რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება საერთაშორისო უსაფრთხოებაზე?

რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება საერთაშორისო უსაფრთხოებაზე?

სურსათის უკმარისობა გასულ წელს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მომხდარი არეულობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი გახლდათ. ხსენებული რეგიონების დესტაბილიზაციამ გლობალურ ასპარეზზე ენერგომატარებლების ფასების მზარდი ცვალებადობა გამოიწვია. ამასობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წყლის, სახნავი მიწისა და მინერალური რესურსების გამო კონფლიქტები მძვინვარებს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი სელა ჰენესი იუწყება, რომ უშიშროების საკითხების ექსპერტების აზრით ბუნებრივი რესურსები უსაფრთხოებას მჭიდროდ უკავშირდება.

კაცობრიობის ისტორიაში ბუნებრივი რესურსებით გამოწვეული კონფლიქტი ხშირად მომხდარა. ქვეყნები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებოდნენ სახნავი მიწის, სასმელი წყლისა თუ წიაღისეული რესურსების მოპოვების საბაბით.

ნილ მელვინი სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევით ინსტიტუტში შეიარაღებული კონფლიქტისა და კონფლიქტის თავიდან აცილების პროგრამის დირექტორი გახლავთ.

მელვინის თქმით, ბუნებრივი რესურსების როგორც კონფლიქტების გამომწვევი ფაქტორის როლი მრავალმხრივია.

„მაგალითად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მძვინვარე ძალადობა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე საბადოებზე კონტროლის დაწესებას უკავშირდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ ის იშვიათი მინერალური ელემენტი, რომელიც თითქმის ყველა ფიჭვურ ტელეფონშია გამოყენებული, მხოლოდ იქ მდებარე მაღაროებში მოიძებნება,“ აღნიშნა ნილ მელვინმა.

ექსპერტს მიაჩნია, რომ მდიდარი ქვეყნების მზარდი მოთხოვნა ისეთ იშვიათ წიაღისეულ მინერალზე როგორიც კოლტანი გახლავთ და რომელსაც ფიჭვური ტელეფონების წარმოებაში ფართოდ იყენებენ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მსგავსად, მთელ განვითარებად სამყაროში ანუ გლობალურ სამხრეთში ძალადობასა და დესტაბილიზაციას აღვივებს. მელვინის თქმით, ძვირადღირებული ბუნებრივი რესურსების რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შეიარაღების შეძენის საშუალებას აძლევს.

„გამოდის ისე, რომ მინერალური წიაღისეული და ბუნებრივი რესურსები მიმდინარე კონფლიქტს აღვივებს და დაპირისპირების შეწყვეტას ძალიან ართულებს. ავღანეთი ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს, რადგან იქ მიმდინარე შეიარაღებული ამბოხება სწორედ ნარკოტიკების მიწოდებიდან ფინანსდება, რაც კონფლიქტის გადაჭრას ართულებს,“ აღნიშნავს ნილ მელვინი.

მელვინი მიმდინარე კვირის მანძილზე სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის ეგიდით გამოქვეყნებული ანალიტიკური მოხსენების ერთ-ერთი ავტორი გახლავთ. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ბუნებრივ რესურსებსა და უსაფრთხოებას შორის მზარდ ურთიერთდამოკიდებულებაზე. რამდენიმე ფაქტორის თანხვედრის გამო ბუნებრივი რესურსები უსაფრთხოების საკითხებს უფრო მჭიდროდ უკავშირდება.

ხსენებულ ფაქტორებს შორის პირველს ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა განსაზღვრავს. მელვინის თქმით, ტუნისში მომხდარი არეულობის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს სურსათის დეფიციტით გამოწვეული სახალხო უკმაყოფილება წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ტუნისში სახალხო გამოსვლების შედეგად ქვეყნის მთავრობა დაემხო.

მეორე ფაქტორი კი იმაში მდგომარეობს, რომ აღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, უმთავრესად კი ჩინეთი და ინდოეთი, სულ უფრო მეტ წიაღისეულ რესურსს იყენებენ, რაც ბუნებრივი რესურსების უკმარისობას ამწვავებს. ნილ მელვინს მიაჩნია, რომ ამ ქვეყნების გამდიდრების პარალელურად, მოთხოვნა წიაღისეულ რესურსებზე კიდევ უფრო გაიზრდება.

ორივე ხსენებულ ფაქტორს ართულებს მესამე გარემოება, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლიობას უკავშირდება.

ანალიტიკოსი ნიკ კუკი ბრიტანეთში მდებარე კომპანია „აი-ეიჩ-ეს ჯეინზის“ თანამშრომელი გახლავთ. იგი აგრეთვე ფირმა „დაინამიქსს“ უძღვება, რომელიც უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს იძლევა. კუკის თქმით, კლიმატის ცვლილება მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში სოციალურ პრობლემებს ამწვავებს.

„აფრიკის ისედაც არასტაბილურ რეგიონებში კლიმატის ცვლილების გამო საშუალო ტემპერატურა იზრდება, რაც თავის მხრივ მასობრივ მიგრაციას იწვევს. ხოლო როცა ხალხი ერთი ქვეყნიდან მეორეში მასობრივად გადადის, ეს კონფლიქტის პოტენციალს ზრდის,“ დასძენს ნიკ კუკი.