგა. შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩატაევი ციხიდან გაიქცა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მისი გაქცევა დაუშვეს. რატომ გაუშვეს რუსებმა? – ეს უცნაური ამბავია, როგორც წესი, რუსები ციხიდან ასეთ პატიმრებს არ უშვებენ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული სასჯელის მისჯის გარეშე. ამის შემდგომ ამ ახალგაზრდამ თავი ამოჰყო ევროპაში, გახდა ავსტრიის მოქალაქე და დაიწყო მისი დაპატიმრებების სერია. დააპატიმრეს ჯერ შვედეთში, შემდეგ ბულგარეთში, ორივე შემთხვევაში იარაღის ტარების გამო, იარაღის გადატანის გამო. ორივე შემთხვევაში მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით მწვავე რეაქციას ჰქონდა ადგილი ევროპის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. ორივე შემთხვევაში გაუშვეს დამკავებლებმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მესამეჯერ ის 2010 წელს დააკავეს უკრაინაში. აი, აქ უკვე უცებ, ჩაერია საქართველოს ხელისუფლება და გაათავისუფლეს, უფრო სწორად, გამოდმოსცეს საქართველოს. საქართველოს ხელისუფლების ჩარევის მოტივაცია იყო ის, რომ თითქოს ჩატაევს ჰყავდა ნათესავები საქართველოში. ეს ასე არ ყოფილა, თუ ძალიან შორეულ ნათესავს არ გავასაღებთ ოჯახის წევრად. მას საქართველოში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდა, ის ახლოს კონტაქტობდა როგორც ქართულ სპეცსამსახურებთან, ისე პანკისში მყოფ ადამიანებთან).
2013 წლიდან უკანასკნელ პერიოდამდე ჩატაევი თურქეთში ცხოვრობდა. მამუკა არეშიძის ცნობით, მან ისლამური სახელმწიფოს იმამის პოზიციას მიაღწია.
აჰმედ ჩატაევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მან ერთი ხელი რუსეთში პატიმრობაში ყოფნისას დაკარგა, ერთი ფეხი კი საქართველოში.