მორიგი დაბრკოლება მშვიდობის გზაზე

თალიბებმა ყატარში ახლადგახსნილი წარმომადგენლობა დახურეს და ამაში ავღანეთის და ამერიკის მთავრობა დაადანაშაულეს

Your browser doesn’t support HTML5

ავღანეთი-პაკისტანი


თალიბებმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში წარმომადგენლობა დაახლოებით ერთი თვის წინ გახსნეს. ეს ნაბიჯი თალიბანმა ავღანური კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების მიზნით გადადგა. თუმცა, მოგვიანებით, ავღანეთში მდგომარეობა გამწვავდა. გახშირებული ძალადობის ფაქტების და წარმომადგენლობის საინაუგურაციო ცერემონიალის ირგვლივ ატეხილი დავის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, თალიბებმა ოფისის დახურვა გადაწყვიტეს.

ორგანიზაცია „ავღანეთის ანალიტიკოსთა ქსელის“ მკვლევარ ქეით კლარკს მიაჩნია, რომ თალიბთა წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან მას ავღანური პრობლემის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტის პოტენციალი გააჩნდა.

მართალია ძალიან მცირე, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც იმედი იყო. და ეს მხარეებს შორის გაჩენილი ნდობის ჩანასახის მაჩვენებელიც გახლდათ“, აღნიშნავს მკვლევარი.

რამდენიმეთვიანი საიდუმლო შეხვედრები და მოლაპარაკება თალიბანს და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს შორის 18 ივნისს დოჰაში მათი წარმომადგენლობის გახსნით დასრულდა. თალიბანმა ოფისს „ავღანეთის ისლამური საემირო“ უწოდა, რამაც ავღანეთის მმართველთა გაღიზიანება გამოიწვია. ასე იწოდებოდა ავღანეთი 2001 წლამდე, თალიბანის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში. წარმომადგენლობის თავზეც თალიბანის ოფიციალური დროშა აღიმართა.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამასთან დაკავშირებით აღშფოთება არ დამალა და განაცხადა, რომ თალიბანი დევნილობაში მყოფ პარალელურ მთავრობას ქმნის. კარზაიმ მაშინათვე გააუქმა ყატარში დაგეგმილი ვიზიტი, რომელზეც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. შეერთებული შტატების, თალიბანის და ავღანეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის მოწყობილ შეხვედრაზე უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულების დადება იგეგმებოდა.

თალიბანმა განაცხადა, რომ წარმომადგენლობის ინაუგურაციის დეტალები ყატარის და ამერიკის ოფიციალურ პირებთან ურთიერთგაგებას და შეთანხმებას ემყარებოდა. ვაშინგტონმა თალიბთა მოსაზრება ყურად არ იღო და მასპინძელი მთავრობა აიძულა დროშა და სახელწოდებიანი აბრა თალიბების წარმომადგენლობის ოფისიდან ჩამოეხსნა.

ანალიტიკოს ქეით კლარკის თქმით, თალიბანის ოფისის გახსნის საკითხი ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. „ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა სახის შეთანხმება არსებობდა და ვინ რომელი პუნქტი დაარღვია. ფაქტია, რომ თალიბთა დროშის აღმართვამ არამარტო პრეზიდენტ კარზაის, არამედ ბევრი ავღანელის გაღიზიანება გამოიწვია. მისმა მოხსნამ კი - თალიბების“.

მოვლენების ამგვარი განვითარების მიუხედავად, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ თითქმის 12-წლიანი ომის შემდეგ ავღანეთში კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის თემა მომწიფებულია. მათ შორისაა საიდ მოჰამედ აზამი, ყოფილი მთავრობის წევრი, ამჟამად კი ქაბულის პოლიტიკური მიმომხილველი.

„ვფიქრობ, რომ ბოლო დეკადის მანძილზე გაჭიანურებული კონფლიქტის შემდეგ იმ ეტაპამდე მივედით, რომ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებას კონფლიქტის დასრულების ერთადერთ და ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ. თალიბანის ოფისის გახსნის ფაქტიც იმაზე მიუთითებს, რომ ისინიც ამ აზრის არიან და მოლაპარაკების გარდა, სხვა გზას ვეღარ ხედავენ“ - აღნიშნავს ავღანელი პოლიტიკური მიმომხილველი.

თვის დასაწყისში ქაბულში მყოფმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, იან ელიასონმა აღნიშნა, რომ ავღანური მხარეების შერიგება „რთული“ და „გრძელი“ პროცესი იქნება.

ელიასონი იმედს გამოთქვამს, რომ „ეს მხოლოდ მცირე დაბრკოლებაა და შერიგების ფართო გზა შეკეთებას არ საჭიროებს. ორივე მხარეს კარგად აქვს გააზრებული მოლაპარაკების გამართვის და პროცესების რაც შეიძლება სწრაფად განახლების აუცილებლობა“.

თალიბანი შეერთებულ შტატებთან პირისპირ საუბარს მოითხოვს, რომელიც მისთვის მტკივნეულ თემებს ეხება. მათ შორის, ტყვეების გაცვლას, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღს და რამდენიმე თალიბანის ლიდერის გაეროს შავი სიიდან ამოღებას. თალიბებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული საკითხები ავღანეთის მთავრობის კომპეტენციას სცდება.

თუმცა, დოჰაში დახურული ოფისის შემდეგ, ავღანეთს მოლაპარაკებების თაობაზე ბევრად უფრო მკაცრი ტონი აქვს. ახლა პრეზიდენტი კარზაი მათ გამართვას ავღანეთის ტერიტორიაზე ითხოვს, რათა ის „უცხო ქვეყნების გავლენისგან თავისუფალი“ გახდეს.