ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შანაჰანი ავღანეთში ვიზიტით იმყოფება, ის ავღანეთის ლიდერებს და იქ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურებს ხვდება. შეხვედრა ავღანეთის საკითხზე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე იმართება.
„ამერიკას მნიშვნელოვანი ინვესტიცია აქვს ჩადებული [ავღანეთში] მშვიდობის დამყარებაში, თუმცა ავღანელები იღებენ გადაწვეტილებას საკუთარ მომავალზე“, - განაცხადა მან.
ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის მთავრობა აშშ-სა და ისლამისტურ დაჯგუფება „თალიბანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკების ნაწილი არაა. ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის მოლაპარაკებებში ზალმაი ხალილზადი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება. ის და მისი გუნდი, დამატებითი მოლაპარაკებებისთვის, თალიბანის წარმომადგენლებს 25 თებერვალს ყატარში შეხვდებიან.
შანაჰანის განცხადებით, მას არ მიუღია ბრძანება ამერიკის წარმომადგენლობის შემცირების შესახებ ავღანეთში. "ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წარმომადგენლობა ავღანეთში ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის დაცვას და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას. ნებისმიერი შემცირება წარმომადგენლობასთან კოორდინირებულად უნდა მოხდეს“, - განაცხადა შანაჰანმა.
ვიზიტის ფარგლებში, ის ქაბულთან ახლოს განთავსებულ ბაზაზე, ამერიკის სპეციალური ძალების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მათ ავღანელ კოლეგებს წვრთნიან.