არჩევნები  ბრიტანეთში

არჩევნები  ბრიტანეთში

<!-- IMAGE -->

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა დედოფალ ელისაბედს ფორმალური თხოვნით მიმართა პარლამენტის დაშლის შესახებ რათა ქვეყანაში 6 მაისს საყოველთაო არჩევნები გაიმართოს.

„თქვენ ალბათ არ გაგაკვირებთ ის, რომ დედოფალი დათანხმდა პარლამენტის დაშლას და საყოველთაო არჩევნები 6 მაისს გაიმართება,“ განაცხადა პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა.

ბატონმა ბრაუნმა აღნიშნა, რომ მას ამომრჩევლებისთვის ერთი მარტივი გზავნილი აქვს.

„ბრიტანეთი ეკონომიკური აღორძინების გზას დაადგა და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რათა ეს მოძრაობა რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს,“ აღნიშნა ბრაუნმა.

აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტების პარტია ბრიტანეთს 13 წლის განმავლობაში მართავს. ბატონმა ბრაუნმა აღნიშნა, რომ მას ფინანსურ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია. ყოფილი პრემიერ მინისტრის ტონი ბლეირის დროს იგი მინისტრთა კაბინეტში ფინანსებს განაგებდა. 2007 წელს ბრაუნი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გახდა. ეს იქნება მისი პირველი საყოველთაო არჩევნები პრემიერ მინისტრის პოსტზე.

ბატონი ბრაუნის მთავარი მეტოქეა კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი დეივიდ კამერონი. მან ამომრჩევლებს განუცხადა, რომ ხალხის შეშფოთება ცხადია. ამასთან დაკავშირებით კამერონმა აღნიშნა:

„მე თქვენ გაგიზიარებთ იმას თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ არჩევნებს. ამ არჩევნებზე გადაწყდება ჩვენი ეკონომიკის ბედი, ჩვენი საზოგადოების განვითარება, ჩვენი ქვეყნის მომავალი. თაობების მანძილზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო არჩევნები იქნება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ თუ გსურთ გორდონ ბრაუნის მმართველობა ხუთი წლით გააგრძელოთ.“

პოლიტიკურ სახეებს ძალზედ დიდი მნიშვნელობა ექნება მოახლოვებულ საყოველთაო არჩევნებში. ამასთან, პირველად ბრიტანეთის ისტორიაში სამი მთავარი კანდიდატი ღია ეთერით ეროვნულ ტელევიზიაში დებატებში მიიღებს მონაწილეობას.