ავღანეთში 88 განსასჯელის საქმე განიხილეს

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 72 ადამიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება. მათ შეერთებული შტატები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშ დამნაშავეებად თვლის. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ოფისის მიერ გავრცელებული ცნობით, მათ 88 განსასჯელის საქმე განიხილეს და აქედან ძიებაში მხოლოდ 16 ბრალდებულის საქმეს დატოვებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობებში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას შეიტანს. ავღანეთი ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას აჭიანურებს, რომელმაც 2014 წლის შემდეგ ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა უნდა განსაზღვროს.

გასულ კვირას ავღანეთიდან დაბრუნებული ამერიკელი სენატორების ჯგუფი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დიდ დაღს დაასვამს. მათი თქმით, 88 ადამიანი კოალიციის 60 წევრის და 57 ავღანელის მკვლელობაშია ბრალდებული.