აშშ-ის ურთიერთობა"საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ"

აშშ-ის ურთიერთობა"საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ"

<!-- IMAGE -->

გუშინ ვაშინგტონში მდებარე ვუდროუ ვილსონის სახელობის საერთაშორისო ცენტრის კენანის ინსტიტუტის ეგიდით გაიმართა ბრიფინგი თემაზე „დემოკრატიზაცია, ომი და სტრატეგიული პარტნიორობა: შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.“ შეხვედრაზე ანალიტიკური მოხსენებით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევათა ინსტიტუტის ასოციირებული დირექტორი ბატონი კორი ველტი.
გამოსვლის დასაწყისში კორი ველტმა აღნიშნა, რომ როცა 2008 წლის აგვისტოში მაშინდელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ბარაკ ობამამ გააკეთა პირველი საჯარო განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელშიც მან საქართველოსა და რუსეთს თავშეკავებისაკენ მოუწოდა რათა მოქმედებების ესკალაცია ომში არ გადაზრდილიყო, მასში ნათლად აისახა ის, რომ ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით დამოკიდებულება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე სააკაშვილის მთავრობა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციასთან დაახლოებული იყო და ზოგადად რესპუბლიკური და ნეოკონსერვატიული წრეების სიმპატიებით სარგებლობდა, საჯაროდ მრავალჯერ მხარდაჭერას უცხადებდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს სენატორს ჯონ მაკკეინს. შედეგად, ველტის აზრით, ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ვაშინგტონსა და თბილისს შორის გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელიც იყო. მისი თქმით:
„ამდენად ახალი ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებას უკავშირდებოდა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება. პირველი იყო ის, რომ საქართველოს, რომელსაც 2005 წელს პრეზიდენტმა ბუშნა ‘პოსტ-საბჭოურ სივრცეში თავისუფლების შუქურა’ უწოდა, ობამას ახალი დემოკრატიული რეალიზმის წარმატების და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით იგნორირებას მოუხდენდნენ. ხოლო მეორე შეხედულების თანახმად, რომელიც დემოკრატიული პარტიის ერთ ფრთაშია გამეფებული, სააკაშვილის მთავრობა ულტრა მემარჯვენე და ნეოკონსერვატიული ბატონ-ყმურ რეჟიმს ანსახიერებს. ამდენად ის ურთიერთობა, რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოსთან აკავშირებდა, უნდა შეცვლილიყო რეგიონში ობამასეული დემოკრატიული სამართლიანი და დაბალანსებული პოლიტიკით. ეს პოლიტიკა ითვალისწინებდა საქართველოში, კავკასიასა და ზოგადად რუსეთის პოსტ-საბჭოურ მეზობელ სახელმწიფოებში ნამდვილი ინტერესების დაბალანსებას რუსეთთან. ამ ბალანსის მიღწევას ბუშის ადმინისტრაცია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამაოდ ცდილობდა.“
ველტს მიაჩნია, რომ მიუხედავად სააკაშვილის ადმინისტრაციის ნეოკონსერვატიული სიმპატიებით გამოწვეული მცდარი შეხედულებისა, რომლის თანახმადაც მისი მთავრობა რესპუბლიკური პარტიის მემარჯვენე პროექტს წარმოადგენს, უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას ეფუძნება. ამ მიზნით ველტმა მოკლედ მიმოიხილა კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდი როდესაც საქართველოში უამრავი პრობლემების მიუხედავად შეერთებული შტატების დემოკრატიულ პარტიაში საქართველოს აღიქვამდნენ, როგორც პოსტ-საბჭოურ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ და პროდასავლურ სახელმწიფოს, რაც შესაბამისად აისახებოდა ვაშინგტონის სერიოზულ ფინანსურ დახმარებაში.
კორი ველტის აზრით ბუშის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პანკისის ხეობაში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოსთვის შეზღუდული სამხედრო დახმარების გამოყოფის თაობაზე უდავოდ წარმოადგენდა გარდამტეხ მოვლენას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში რადგან ვაშინგტონი ეკონომიკური მფარველის როლის შესრულების გარდა პირველად პირდაპირ ჩაერთო საქართველოს უსაფრთხოების საკითხში, რამაც უმალ რუსეთის შეშფოთება გამოიწვია. ხოლო ვარდების რევოლუციამ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების საბაბი მისცა. ამასთან დაკავშირებით კორი ველტმა აღნიშნა:
