აშშ-ის მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთი მიესალმა, როგორც "სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს", თუმცა ეჭვი შეიტანა იმაში, თუ რამდენად აპირებს ვაშინგტონი მართლაც ამის გაკეთებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ, ოთხშაბათს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამერიკული ძალების შემცირებამ ავღანეთში, შესაძლოა, გაზარდოს თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის კონფლიქტის და ომის მოგვარების პოტენცია, რაც "სამშვიდობო პროცესის დაწყებას" ხელს შეუწყობს.
გასულ კვირას, ვაშინგტონში, ოფიციალურმა პირებმა მოიშველიეს მედიაში გავრცელებული განცხადებები, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტმა ტრამპმა ზეპირსიტყვიერად უბრძანა სამხედრო მეთაურებს 7,000 ჯარისკაცი გაიყვანონ ავღანეთიდან, სადაც დღესდღეობით 14,000 ჯარისკაცია დისლოცირებული. ეს პროცესი შესაძლოა იანვრიდან დაიწყოს, თუმცა არც პენტაგონს და არც თეთრ სახლს ამ დრომდე არაფერი უთქვამთ პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ელის ვაშინგტონის ოფიციალურ ახსნა-განმარტებას ამ ქმედების შესახებ. რაც შეეხება იმას, რაც ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებზე ავღანეთში ჯარების განახევრებასთან დაკავშირებით, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან - აცხადებს ზახაროვა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება რაიმე დასკვნების გამოტანა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შეფასებით, მოსკოვი ამ დრომდე ხაზს უსვამდა პოლიტიკური და დიპლომატიური არხების გავლით, მოლაპარაკებების მნიშვნელობას ავღანეთის ომის დასასრულებლად. ამასთან, ზახაროვას აზრით, მოსკოვს არაერთხელ გაუფრთხილებია აშშ და მისი კოალიციური პარტნიორები, რომ სამხედრო გამოსავალზე დაყრდნობა შეცდომაა.