ომი ომის შემდეგ

დანებებითა და ფარ–ხმლის დაყრით რომ სარგებელს ვერ ნახავ, ამის თაობაზე მასტერ–კლასის გამართვა დიცში მაცხოვრებელ ილია ბერუაშვილს თამამად შეუძლია. რომ არა მისი სიმამაცე და გამბედაობა, ახლა ისიც და მისი რამდენიმე მეზობელიც დევნილი იქნებოდა.

დიცი კონფლიქტის ზონის სოფელია. ტყვიავიდან ჯერ ტირძნისში უნდა მოხვდეთ, შემდგომ კი დიცისკენ აიღოთ გეზი. აი, უკვე მიღმა სოფლებში ვეღარ გადახვალთ, რადგან აქ ოკუპაციის ხაზი იწყება. ილია ბერუაშვილი დიცში ყველაზე ახლოს ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან. მისი სახლიდან რომ გაიხედოთ, აბიბინებულ სიმინდის ყანას და მსხლის ბაღს დაინახავთ, რომელსაც ის რუდუნებით უვლის. იქვე, თვალთახედვის არეში მწვანე ბანერები მოგხვდებათ, რუსმა მესაზღვრეებმა რომ დაამონტაჟეს და „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ რომ იუწყება.

ილია ბერუაშვილმა სახლი და სიმინდის ყანა რომ შეინარჩუნა და დღეს საკუთარ სახლში ცხოვრობს, საკუთარ თავს უმადლის და არა სახელმწიფო უწყებებს ან საჯარო მოხელეებს. რუსულ ოკუპაციას დიცში, მიწის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მხოლოდ თვითონ, ინდივიდუალურად აღუდგა წინ, ბევრი ჩხუბი და დავა გამოიარა, მაგრამ ფეხი არ მოიცვალა. ეს ამბავი 2013 წელს დაიწყო. „2013 წლამდე რუსები ამ ადგილებზე, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. შემდგომ დაიწყეს მონიშვნები.

აგერ აქ, სახლთან დასვეს ნიშანი, იქით მეორე სახლთან, მოშორებით მესამე სახლთან, რომ ვეუბნებოდით, რას აკეთებთო, გვპასუხობდნენ, ეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიააო. ჩვენ, მეზობლებმა ვის აღარ მივმართეთ, ადგილობრივი ხელისუფლებით დაწყებული, ცენტრალურით დასრულებული, ევროკავშირის მისიასაც ვუთხარით, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია, სერიოზულად არ აღიქვამდნენ. რუსები კიდევ და კიდევ ბრუნდებოდნენ. ხან მეტალის ბოძები ჩასვეს, აღნიშვნები გააკეთეს, ჯიპიეს–ით მონიშნეს და 2013 წელს, მაისში, უკვე შეღობვა დაიწყეს. ჩვენებმა წყლის აღდგენა მოინდომეს ამ დროს. ბრიგადა რომ მუშაობდა, რუსებიც მუშაობდნენ. ვკითხე, რას აკეთებენ–მეთქი და ღობავენო. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი. ვუთხარი, თქვენ რომ აქ სარწყავს აკეთებთ და ისინი იქ ღობავენ, ან რატომ მუშაობთ და ან რატომ არაფერს ეუბნებით–მეთქი. აბა, რა ვუთხრათო“– გვეუბნება ილია ბერუაშვილი და იმ ადგილებს გვაჩვენებს, სადაც ეს დიალოგი შედგა.

Your browser doesn’t support HTML5

ილია ბერუაშვილი დიცში

უნდა ჩამოსულიყვნენ რუსები აქეთ და ჩემი და ჩემი მეზობლის სახლები უნდა მოექციათ ღობის მიღმაო. „შემდეგ მე მივედი რუს ოფიცერთან და ვკითხე, რას აკეთებთ–მეთქი. ჩვენი ტერიტორიაა და ვღობავთო. ვეუბნები, თქვენი როგორაა, აქ დავიბადე, ჩემი მამა–პაპა აქ ცხოვრობდა, სამხრეთ ოსეთი ეს ადგილი არასდროს არ ყოფილა–მეთქი,“– ამბობს ბერუაშვილი. წინააღმდეგობა გაგრძელდა. დიცის სასაფლაოზე, სადაც ბერუაშვილის მამაა დაკრძალული და რომლის გაღობვასაც რუსები აპირებდნენ, ის მიწაზე გაწვა, მესაზღვრეებს მუშაობის საშუალება არ მისცა. ვითარება დაიძაბა, მოგვიანებით კი სასაფლაოზე ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. კითხვაზე იმის შესახებ, როგორ გადაურჩა დაპატიმრებას, ბერუაშვილს საკუთარი მოსაზრება აქვს. „დამნახავი თუ არ არის ვინმე, რუსები ცოცხლად შეჭამენ ადამიანს, ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ ხალხი თუა და მოწმეები ტრიალებენ გარშემო, ვერ ბედავენ. შეიძლება, ფიზიკურად გცემონ, გაწამონ, მაგრამ ისეთი საშიში არ არის. მაგათი ხასიათი ვიცი, რუსეთში ვისწავლე, ვიცხოვრე, ვიმსახურე, ვიმუშავე“.

