ანტიამერიკანიზმი რუსეთში


სამშაბათს, 23 მარტს ვაშინგტონში მდებარე ჰერიტაჯის ფონდში გაიმართა ბრიფინგი თემაზე „რუსული ანტი-ამერიკანიზმი: შეერთებული შტატების საჯარო დიპლომატიის პრიორიტეტული ამოცანა.“ დისკუსიას უძღვებოდნენ ჰერიტაჯის ფონდის უფროსი მკვლევარი არიელ კოენი და საჯარო დიპლომატიის ექსპერტი ჰალე დეილი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის სახელწმიფო საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ ვაშინგტონის ბიუროს უფროსი სვეტლანა ბაბაევა და ამერიკის შიდა უსაფრთხოების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დანიელ კიმეჯი.

შეხვედრის დასაწყისში ჰალე დეილიმ აღნიშნა:

„ოაბამას ადმინისტრაციის ინიციატივით წამოწყებული რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ‘გადატვირთვის’ მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით ანტი-ამერიკანიზმი რუსეთში კვლავინდებურად მაღალ დონეზეა. კრემლის მხარდაჭერით აღჭურვილი ახალგაზრდული ჯგუფები, ტელეწამყვანები, საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ანალიტიკური ორგანიზაციები, დოკუმენტური, მხარვრული ფილმები და ინტერნეტი - ეს ყოველივე ანტი-ამერიკული პროპაგანდის გავრცელების საშუალებებს წარმოადგენს. კრემლი ამ ანტი-ამერიკანიზმს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იყენებს. ქვეყნის შიგნით შეერთებული შტატების როგორც მთავარი მტრის იმიჯის შექმნა წარუმატებელი სახელმწიფო პოლიტიკისგან საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზანს ემსახურება. ამას გარდა ის პუტინის მთავრობას ლეგიტიმურობას მატებს. საგარეო პოლიტიკაში რუსები ანტი-ამერიკანიზმს იყენებენ საერთო მტრის წინააღმდეგ ისეთი სახელმწიფოების გაერთიანების მიზნით როგორებიც არის ვენესუელა. ანტი-ამერიკანიზმს მრავალწახნაგოვანი მსოფლიოს თვალთახედვის პოპულარიზციის მიზნითაც იყენებენ. ხოლო ამ თვალთახედვის კონტექსტში მრავალწახაგოვან მსოფლიოში რუსეთი და ბევრი სხვა სახელმწიფო ამერიკის გავლენის შეკავებას შესძლებს. ამ ფენომენს კი რუსეთ-აემრიკის ურთიერთობებისთვის შორსგამიზნული შედეგები მოჰყვება.“

სვეტლანა ბაბაევამ აღნიშნა, რომ როცა ლაპარაკია ანტი-ამერიკანიზმზე რუსეთში აუცილებელია მისი შედარება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე სხვა სახელმწიფოებში შექმნილ მდგომარეობასთან. ამ მხრივ, მან მოიშველია პიუს კვლევათა ცენტრის მაჩვენებლები, რომელთა თანახმად 2008 წელს რუსების 46 პროცენტი შეერთებულ შტატებს დადებითად აღიქვამდა, საფრანგეთში ეს ციფრი 42-ს უდრიდა, ხოლო ჩინეთში კი 41-ს. ამდენად ბაბაევას მიაჩნია, რომ ამერიკის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული ეროვნული სკეპტიციზმის გასარკვევად აუცილებელია ამ ფენომენის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა. ამასთან დაკავშირებით ბაბაევამ აღნიშნა:

„ჩემის აზრით ეს ოთხი ფაქტორით აიხსნება. პირველი ეს არის შეერთებული შტატების ზომა და გავლენა. როდესაც არსებობს ქვეყანა, რომელიც ძალზედ ძლიერია, თანაც ეკონომიკური და სამხედრო მაჩვენებლების მიხედვით სხვებს უსწრებს, ერების უმრავლესობა ასეთი სახელმწიფოს მიმართ სიფრთხილეს, შეშფოთებას ან ღრმა ანტიპათიას გამოხატავს. მეორე მიზეზია გარკვეულ რეგიონებში გატარებული პოლიტიკით გამოწვეული უთანხმოება. უარყოფითი დამოკიდებულების მესამე მიზეზია სხვაობა ფასეულობებს შორის. ის რაც ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია,სხვები სხვანაირად აღიქვამენ. ხოლო მეოთხე ეს არის ის, რომ უდავოა ის, რომ რუსეთის მთავრობა საკმარის ყურადღებას არ უთმობს მოსახლეობაში გავრცელებული უარყოფითი სტერეოტიპების აღმოფხვრას. ეს ნაწილობრივ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობით არის განპირობებული, როცა მთელი წყობის ყურადღება შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაზე იყო გამახვილებული.“

თავის გამოსვლაში დენიელ კიმეჯმა რუსეთის ანტი-ამერიკანიზმი ისტორიულ ჭრილში განიხილა. მას მიაჩნია, რომ დაძაბულობა გარეშე გავლენასა და ქვეყნის შიგნით მოვლენებს შორის რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ ელიტის მიღმა, სახალხო დონეზე უცხოეთის მიმართ დამოკიდებულების შესახებ ისტორიული წყაროების რიცხვი ძალზედ მწირია. პუტინის მმართველობის ათწლეულის მანძილზე გლობალურ ასპარეზზე ქვეყნის სტატუსის დაკარგვით გამოწვეული გულისწყრომის ფონზე რუსეთის ელიტაში ანტი-ამერიკანიზმის კონსენსუსი დამკვიდრდა. კიმეჯის თქმით:

„პუტინის ერაში მედიაზე სახელმწიფოს მტკიცე კონტროლის პირობებში ჩამოყალიბდა საკმაოდ შთამბეჭდავი აპარატი, რომელიც ანტი-ამერიკანიზმს შიდა პოლიტიკის სფეროში ერის გაერთიანებისა და სახალხო კონსენსუსის შექმნის მიზნით იყენებს. მე მიმაჩნია, რომ ეს გარემოება უწინარეს ყოვლისა რუსეთის შიდა პოლიტიკით არის ნაკარნახევი და ამდენად ის ნაკლებად არის გამოწვეული შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებითა ან ამერიკის საგარეო პოლიტიკით.“

შეხვედრის მიწურულს არიელ კოენმა აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია აგრეთვე რუსული საინფორმაციო საშუალებების მზარდი გავლენა დასავლეთში. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს რუსეთის ინგლისურენოვანი სატელევიზიო არხი „რაშა თუდეი,“ რომელიც დაფინანსების თვალსაზრისით არაბულ სატელევიზიო არხს „ალ ჯაზირას“ შეედრება, მაგრამ მაუწყებლობის ხარისხის მიხედვით ამ უკანასკნელს საგრძნობლად ჩამოუვარდება. არიელ კოენმა დასძინა:

„მე მიმაჩნია, რომ შეერთებულ შტატებს საჯარო დიპლომატიის სფეროში სჭირდება შემაკავშირებელი და თანამიმდევრული სტრატეგია. ამას გარდა აუცილებელია, რომ სამართალდამცველებმა სათანადო ყურადღება დაუთმონ შეერთებულ შტატებში მედიის სფეროში გარკვეულ საეჭვო საქმიანობას. შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გააქტიუროს საქმიანობა ინფორმაციის გავრცელების სფეროში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ამას მოითხოვს ის გარემოება, რომ ამ რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა დემოკრატიულ რეფორმებზე უარი განაცხადა და საკუთარ მედიაზე უფრო მკაცრი კონტროლი დააწესა ვიდრე ეს რუსეთში შეინიშნება.“