კარზაიმ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა

კარზაიმ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გააუქმა თავისი ვიზიტი ბრიტანეთში და დაბრუნდა ავღანეთში მას შემდეგ რაც ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა.

ქაბულში დაბრუნებისთანავე ჰამიდ კარზაიმ აფეთქების დროს დაჭრილი 160 ადამიანი მოინახულა საავადმყოფოში. კარზაი ავღანეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა.

პირველი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 55 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ამერიკელი. ტერაქტი აბულ ფაზელის სალოცავთან მოხდა, სადაც შიიტები აშურას დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

მეორე აფეთქება ქალაქ მაზარი-შარიფში განხორციელდა, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის თქმით:“ ავღანეთში ამ ბრწყინვალე რელიგიურ დღესასწაულზე ასეთი საშინელი ტერაქტი მოხდა. მე მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და იმედი გამოვთქვა რომ ამგვარი ტრაგედია აღარ განმეორდება.“

დღეს კიდევ ერთი აფეთქების შედეგად ჰელმანდის პროვინციაში 19 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა.