ავღანეთის არმია კვლავ სუსტია

ავღანეთის არმია კვლავ სუსტია

ნატო უკვე რამდენიმე წელია ავღანეთის ჯარს ამზადებს, თუმცა ექსპერტების აზრით, პროგრესი მაინც მცირეა. ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნები კი აცხადებენ, რომ ავღანეთის ჯარი მალე მზად იქნება საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

ავღანეთში ნატოს ოპერაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ქვეყნიდან ალიანსის ჯარების გაყვანის ძირითადი სტრატეგია ავღანეთის მიერ საკუთარი ჯარის შექმნაა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა ამბიციური დავალებაა, ხოლო ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შუალედური სახელმძღვანელო შტატის დეფიციტია, სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. ავღანელებს სჭირდებათ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად არის საჭირო, სამხედრო ინჟინერიიდან დაწყებული და ლოგისტიკური უზრუნველყოფით დამთავრებული. ქვეყანაში დღეს არსებული ფართოდ გავრცელებული უწიგნურობა კი ამ ისედაც რთულ დავალებას კიდევ უფრო ართულებს. გარდა ამისა, ავღანეთის არმია ყოფილ მეამბოხეებსაც რთავს წვევამდელებად იმ იმედით, რომ ისინი კარგი სამხედრო ოფიცრები დადგებიან.

ავღანელი ჯარისკაცები ქაბულის სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო მომზადებას გადიან. ისინი შაშხანებიდან სიმულირებულ ვაზნებს ისვრიან და ნატოს ინსტრუქტორების თვალწინ მტრის პოზიციისკენ მიიწევენ. ყოველდღიურად ათასობით ახალგაზრდა ავღანელი გადის სამხედრო მომზადებას, მაგრამ ქაბულში მიმდინარე სავარჯიშო შეიძლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყოს, რადგანაც მისი დანიშნულება ავღანეთის არმიის მომავალი ლიდერების გაწვრთნაა.

ბრიტანელი უფროსი სერჟანტი ჯონ პენი ჯგუფის ერთ-ერთი ინსტრუქტორია. მისი თქმით, ახალგაზრდა ოფიცრების ჯგუფი ნებისმიერი არმიისთვის საყრდენ ძალას წარმოადგენს.

„ეს ჯარი ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ დარჩება და ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნებს. ამ ჯარს ისეთი ახალგაზრდა ოფიცრები სჭირდება, რომლებიც კარგად არიან მომზადებული და სჯერათ საკუთარი შესაძლებლობები, რომ ფრონტის ხაზზე ადვილად გაართმევენ თავს საკუთარ მოვალეობებს,“ აცხადებს ბატონი პენი.

გამომდინარე იქიდან, რომ ავღანეთში სამოქალაქო ომი უკვე ათ წელზე მეტია მიმდინარეობს, ხოლო მანამდე კი ქვეყანას თალიბები მართავდნენ, ავღანეთში თითქმის არ არსებობს საშუალო დონის მმართველი სამხედრო შტატი. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად არმია ყოფილ მუჯაჰიდებს იწვევს ჯარში. გენერალი ამინულა პატიანი ერთ დროს მუჯაჰიდების წინააღმდეგ იბრძოდა. დღეს კი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ყოფილი მეამბოხეები არმიის რიგებს უერთდებიან და იმედს იტოვებს, რომ ყოფილი თალიბი მეამბოხეებიც მიბაძავენ მათ მაგალითს.

გენერალი აცხადებს, რომ ის მიესალმება ავღანელ ძმებს, რომლებიც ერთ დროს მთავრობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა ახლა მზად არიან დაყარონ იარაღი და ავღანეთის ეროვნულ ჯარში იმსახურონ.

ნატოს საწვრთნელი მისია არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მომზადების ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდა. თუმცა, ნატოს ჯარების გენერალი ვილიამ კალდველი აცხადებს, რომ მომზადების ხანგრძლივობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ნატოს ჯარებთან ერთად ბრძოლისას ავღანელი ჯარისკაცები საბრძოლო ველზეც ღებულობენ ტრეინინგსა და გამოცდილებას.

„თუ ჩვენ მათთან ერთად არ ვიბრძვით, მათ განვითარებაში ვერ დავეხმარებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიყოთ ბრძოლის ველზე. სამწუხაროდ წარსულში ამ კასითხს არც ისე კარგად ვართმევდით თავს,“ ამბობს ბატონი კალდველი.

კალდველისა და მისი ავღანელი კოლეგების განცხადებით, ოქტომბრისთვის დაგეგმილი 171 ათასი ავღანელი ჯარისკაცის მომზადება კარგი შედეგებით მიმდინარეობს. თუმცა, ავღანეთის საკითხების ანალიტიკოსი, კეიტ კლარკი აცხადებს, რომ ნატო ახლს არაფერს სთავაზობს ავღანეთის ჯარს:

„ნატოს ეს სტრატეგია უკვე რამდენიმე წელია აქვს. ავღანეთის ეროვნული არმია მუდამ ნატოს ხელმძღანელობას ექვემდებარება და უცხოელი სამხედრო მენტორები აქტიურად არიან ჩართული ყოველდღიურ ოპერაციებში. როდესაც ავღანეთის ჯარს ეს დამხმარე ძალა გამოეცლება, ჩემი აზრით, ისინი უაღრესად დასუსტდებიან,“ განაცხადა ქალბატონმა კლარკმა.

ავღანეთში ნატოს სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობა ალიანსის მთლიანი კონტინგენტის დაახლოებით 3 პროცენტს შეადგენს. მას შემდეგ, რაც ნატოს ძალები ავღანეთიდან გამოსვლას დაიწყებენ, როგორც ეს მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი, სამხედრო ინსტრუქტორები ადგილზე დარჩებიან. ექსპერტების აზრით, ავღანეთის ჯარს წლების მანძლიზე დასჭირდება სამხედრო მომზადება.