რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის გუშინდელმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონმდებლობის ზოგიერთი ნორმა რუსეთისთვის არაკომფორტულია, ამიტომ ის შეცვლას საჭიროებს, აღაშფოთა ის პოლიტიკოსებიც კი, ვინც აბაშიძე-კარასინის ფორმატის აქტიური მხარდამჭერია. ეს პირდაპირ იქნა აღქმული, როგორც უხეში ჩარევა დამოუკიდებელი ქვეყნის შიდა საქმეში.
აბაშიძე–კარასინის ფორმატი საგანგებოდ შეიქმნა იმისთვის, რომ პოლიტიკის მიღმა არსებულიყო არხი სოციალურ–ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ საკითხებზე ურთიერთობისთვის. გრიგორი კარასინი ასევეა მონაწილე ჟენევის დისკუსიების, რაც შერეულ ქართულ–ოსურ–აფხაზურ ფორმატში იმართება და რომელშიც მონაწილეობას ასევე იღებენ ევროკავშირის, ეუთოს, აშშ–სა და რუსეთის წარმომადგენლები. დიალოგის პროცესში არც თუ მცირეხნიანი მონაწილეობის განმავლობაში, გრიგორი კარასინი ასეთი ხისტი და პირდაპირი არასდროს ყოფილა. მისი განცხადებით: „ჩვენი დელეგაცია, ისევე, როგორც ტურისტები, უნდა იყონ დაცული, თავიდან უნდა იყოს აცილებული ასევე სხვა გართულებები, რაც გამოწვეულია ოკუპაციის შესახებ კანონით. ამით უკვე დაზარალდა ხალხი. გვჭირდება მყარი გარანტია და კიდევ უფრო მეტი – ამ კანონის გაუქმება“.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ეს განცხადება იქნას თარგმნილი შესაბამის ენებზე და მიეწოდოს ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს.“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს: „თუ ასეთი ტონალობა კიდევ გაჟღერდება ბატონი კარასინის მხრიდან, დავაყენოთ საკითხი ამ ფორმატის, ასე ვთქვათ, ხარისხსობრივი ცვლილების შესახებ. ბატონი კარასინი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, რაც მას თვითონ რუსეთის ხელისუფლებამ დააკისრა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფორმატში. ხარისხობრივ ცვლილებაში ვგულისხმობ შემდეგს: თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელებას, მაშინ ჩვენ არ გამოგვადგება კარასინი, რადგან ეს ფორმატი მიმართულია სულ სხვა მიზნებისთვის.“
ოპოზიცია კვლავ აქცენტს აკეთებს იმის თაობაზე, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატი დიდი ხანია გასაუქმებელია. ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს: „ეს შეიძლება იყოს ერთ–ერთი კონკრეტული ნაბიჯი იმისთვის, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატი დასრულდეს, რომელსაც არაფერი კარგი დიპლომატიური თვალსაზრისით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, არ მოაქვს. თუკი არის კონკრეტული ჰუმანიტარული საკითხები გადასაწყვეტი, ამას არ უნდა ჰქონდეს ისეთი ანტურაჟი შექმნილი, რომ თითქოს პარალელური საგარეო საქმეთა სამინისტრო შეიქმნა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა უკვე საით გვაქვს, გაურკვეველია.“
ამერიკის ხმასთან საუბრისას ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს: „ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ რუსეთის სამხედრო უწყების განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს ფერადი რევოლუციებისთვის რეგიონში. ესეც გარკვეული მინიშნებაა, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთი გეგმავს ზეწოლას საქართველოზე. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ამაზე ძალიან ხმამღლა უნდა ვისაუბროთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რადგან ჩვენი ერთადერთი დაცვა არის ეს და მეორე, რაც მთავარია, წინასაარჩევნო სიტუაცია უნდა იყოს უკიდურესად გამჭვირვალე, მშვიდი და სიბინძურისგან დაცლილი. ამ მიმართულებით უკვე ვხედავთ, სამწუხაროდ სირთულეებს. ეს იქნება ის ნიადაგი, რომლითაც რუსეთი ისარგებლებს, როგორც გამოჩნდა კარასინის განცხადებით. ეს ყველაფერი, ჩემის აზრით, უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდება ამ თარიღის მოახლოვებასთან ერთად. მთლიან სურათს თუ შევხედავთ, რუსეთი დღეს თითქოს ცდილობს სირიიდან ვითომ სამხედრო ჩარევის შეჩერებით გარკვეულ რეაბილიტაციას. რუსეთი გამოდის იქიდან, ამით შეეცდება საერთაშორისო ყურადღების მოდუნებას, ან მოთაფვლას, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ რუსეთს გარკვეული დამატებითი გეგმები აქვს რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ–ერთი შესაძლო სცენარი, დრამატიზება ამის არ ღირს, მაგრამ ყველაზე საშიში ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ემზადება ამ სცენარებისთვის. ჩვენს ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ რაიმეს აკეთებს საგარეო პოლიტიკურად, ამ შესაძლო სცენარების განეიტრალებისთვის.“
კარასინის განცხადებით, ოკუპაციის შესახებ კანონი ხელს შეუშლის რუსეთის დელეგაციას დაეწროს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას თბილისში, რადგან ამ კანონის თანახმად, ის პირები, ვისაც გადაადგილების ისტორიაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხვედრა საქართველოს ტერიტორიის გვერდის ავლით უფიქსირდება, ექვემდებარებიან დაკავებას.