ავღანეთში ხალხმრავალ ბაზარში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა თალიბმა მეამბოხეებმა მოაწყვეს, რომლებიც ბაზრის უსაფრთხოების სამსახურს დაესხნენ თავს. დაღუპულთა უმრავლესობა მთავრობის მხარდამჭერები არიან.
ერთი დღით ადრე, თალიბანმა ბადღის პროვინციაში ორი კოორდინირებული თავდასხმა მოაწყო, რომელთა შედეგადაც 21 ავღანელი ჯარისკაცი და პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ორი თავდასხმის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებმა 15 თავდამსხმელი მოკლეს.
განცხადება გააკეთა თალიბანის წარმომადგენელმაც და აღნიშნა, რომ ორშაბათს განხორციელებული თავდასხმის დროს, თალიბანმა 32 ავღანელი ჯარისკაცი მოკლა.
ამ ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ავღანეთიდან ამერიკის ძალებს ეტაპობრივად გამოიყვანს. ამასთან, შეერთებული შტატები ავღანეთში ომის დასამთავრებლად პოლიტიკური გამოსავლის მონახვის მიზნით, ქვეყანაში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.