რუსეთში ნაშვილები ბავშვის საქმე

ტეხასის შტატის გენერალური პროკურორის განცხადებით, მაქსიმ კუზმინის მშობლების წინააღმდეგ საქმე არ აღიძვრება

Your browser doesn’t support HTML5

ტეხასის საქმე


ოლქის პროკურორმა ბობი ბლენდმა 3 წლის მაქსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი მშობლების ალან და ლაურა შატოების მიმართ ბრალის წაყენებაზე უარი თქვა. ბლენდის თქმით, ოლქის მთავარმა მოსამართლემ განიხილა საქმე და დაადგინა, რომ ბრალეულობის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

სამი წლის რუსი ბიჭუნას მაქსიმ კუზმინის შვილად აყვანა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა მისი ძმის ქრისტოფერის ერთი წლით ადრე შვილად აყვანის შემდეგ გადაწყვიტეს. იმავე წელს რუსეთმა ამერიკელ მშობლებს რუსი ბავშვების შვილად აყვანა აუკრძალა. მიზეზად კი მაქსიმ კუზმინის ძალადობრივი სიკვდილი დაასახელა.

მაქსიმ კუზმინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ტეხასის შტატის ბავშვთა დაცვის სამსახურის სააგენტომ ამ საქმის მიმართულებით საკუთარი გამოძიება დაიწყო. სააგენტოს პრესცენტრი პეტრიკ კრიმინსი ამბობს:

„ჩვენ საქმეს ორი მიმართულებით ვიძიებთ: ფიზიკური ძალადობის და დაუდევარი დამოკიდებულების მტკიცებულების დასადგენად. თუკი გამოძიებამ რაიმე მტკიცებულება აღმოაჩინა, შატოების მიმართ საქმე აუცილებლად აღიძვრება.“

კრიმინსის განცხადებით, ტეხასის ბავშვთა დაცვის სააგენტო მსგავს გამოძიებას იმ შემთხვევაში იწყებს, როდესაც ბავშვთა ძალადობის ან დაუდევარი მოპყრობის ფაქტებზე სააგენტოში ინფორმაცია შედის:

„ყველა შემოსული ინფორმაცია საზოაგდეობისთვის დახურულია.“

კრიმინსის თქმით, გამოძიების დასრულების ზუსტი ვადა დადგენილი არ არის:

„ძიების კონკრეტული განრიგი არ გვაქვს, შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის აღმოვაჩენთ მტკიცებულებას."

შატოს ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ნაშვილები ძმები სახლის წინ ეზოში თამაშობდნენ, როდესაც მათი დედა ლაურა შატო აბაზანაში შევიდა. როგორც გამომძიებელებს მოგვიანებით განუცხადა, 10 წუთის შემდეგ აბაზანიდან გამოსულ დედას მაქსი უგონო მდგომარეობაში დახვდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმებმა ბავშვის გარდაცვალება დაადასტურეს.

თუმცა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ დაღუპულს სხეულზე სილურჯეები აღენიშნებოდა. ამიტომ გამოძიებამ სასამართლო ექსპერტიზა მოითხოვა, რომლის დასკვნაც 1 მარტს გავრცელდა.

სამედიცინო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მაქსიმ კუზმინის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევაა და იგი მშობლის ძალადობას ან დაუდევარ მოპყრობას არ უკავშირდება.