ჯოჰარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ცარნაევის მიმართ წარდგენილი ოცდაათი ბრალდებიდან ჩვიდმეტი ბრალი საკმაოდ მძიმეა, მას ან სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

Your browser doesn’t support HTML5

ბოსტონი


ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჯოჰარ ცარნაევი თავს დამნაშავედ არ სცნობს წაყენებულ ოცდაათ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც 15 აპრილს ბოსტონის მარათონის ფირნიშზე დამონტაჟებულ ბომბების აფეთქებას ეხება, რის შედეგადაც 15 ადამიანი გარდაიცვალა და 260-ზე მეტი დაშავდა.

10 ივლისს ეჭვმიტანილი, 19 წლის ჯოჰარ ცარნაევი ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში ძლიერი დაცვის თანხლებით გამოჩნდა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთა შორისაც არის ბრალდება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესახებ, რომელმაც მსხვერპლი გამოიწვია, ის აცხადებს რომ უდანაშაულოა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯოჰარ ცარნაევმა და მისმა უფროსმა ძმამ, ტამერლანმა ორი თვითნაკეთი ბომბი ბოსტონის საფირნიშო ზოლზე დაამონტაჟეს და ააფეთქეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ტამერლან ცარნაევი სამი დღის შემდეგ პოლიციასთან შეტაკების დროს გარდაიცვალა. ტამერლან ცარნაევის დევნის ოპერაცია დაემთხვა იმ პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერისტეტში პოლიციელის მკვლელობის შესახებ. ჯოჰარ ცარნაევი პოლიციამ მოგვიანებით ქალაქ ვოთერთაუნში იპოვა. იგი ნავში იმალებოდა. აყვანის ოპერაციის დროს პოლიციასთან შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც იგი დაიჭრა.

ფედერალურმა პროკურორებმა ახლა უნდა გადაწყვიტონ მიუსაჯონ თუ არა ჯოჰარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა. წარდგენილი ოცდაათი ბრალდებიდან ჩვიდმეტი ბრალი საკმაოდ მძიმეა და თუკი მას ეს ბრალდებები დაუმტკიცდა, მას ან სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ამ დრომდე ცარნაევის სასამართლო პროცესის დღე არ დანიშნულა. ბოსტონის ტერაქტის დროს გარდაცვლილი პირების ნათესავები ოთხშაბათის სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდნენ.

მართალია ცარნაევის პროცესი ბოსტონში იმართება, მაგრამ კონგრესის ორი კომიტეტი ფოკუსირებულია იმის გარშემო, რომ ბოსტონის ტერაქტი სამართალდამცავი ორგანოებისთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.
წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელი მაიკლ მაკკაუელი ტეხასის შტატიდან ამბობს, რომ ფედერალურმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ადგილობრივ პოლიციას არ შეატყობინეს ინფორმაცია ტერაქტამდე რამდენიმე თვით ადრე, ტამერლან ცარნაევის მოსკოვში ყოფნასთან დაკავშირებით.

მაიკლ მაკკაუელი: ეს იმის მაჩვენებელია, რომ როდესაც შესაბამის სტრუქტურებში ტერორისტების შესახებ სახიფათო ინფორმაციის გაცვლა არ ხერხდება, ისინი სრულად ვერ ფლობენ სიტუაციას მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ.

ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები უნდა შეიმუშაოს, რომ მარტოხელა ტერორისტების გაზრდილ რაოდენობას შეებრძოლოს და მათ მიერ დაგეგმილი ტერაქტების აღკვეთა შეძლოს.

რუდოლფ ჯულიანი: მათი გამოვლენა ბევრად რთულია, რადგან ისინი უფრო ელექტრონულ და ინტერნეტ კომუნიკაციებში არიან ჩართული იმ ორგანიზაციებთან ერთად რომლებიც, ფიზიკური და ტექნოლოგიური ვიდეო-მეთვალყურეობის ქვეშ არიან ან გაშიფრულნი არიან საიდუმლო აგენტების მიერ.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ექპერტმა ტერორიზმის საკითხებში ბრუს ჰოფმანმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების წარმატების მიუხედავად ტერორიზმთან ბრძოლაში, ალ-ყაიდა ამერიკისთვის მთავარ საფრთხეს ბოლო წლებში მაინც წარმოადგენდა.

ბრუს ჰოფმანი: მართალია ოსამა ბინ ლადენის სიკვდილმა ალ-ყაიდას სერიოზული დარტყმა მიაყენა, ჯერ ისევ არ არის ნათელი, რამდენად საბედისწერო იყო ეს ფაქტი ტერორისტებისთვის. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ალ-ყაიდას ფესვები კარგად აქვს გადგმული მსოფლიოს უფრო მეტ ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2011 წლის 11 სექტემბრამდე.

19 აპრილს დაკავების შემდეგ, ჯოჰარ ცარნაევი საზოგადოებამ გუშინ პირველად, სასამართლო სხდომაზე იხილა.