<!-- IMAGE --> რუსეთი და ვენესუელა ორმხრივ ურთიერთობას აძლიერებენ. რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ვენსეუელას დედაქალაქ კარაკასში ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთი ვენესუელას ხუთი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ ვენესუელამ რუსეთისგან ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე შეისყიდა.
რუსეთის პრემიერ მინისტრს ვლადიმირ პუტინს კარაკასში მაღალი დონის მიღება მოუწყვეს. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი ვენესუელაში.
პრეზიდენტმა უგო ჩავესმა და რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ვენესუელას კოსმოსური პროგრამა, აღმოსავლეთ ვენესუელაში ნავთობის საბადოების ერთობლივი ათვისება და ბირთვული ელექტროსადგურის პროექტი განიხილეს. ამასთან დაკავაშირებით ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა:
„ჩვენ განვიხილეთ ბირთვული ენერგიის საკითხი და ჩვენ მზად ვართ დავგეგმოთ ბირთვული ელექტროსადგურის აშენება, რომელიც რასაკვირველია მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.“
ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ლათინური ამერიკის პროგრამის დირექტორი პიტერ დეშაზო ხსენებულ განცხადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისი თქმით:
„ამ განცხადებებს გამჭვირვალეობა აკლია და ამდენად ძნელია იმის გარკვევა თუ რა რაოდენობის ფული დაიხარჯება ამ პროექტებზე. უცნობია აგრეთვე თვით ამ პროექტების დეტალები. ამდენად მდგომარეობა გაურკვეველია.“
ბოლო ხუთი წლის მანძილზე ვენესუელამ რუსეთისგან ოთხი მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღება შეიძინა, თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და 100,000 კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევის ჩათვლით. ვენესუელაში ოფიციალური ვიზიტის დარსულების შემდეგ რუსეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ვენესუელა რუსეთისგან დამატებით ხუთი მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას შეიძენს. შეერთებული შტატების მთავრობას აინტერესებს ის თუ რისთვის არის საჭირო ეს გამალებული შეიარაღება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პი.ჯეი.კროულის თქმით:
„ჩვენ გვაინტერესბს რა ლეგიტიმური მოთხოვნები აქვს ვენესუელას ამ აღჭურვილობის შესაძენად.“
ვაშინგტონში მდებარე საგარეო ურთიერთობათა ჯგუფის პრეზიდენტის მაიკლ შიფტერის თქმით მსოფლიო შეშფოთებული უნდა იყოს იმის გამო, რომ ვენესუელა შეიარაღების მზარდ შესყიდვებს აწარმოებს. მისი თქმით:
„შეირაღების შეძენა აგრესიული განზრახვის მანიშნებელია და ჩემის აზრით ამას შეიძლება მოჰყვეს წინდაუხედავი მოქმედება. ეს კი საკმაოდ სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. ამდენად მიმაჩნია რომ ეს ნამდვილი პრობლემაა.“
პრეზიდენტი ჩავესი აღნიშნავს, რომ შეიარაღების შეძენა ლათინურ ამერიკასა და კერძოდ კოლუმბიაში შეერთებული შტატების გავლენის შემცირებას ემსახურება. მაგრამ რუსეთი ვენესუელისთვის შეიარაღების მიწოდებას სხვაგვარად განმარტავს. რუსი ექსპერტები, ბატონ პუტინის ჩათვლით, აღნიშნავენ, რომ რუსეთისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი გარიგებაა. ბატონ პუტინის თქმით:
„თუ შეერთებულ შტატებს არ სურს სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობის მიწოდება სხვა ქვეყნებისთვის და კერძოდ ვენესუელასთვის, მაშინ ჩვენ მხოლოდ იმას ვიმდედოვნებთ, რომ ეს ასე გაგრძელდეს რადგან, როგორც ამბობენ რუსეთში, ყოველთვის გამოჩნდება ის, ვინც ვაკანსიას შეავსებს.“
ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვენესუელასთან კავშირების განმტკიცება რუსეთის მხრიდან ამერიკის ტრადიციულ გავლენის სფეროში - ლათინურ ამერიკაში - მოსკოვის გავლენის დემონსტრაციას ნიშნავს. მაგრამ შეიარაღების მიწოდების, კოსმოსური პროგრამის განვითარების, ნავთობის საბადოების ერთობლივი ათვისებისა და ბირთვული ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებული დაპირებების პრაქტიკული განხორიციელება საეჭვოა რადგან რუსეთსა და ვენესუელაში მნიშვნელოვანი შიდა პრობლემები დაგროვდა.
ამასობაში ორი ქვეყნის ლიდერი პირად ურთიერთობას აძლიერებს. ვენესუელაში ოფიციალური ვიზიტის მიწურულს ბატონმა ჩავესმა ბატონ პუტინს საჩუქრად სიმონ ბოლივარის ხმალი გადასცა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოს წარმოადგენს.