ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატები

არჩევნების წინ თალიბანის გააქტიურების პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა უდიდესი გამოწვევაა

Your browser doesn’t support HTML5

ავღანეთი


მიუხედავად იმისა, რომ 5 აპრილს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებულ კანდიდატთა სიამ წერტილი დაუსვა კვირების განმავლობაში მიმდინარე მსჯელობას იმაზე, თუ ვინ აპირებდა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ჩანაცვლებას, საკონკურენტო ბრძოლის ველზე არაფერია გარკვეული და არც ლიდერია გამოკვეთილი.

რამდენიმე გამოჩენილი ავღანელი იყო, მათ შორის, ვინც კვირას, რეგისტრაციის კამპანიის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, სხვა კანდიდატებთან ერთად შეიტანა განაცხადი ქაბულის დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიაში.
მათ შორისაა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ზალმეი რასული, ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ ღანი აჰმადზაი, რომელიც ზედამხედველობას უწევდა ნატოს ძალებიდან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაცემას, და ქაიმ კარზაი, ავღანეთის პრეზიდენტის უფროსი ძმა.

კვირას, საკანდიდატო განაცხადის შეტანის შემდეგ, რასული ჟურნალისტებს ესაუბრა.

მან თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში თავის გუნდთან ერთად იმუშავებს ავღანეთში მეტი პროგრესისთვის, იმ ისტორიული მიღწევების დასაცავად, რაც ქვეყანამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მოიპოვა, უზრუნველყოფს კარგ მმართველობას და ქვეყნის ლეგიტიმური ეკონომიკის სტაბილურობას.

ღანიმ, რომელიც ეროვნებით პაშტუნია და 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა, პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, დამარცხებულ კანდიდატებს თავის მთავრობაში შეიყვანს.

ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემა სხვა არჩეულ ჯგუფზე, ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდება და იწინასწარმეტყველა საკუთარი გუნდის გამარჯვება, რადგან ავღანეთს ცვლილებები სჭირდება.

კონსტიტუცია უკრძალავს პრეზიდენტ კარზაის კენჭი იყაროს ზედიზედ მესამე ვადით. მან პირობა დადო, რომ მომავალ არჩევნებზე მიუკერძოებელი იქნება, თუმცა ადგილობრივ პრესაში ჩნდება ხმები, რომ ხელისუფლებაში მყოფი ავღანელი ლიდერი მხარს დაუჭერს თავის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ზალმეი რასულს.

სხვა წამყვანი კანდიდატები არიან: ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა, რომელიც 2009 წლის არჩევნებში, პრეზიდენტ კარზაის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა, და კანონმდებელი აბდულ რაბ რასულ საიაფი, ეროვნებით პაშტუნი, გავლენიანი რელიგიური სწავლული.

აპრილის არჩევნები, ავღანეთის პირველი დამოუკიდებელი არჩევნებია პირდაპირი უცხოური მხარდაჭერის გარეშე და ხდება იმავე წელს, როცა სამხედრო კოალიცია ამერიკის მეთაურობით დაასრულებს ქვეყანაში საბრძოლო მისიას.

ბევრს მიაჩნია, რომ თალიბანის გააქტიურების პირობებში, არჩევნების წინ უსაფრთხოების უზრუნველყოფა უდიდესი გამოწვევაა ავღანეთის ეროვნული ძალებისთვის. სხვები აფრთხილებენ ფართოდ გავრცელებული გაყალბების და თაღლითობის გამეორების საშიშროებაზე, რაც თან სდევდა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალმეი რასულმა, ნიუ იორკის აზიის საზოგადოების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა ხმების სამართლიანად დათვლის მნიშვნელობას.

„ეს არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, და თუ შედეგი ავღანელი ხალხისთვის მისაღები იქნება, ეს უდავოდ ჩანერგავს დემოკრატიულ პროცესს ავღანურ საზოგადოებაში და ის შეძლებს გააგრძელოს სვლა იმ მიღწევების გზით , რასაც თქვენი მხარდაჭერით მივაღწიეთ დემოკრატიულ პროცესში... და თუ ჩვენ ვერ ჩავატარებთ დამაჯერებელ არჩევნებს, ეს უბედურება იქნება ავღანეთის მომავლისთვის.“

უსაფრთხოების საკითხების სიმწვავეს, განსაკუთრებით თალიბანის აქტიურობის ტერიტორიებზე, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, როცა კვირას, სამხრეთ ავღანეთში, გზაზე დადებული ბომბით თავდასხმას საერთაშორისო ძალების ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. როგორც იუწყებიან ოთხივე ჯარისკაცი ამერიკელი იყო.