ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილების მიუხედავად, რომ ირანელებს თავი შორს დაეჭირათ ამერიკული სამხედრო გემებისგან, ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ირანის საზღვაო სამხედრო ნაწილები გააგრძელებენ თავიანთ რეგულარულ მისიებს სპარსეთის ყურეში. ამ ინფორმაციას სააგენტო ISNA ავრცელებს.
"ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ქვედანაყოფები სპარსეთისა და ომანის ყურეში გააგრძელებენ თავიანთ რეგულარულ მისიებს პროფესიული პრინციპების შესაბამისად, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა" - იუწყება სააგენტო უცნობ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.
ამერიკამ ირანის საზღვაო ქვედანაყოფები მას შემდეგ გააფრთხილა, რაც გასულ თვეს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ნებისმიერს, ვინც ამერიკულ საზღვაო ხომალდებს შეავიწროვებს, ცეცხლს გაუხსნიდნენ.
ბაჰრეინში ბაზირებული სამხედრო-საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ განცხადება გაკეთებულია "უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ორაზროვნების შემცირებისა და შეცდომების რისკის შემცირების მიზნით."
განცხადების გაკეთება გასული თვის ინციდენტის შემდეგაც გახდა საჭირო. აპრილში, 11 ირანული ხომალდი ყურეში აშშ-ის საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის გემებს მიუახლოვდა, რასაც აშშ-ის სამხედროებმა "საშიში და პროვოკაციული" ქცევა უწოდეს. თეირანი ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ გრძნობს.