ამერიკა ცხრა ავღანურ ბაზაზე კონტროლს იღებს

ვაშინგტონი და ქაბული 2014 წელს რეგიონიდან ნატოს კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ ამერიკული ძალების ავღანეთში დარჩენაზე შეთანხმდნენ
ხუთშაბათს, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ღიად განაცხადა, რომ 2014 წელს რეგიონიდან ჯარების გაყვანის შემდეგ შეერთებულ შტატები ავღანეთში 9 ბაზის დატოვებას აპირებს. ავღანეთის ლიდერის თქმით, ქაბული მზად არის ვაშინგტონს ეს ბაზები ეკონომიკური და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დაუთმოს.

თვეების განმავლობაში შეერთებული შტატები და ავღანეთი მოლაპარაკებებს მართავდნენ ორმხრივი გარიგების შესახებ, რომელსაც 2014 წელს რეგიონიდან ნატოს სამხედრო ძალების და ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ, ამერიკელი სამხედროების ნაწილის ავღანეთში დარჩენის ფორმა უნდა განესაზღვრა. ამ დრომდე ეს საკითხი გადაწყვეტილი არ იყო.

ქაბულის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, ხუთშაბათს პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე დისკუსია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მან პირველად ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონს ცხრა სამხედრო ბაზაზე კონტროლის აღება სურს. მათ შორის ერთ-ერთი, აღმოსავლეთ ჯალალაბადში, პაკისტანთან, ხოლო მეორე დასავლეთ ჰერათში, ირანის მოსაზღვრე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ჰამიდ კარზაი: ჩვენ მზად ვართ ეს ბაზები შეერთებულ შტატებს გადავცეთ. ავღანეთის და შეერთებული შტატების ურთიერთობა 2014 წლამდე ქვეყნის მომავლისთვის ნაყოფიერი იყო. თუმცა, ავღანელები ამერიკისგან მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ, არმიის გაძლიერების და ეკონომიკის განვითარების ჩათვლით. პარტნიორობის შეთანხმებას მას შემდეგ მოვაწერ ხელს, რაც ეს მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული.

ვაშინგტონი ამჟამად ამერიკული და კოალიციის ზოგიერთი დანაყოფის დარჩენის საკითხს განიხილავს ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. ალ-ყაიდასთან ანტიტერორისტული ბრძოლის პარალელურად, მათ ავღანეთის უშიშროების ძალებს დამატებითი სწავლება და კონსულტაცია უნდა ჩაუტარონ.

საინფორმაციო საშუალებები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კარზაი ასევე ვაშინგტონისგან ითხოვს იმის გარკვევას, თუ მისი მეზობელი ქვეყანა პაკისტანი რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ავღანეთისთვის. თუმცა, ამ ეტაპზე ვაშინგტონი ამ მოთხოვნაზე უარს აცხადებს.

ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვარზე სიტუაცია ბოლო დროს საგრძნობლად დაიძაბა, მას შემდეგ, რაც პაკისტანის სასაზღვრო პუნქტზე შეტაკება მოხდა. ოფიციალური ქაბულის განცხადებით, ეს საზღვარი ავღანეთის ტერიტორიასაც მოიცავს.

ხუთშაბათს, ისლამაბადში გამოსვლისას, პაკისტანის საგარეო უწყების პრეს მდივანმა აზიზ აჰმედ ჩაუდრიმ საზღვრის დარღვევის ფაქტი უარყო.

აზიზ აჰმედ ჩაუდრი: პაკისტანმა მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა. ეს სასაზღვრო პოსტი 2004 წლიდან არსებობს და ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანია უკეთ გააკონტროლოს საზღვრები, ასე რომ საზღვრის გადაკვეთის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ჩაუდრიმ ასევე ურჩია ავღანეთის პრეზიდენტს, დაკავდეს ავღანეთის სამშვიდობო და უსაფრთხოების საკითხებით, ვიდრე სასაზღვრო საკითხებზე დებატები გამართოს. საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, ავღანეთს არასდროს უღიარებია 2600 კილომეტრიანი საზღვარი რომლის დემარკაციაც, ინდოეთის ბრიტანული მმართველობის დროს 1893 წელს მოხდა.