ინგლისის 20 მილიონზე მეტი მოქალაქე, 2 დეკემბრიდან ფართომასშტაბიანი შეზღუდვების პირობებში იცხოვრებს. ლონდონისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კი შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც მკაცრი ზომები იმოქმედებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა ხუთშაბათს მოქალაქეთა და ბიზნესებისთვის შეზრუდვების თაობაზე ბოლო დეტალების შესახებ ისაუბრა:
"ჰორიზონტზე ჩანს იმედი, მაგრამ ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. დასასრული ჩანს, მაგრამ ახლა არ უნდა დავნებდეთ", - თქვა ჰენკოკმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.
ასევე ნახეთ: ამერიკაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლებიაბრიტანეთში ევროპულ სახელმწიფოებს შორის კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა და ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღაც ყველაზე მწვავედაა გამოხატული. ხელისუფლების მიერ შემზღუდავ ზომებს, ე.წ. ლოქდაუნს, შესყიდვებისა და ტესტირების სისტემას, მოსახლეობის ნაწილი აკრიტიკებს და არაორგანიზებულად, ძვირად და არასკმარისად სწრაფად მიიჩნევს.
"ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ახალ წესებს და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი დღევანდელი ქმედებები მომავალში სხვების სიცოცხლეს გადაარჩენს და ჩვენს ქვეყანას ამ ყველაფერთან გამკლავებაში დაეხმარება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვები განსაკუთრებით აქტიურ - წინასადღესასწაულო პერიოდში - მათ მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ჰენკოკი ამბობს, რომ დედაქალაქის ნაწილებშიც ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ზომების მიღებაა საჭირო. ლონდონი ახლა მეორე ფაზაში იმყოფება და ეროვნულ "ლოქდაუნამდეც" ამ ფაზაში იყო. თუმცა, თითოეული ფაზისთვისაც უსაფრთხოების ზომები ამ კვირის დასაწყისიდან გამკაცრდა.
ლონდონში ახლა აკრძალულია სხვადასხვა ოჯახში მცხოვრები მოქალაქეების დახურულ სივრცეში შეკრება. ღია სივრცეშიც მხოლოდ 6 ადამიანს შეუძლია შეკრება. ალკოჰოლის შეკვეთა მხოლოდ სადილის კერძებთან ერთად იქნება შესაძლებელი. შეიზღუდა სპორტულ ღონისძიებებში დასწრება-მონაწილეობის რაოდენობაც.