„ვარდების რევოლუციამ ბუშის ადმინისტრაციას დემოკრატიული მეთოდებით და ძალადობის გამოყენების გარეშე რეჟიმის შეცვლის წარმატებული მაგალითი დაანახა, რაც თავის მხრივ დემოკრატიული ფასეულობების გავრცელების მნიშვნელობას ამართლებდა. ეს კი უაღრესად ხელსაყრელი იყო რადგან ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში მსგავსი წარმატებების მიღწევას ცდილობდა.“
ველტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ობამას ადმინისტრაციის მოსვლიდან მოყოლებული ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა განისაზღვრება ვაშინგტონის დახმარებითა და ყურადღებით. ამ მხრივ რასაკვირველია უნდა აღინიშნოს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ომის შემდეგ საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით. ხსენებული დახმარების პაკეტის 25 პროცენტი პირდაპირ საბიუჯეტო სუბსიდირებას ითვალისწინებდა და ზოგიერთი დამკვირებლის აზრით სწორედ ამ დახმარების გამო საქართველომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა.
კორი ველტს მიაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაცია სიმბოლურად დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, რაც გამოიხატება ხშირ განცხადებებში, სატელეფონო საუბრებსა და ოფიციალური პირების ვიზიტებში. ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს გასულ წელს ესტუმრა და იგი ხშირად ურეკავს სააკაშვილს. ველტის გაანგარიშებით ოფიციალური ვიზიტი ან სატელეფონო საუბარი ფაქტობრივად ყოველ ოთხ თვეში ერთხელ ხდება. ამას გარდა საქართველოს შავი ზღვის პორტებში გარკვეული სიხშირით შედის ამერიკული სამხედრო გემები, რაც საქართველოს უსაფრთხოებისადმი კიდევ ერთი თუნდაც სიმბოლური გამოხატულებაა ამერიკის მხრიდან.
ველტს მიაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს თავდაცვითუნარიანობის მიმართ წინააღმდეგობრივია. მისი თქმით:
„სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში ნახსენებია, რომ ‘შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს რომელიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული.’ ობამას ადმინისტრაციის დასაწყისში სამხედრო მაღალჩინოსანთა ოფიციალურ განცხადებებში შეინიშნებოდა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითუნარიანობის გაძლიერების სურვილი, მაგრამ შემდგომში გასული წლის ზაფხულში პოლიტიკა შეიცვალა. ქართველები შეერთებული შტატების მთავრობისგან არაერთხელ ითხოვდნენ საექსპორტო ლიცენზიების გაცემას რათა საქართველოს ანტი-სატანკო და საჰაერო თავდაცვის შეიარაღება მოეპოვებინა ამერიკის კერძო თავდაცვითი ფირმებისგან. მაგრამ შეერთებული შტატების პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე ის არის, რომ ამ სახის თხოვნებს პენტაგონი არც უარყოფს და არც აკმაყოფილებს. ამდენად ცხადია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ცდილობს, რომ არ შეუწყოს ხელი საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვას, რასაც ქართული მხარე აქტიურად ითხოვს.“

კორი ველტმა ამგვარად შეაჯამა ამერიკის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ:
„შეერთებულ შტატებს უბრალოდ არ ძალუძს შეწყვიტოს რუსეთის ოკუპაცია და ამის გამო ვაშინგტონს არ სურს გამოხატოს მორალური აღშფოთება რუსეთის ოკუპაციის გამო. ქართველებს ყოველთვის სურთ, რომ ჩვენ უფრო ხმამაღალი განცხადებები გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკა არსებითად დეკლარაციული ხასიათისაა. ჩვენ რეგულარულად ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ აგრეთვე ხშირად ავღნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. და ჩვენ აგრეთვე ავღნიშნავთ, რომ რუსეთი კვლავინდებურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. ყოველივე ეს ფაქტობრივად განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკას რუსეთის ოკუპაციის მიმართ. ეს კი იმით აიხსნება რომ შეერთებული შტატები მდგომარეობას ვერ შეცვლის, თუმცა ყოველივე ეს უშუალოდ უკავშირდება რუსეთთან ‘გადატვირთვის’ პოლიტიკას და ამ პოლიტიკით ნაკარნახევი დიპლომატიური ურთიერთობის წარმართვის აუცილებლობას.“