ბრძოლა საკუთარი კარ–მიდამოსთვის, ფიზიკური დაპირისპირების გარდა, მედიასთან ურთიერთობების კომპონენტსაც მოიცავდა და სამართლებრივ დავასაც. „ერთხელ რუსი ჟურნალისტები მოვიდნენ. მე სასაფლაოზე წავიყვანე, ვაჩვენე მამაჩემის საფლავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ვუთხარი, სტალინგრადდთან იყო მამაჩემი, სისხლი დაღვარა და დღეს რუსები მის საფლავს მიღობავენ, მასთან მისვლის საშუალებას არ მაძლევენ–მეთქი. გააშუქეს მგონი ეს ამბავი. დღეს სასაფლაოზე მისვლა შეგვიძლია. მხოლოდ ჩრდილოეთის მხრიდანაა გაღობილი, სამხრეთიდან, ბაღებიდან მივდივართ“,– ამბობს ილია ბერუაშვილი და იმ მიწის ფართობების შესახებ გვიყვება, რაც მისმა შემართებამ ოკუპაციას წაგლიჯა:

„30 ჰექტარი, 4 სახლი და სასაფლაო დათმეს რუსებმა. ეგერ იქ, ჩვენს სიახლოვეს მეხუთე, ახალი სახლი ააშენა კოდიდან დევნილმა ჩვენი გვარის კაცმა. ელემენტარულად რომ დაეხმარონ ხალხს, სამართლებრივად მაინც, დევნილი ბევრი ჩამოვა და აიშენებს აქ სახლებს“.

რუს მესაზღვრეებთან ბრძოლით ილია ბერუაშვილის ისტორია არ მთავრდება. მას გაგრძელება ქართულ მხარეს აქვს, უფრო კონკრეტულად კი ქართულ ბიუროკრატიასთან. ბერუაშვილმა იმ მიწების საჯარო რეესტრში გატარება გადაწყვიტა, რომელიც რუსი მესაზღვრეებისგან იხსნა. ამისთვის, წესისამებრ, მიიყვანა საკადსტრო სამუშაოს განმახორციელებლები, მიწა აზომეს და ორთოფოტოები შეადგინეს, თუმცა რეესტრმა საბუთების მიღებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ტერიტორია ოკუპირებულია. „ვისაც უნდა, მოვიდეს, ნახოს, არაა ოკუპირებული. ასე რომ ყოფილიყო, ამზომველები როგორ იმუშავებდნენ“,– გვეუბნება ბერუაშვილი. რეესტრის უარის შემდგომ, სასამართლოს მიმართა და საქმე მოიგო. მოგების შემდგომ, რეესტრმა სახლის რეგისტრაციის საბუთები გასცა, თუმცა მიწის საკუთრების შესახებ საკითხი სააპელაციო სასამართლოში გაუსაჩივრა.

ამ დროსითვის დავა არ დასრულებულა. ილია ბერუაშვილს საჯარო რეესტრი იმ მიწის რეგისტრაციის შესაძლებლობას არ აძლევს, რომელიც რუსი მესაზღვრეებისგან დაიხსნა და რომელსაც წლებია ამუშავებს: „მეუბნებიან, რომ ესაა რუსის მიწა და არა ჩემი. მე დოკუმენტები წარვადგინე, ფოტო, ვიდეო, მოწმეების მტკიცებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობები, რომ ტერიტორია არაა ოკუპირებული, ისინი კიდევ მეუბნებიან, რომ ოკუპირებულია. რაღაც რუსული წარმოშობის რუკას მიდებენ, და მეუბნებიან: ოკუპირებულია.“

ილია ბერუაშვილის ამბავი ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე ერთგვარი გამონაკლისია, სამოქალაქო პროტესტის ის იშვიათი ნიმუშია, რასაც ბევრი ანალოგი არ აქვს. თავად მიიჩნევს, რომ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხელისუფლებამ ის არ უნდა ჩაკლას. „2013 წელს ჩვენი მთავრობა მზღუდავდა, არ უნდოდა პროტესტი გამომეთქვა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ამას ახერხებდა თანასოფლელების მეშვეობით – მეუბნებოდნენ, გაუშვი, შეღობონ, ჩვენც არაფერი დაგვემართოსო. მე რომ ასე არ მოვქეულიყავი, ნახევარ კილომეტრზე კიდევ ჩამოვიდოდნენ, ჩემი სახლი, ბაღები და მეზობლების სახლებიც მათ მხარეს მოექცეოდა, სკოლამდე მოვიდოდნენ. მაშინდელი პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილის ბიძა, რამაზ ყორანაშვილი მოვიდა ჩემთან სახლში და მითხრა, ირაკლიმ შემოგითვალა, რამე პროვოკაციას ხომ არ აწყობო. ასე თქვეს, სახლს არ შეგიღობავენ და ბაღი შეღობონ, რა მოხდაო. მე ვუთხარი, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ვერავინ შეღობავს–მეთქი. მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, სახალხო პროტესტს არ უნდა ახშობდეს.“

ილია ბერუაშვილი ამბობს, რომ დიციდან წასულმა რუსებმა ჯავრი დვანელებზე იყარეს, იქ რამდენიმე ოჯახს საკუთარი ხელით დაანგრევინეს სახლი და მამა–პაპეული მიწიდან აყარეს.