ავღანეთში ნატოს ახალი მეთაური

გენერალი დანფორდი, სავარაუდოდ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ნატოს კოალიციის უკანასკნელი მეთაური იქნება

Your browser doesn’t support HTML5

ავღანეთი

ავღანეთში ნატოს შტაბბინაში მეთაურის შეცვლის ცერემონიალს ავღანელი მაღალჩინოსნები და უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა ცერემონიალზე შეკრებილი საზოგადოება და მათ შორის მისი წინამორბედი - აისაფის ყოფილი მეთაური გენერალი ჯონ ალენი დაარწმუნდა იმაში, რომ კოალიცია გააგრძელებს ავღანეთში მისიის წარმატებით განხორციელებისკენ მიმდინარე ძალისხმევას.

„მე გავაგრძელებ მიმდინარე კამპანიას და ავღანელი ხალხის მხარდაჭერას მათ მიერ ნათელი მომავლის აშენების გზაზე. დღეს ჩვენ ერთ მეთაურს ვემშვიდობებით და მეორეს დანიშვნას აღვნიშნავთ. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი დღე ცვლილების დღე არ არის. ამ კოალიციის ნება უცვლელი რჩება.“

გენერალი დანფორდი სავარაუდოდ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ნატოს კოალიციის უკანასკნელი მეთაური იქნება. ავღანეთში ომი უკვე 11 წელია მიმდინარეობს. ამერიკელი გენერალი ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანას უხელმძღვანელებს. 2014 წლის დეკემბერში ნატოს საბრძოლო მისია მთავრდება და ქვეყნიდან საბრძოლო დანაყოფები გაყვანილი უნდა იქნენ.

გენერალმა ალენმა, ნატოს ძალების მეთაურის თანამდედობაზე ყოფნის დროს განცხადება გააკეთა, სადაც ავღანეთის მომავალთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა. მისი თქმით, ქვეყანაში მიღწეული პროგრესი იმის იმედს იძლევა, რომ ავღანეთი სწორი გზით განვითარდება. მან ყურადღება გაამახვილა ავღანეთის უშიშროების ძალების მნიშვნელობაზე მიღწეული პროგრესის შენარჩუნებაში. მიმდინარე წლის ზაფხულში ავღანეთის მთლიან ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას ავღანეთის ჯარი აიღებს. ალენის თქმით:

კარგად გაწვრთნილი ავღანური ჯარი, რომელიც ახლა ყალიბდება, თალიბების მეამბოხე მოძრაობას დროთა განმავლობაში დაამარცხებს. ავღანეთის ჯარი საკუთარ ხალხს დაიცავს და მთავრობას საშუალებას მისცემს ხალხს მოემსახუროს. აი ეს იქნება გამარჯვება.“

გენერალმა ასევე განაცხადა, რომ ავღანეთი აღარ წარმოადგენს იმ ქვეყანას, სადაც მეზობელი ქვეყნები საკუთარი სამხედრო გავლენის დამყარებას ცდილობდნენ. მისი თქმით, ავღანეთი აღარ წარმოადგენს ასეთ ქვეყანას:

„მე მჯერა, რომ 10 წელში ავღანეთი აღარ იქნება იმპერიებს შორის გასაყოფი ტერიტორია. ასევე მწამს, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქნება ტერორისტების თავშესაფარი, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს სასტიკად ავიწროებენ."

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ცერემონიალს არ დაესწრო, მიუხედავად ოფიციალური მოწვევის მიღებისა.