გაერო: ავღანეთში უდანაშაულოთა სიკვდილიანობა იზრდება

გაერო დანაშაულში მეამბოხეებს სდებს ბრალს.

გაეროს ანგარიშით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ქვეყანაში არსებული სამხედრო კონფლიქტის პირობებში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი მკვეთრად იზრდება. დანაშაულში, გაერო მეამბოხეებს სდებს ბრალს.

ქაბულში გამოცემული ანგარიში იტყობინება, რომ წელს, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაზარალებულთა რაოდენობა 31 პროცენტით გაიზარდა ვიდრე ეს მაჩვენებელი შარშან ფიქსირდებოდა.

დაზარალებულთა შორის გაერო 1300მდე დაღპულსა და 2000 დაჭრილს თვლის.

დოკუმენტის თანახმად, სიკვდილიანობის 76 პროცენტი ანტი სამთავრობო ძალებს ბრალდება. ეს კი შარშანდელი 53 პროცენტიდან მკვეთრი მატებაა. ამ ფონზე, ანგარიშში ასევე დათვლილია ამერიკის, ნატოსა და სხვა ქვეყნების საჯარისო შენაერთების მოქმედებებით გამოწვეული მსხვერპლი, რომელიც 12 პროცენტს უტოლდება.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სთეფან დე მისთურამ ანგარიშის გამოქვეყნების მომენტში ქაბულში გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ დანაკარგი განსაკუთრებით მძიმეა ქალებში და მცირეწლოვან მოსახლეობაში.

ამერიკისა და ნატოს ჯარების უმაღლესმა მთავარსარდალმა ავღანეთში, გენერალმა დევიდ პეთრეუსმა განაცხადა, რომ კოალიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის აღკვეთის მიზნით და რომ ერთი ჩვეულებრივი ავღანელის სიკვდილიც კი კოალიციის მიზნებს ვნებს.

გუშინვე, გავლენიანმა გაზეთმა უოლ სტრით ჯორნალმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ადამიანის უფლებების დამცველი ხუთი ცნობილი ჯგუფი კომპანია ვიკილიკსს სიფრთხილის გამოჩენას და დამატებით რედაქტირებას სთხოვს როცა საქმე სენსიტიური მასალების გამოქვეყნებას ეხება.

უფლებადამცველ ჯგუფებს შორის არის ორგანიზაცია- საერთაშორისო ამნისტიაც, რომელიც განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ავღანელების მომავლით, რომელთა სახელებმა ვიკილიკსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გაიჟღერა.

უილ სთრით ჯორნალი ასევე იტყობინება, რომ ვიკილიკსის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა სწორედ საერთაშორისო ამნისტიას თხოვა დახმარება ამ მასალების რედაქტირებაში, რაზეც არასამთავრობო ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი შეჟღუდული რესურსების მიუხედავად, ისინი დახმარების გაწევის შესაძლებლობას განიხილავენ და ასანჟისთვის პასუხს შეიმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა კომპანია ვიკილიკსს მოუწოდა მომავალში აღარ გამოაქვეყნოს გასაიდმლოებული და მგრძნობიანრე ხასიათის დოკუმენტები. ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მალენმა ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ასანჟსა და მის წყაროებს ავღანელების სიკვდილში დასდო ბრალი.

ჯულიან ასანჟი ამბობს, რომ მან გამიზნულად არ გამოაქვეყნა ვიკილიკსის წყაროების საშუალებით მოპოვებული დამატებით 15 000 ფაილი. თუმცა დასძინა, რომ ზოგიერთი მათგანი მართლაც შემოწმდება და მოგვიანებით იხილავს მზის სინათლეს.