ესპანეთის პროკურატურის ინიციატივით ქართული მაფიური დაჯგუფების წინააღმდეგ ევროპის ექვს ქვეყანაში ერთდროულად რეიდების მთელი სერია განხორციელდა, - ეს განცხადება 15 მარტს ფრანგულმა სააგენტო ფრანს პრესმა გამოაქვეყნა.
ესპანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და იტალიაში ქართულ მაფიად წოდებული დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ევროპელმა სამართალდამცავებმა 80 ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცავების ვარაუდით ეს კრიმინალური ორგანიზაცია ესპანეთიდან იმართებოდა და მისი წევრების უმრავლესობა ეროვნებით ქართველები არიან. პოლიციის განცხადებით, მისი ხელმძღვანელები სერიოზულ გასამრჯელოს იღებდნენ სხვადასხვა ბოროტმოქმედი ჯგუფებისაგან ე.წ. „ტერიტორიების შესყიდვის“ მიზნით.
ეჭვმიტანილებს ასევე ბრალად ედებათ ნარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობა, ყაჩაღობა, იარაღის გამოყენება და ზოგიერთ შემთხვევაში მკვლელობების ორგანიზებაც კი.
შვეიცარიის პროკურატურამ ეს ბოროტმოქმედი ორგანიზაცია დაახასიათა როგორც ძლიერი და კარგად ჩამოყალიბებული იერარქიული სტრუქტურა. ევროპის მასშტაბით, ეს ორგანიზაცია ესპანეთიდან მისი ეგრეთწოდებული ხელმძღვანელის მიერ კონტროლირდებოდა და მის სალაროსაც ე.წ. „ობშიაკს“ სწორედ იქ განკარგავდენ.
ესპანეთის ტერიტორიაზე ოპერაციები განხორციელდა ვალენციაში, ბარსელონაში, მადრიდსა და ბილბაოში რის შედეგადაც დაკავებულია 24 ეჭვმიტანილი,მათ შორის დაჯგუფების ევროპულ ლიდერად მიჩნეული კახაბერ შუშანაშვილი.
მისმა ძმამ, ლაშაშუშანაშვილმა რომელიც ქართული კრიმინალური დაჯგუფების მსოფლიო მასშტაბით ხელმძღვანელობაშიაეჭვმიტანილი,
საბერძნეთში გაქცევა შეძლო. ამის გამო ესპანეთის პროკურატურამ საბერძნეთის პოლიცია გულგრილობაში დაადანაშაულა. ბერძენი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ლაშა შუშანაშვილი ამჟამად ქვეყნის ჩრდილოეთით იმალება.
ავსტრიისპოლიციამ 48 ადამიანის დაკავება შეძლო. მისი განცხადებით, ქართველების მაფიური, ევროპის მასშტაბით მოქმედი ქსელის წევრობაში ეჭვმიტანილ პირებზე მოდის ვენაში ბინების გაძარცვის მესამედი.
გერმანიაში რეიდების შედეგად 17 ადამიანი დააპატიმრეს. 252 პოლიციელის მიერ გაჩხრეკილი იქნა 41 ბინა ბავარიაში, ჰამბურგში, ბრანდენბურგსა და რამდენიმე სხვა ქალაქში.
საფრანგეთში დაკავებული სამი ადამიანი ეჭვმიტანილია ძვირადღირებული ნივთების ქურდობასა და ყაჩაღობაში. მათ საცხოვრებელ ადგილას ფრანგმა სამართალდამცავებმა ამოიღეს ყალბი საბუთები, 9 მილიმეტრიანი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი, მოპარული ძვირფასი ნივთების ნაწილი და რაც მთავარია, გადარიცხვების აღრიცხვის რვეული.
ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებად მიჩნეული პირების დაკითხვა დღესაც მიმდინარეობს.
ჩატარებული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ევროპის თითქმის ყველა ზოგადსაინფორმაციო ჟურნალ-გაზეთში დაიბეჭდა.
ქართულ მაფიად წოდებული საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი იატაკქვეშა ორგანიზაცია დიდ პრობლემას წარმოადგენს ევროპული სამართალდამცავი სისტემისათვის. ამ თემაზე პარიზის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტს გზავიერ როფერს ვესაუბრეთ.
- აღმოსავლეთ ევროპული მაფია დასავლეთის სამართალდამცავებისათვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. რაში მდგომარეობს ეს პრობლემა ? რა განსხვავება არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კრიმინალებს შორის ?
- განსაკუთრებული პრობლემა მართლაც არსებობს ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან წამოსულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებით. რადგან ამ ქვეყნებში ნახევარი საუკუნის განმავლობაში პოლიცია არსებული რეჟიმის იდეოლოგიის შენარჩუნებას ემსახურებოდა და კრიმინალებთან ბრძოლა ამგვარად მეორეხარისხოვანი რჩებოდა. უნდა ითქვას რომ მაშინდელ მილიციას პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა რადგან მას არსებული პოლიტიკური რეჟიმის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო. შესაბამისად, დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, რაც საბჭოთა სამართალდამცავების მთავარ საზრუნავს არ წარმოადგენდა, ხშირად უშედეგო და დაბალი ხარისხის იყო. ეს ყოველივე ფართოდ უწყობდა ხელს არსებული კრიმინალური ჯგუფების განვითარებას, მათ გააქტიურებას შავ ბაზარზე, რაც თავის მხრივ მოქალაქეებს აძლევდა ისეთი ქონების შესყიდვის საშუალებას რაც მათთვის ლეგალურად შეუძლებელი იყო. როდესაც ეს ქვეყნები განთავისუფლდნენ და რეფერანდუმის გზით თავიანთთვის სასურველ რეჟიმში განაგრძეს ცხოვრება, კრიმინალური სამყარო არა თუ არ გამქრალა, არამედ ახალი გზები მოძებნა საერთაშორისო მასშტაბით არსებობისათვის. ასეთ საერთაშორისო ქსელში ჩართული ჯგუფების წევრები მიმართავენ ისეთ საქმიქნობებს როგორებიცაა ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ძარცვა და ა.შ. დაკავებული ჯგუფი რომლის წევრებიც უმრავლესად ქართველები არიან, ეჭვმიტანილია უმრავლეს შემთხვევაში იარაღით თავდასხმასა და გამოძალვაში, მოპარული ძვირფასი ნივთების გასაღებაში. როგორც ხედავთ, ეს პრობლემა საბჭოთა პერიოდის დროინდელი საზოგადოებიდან იღებს სათავეს და დღეს მთელს ევროპაზე ვრცელდება.
- ესპანური წყაროები იტყობინებიან რომ ქართულ მაფიად წოდებული ჯგუფის უმრავლესობამ კრიმინალური საქმიანობა ესპანეთში დამკვიდრების შემდეგ დაიწყო...
- პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თუ რატომ აირჩია ჯგუფის უმრავლესობამ ესპანეთი. ამ ქვეყანამ თავის ისტორიაში მარშალ ფრანკოს დიქტატორული მმართველობის ეპიზოდი გამოიარა. დიქტატურის შემდეგ პოლიცია საგრძნობლად შედარებით ლმობიერი გახდა. ამას ემატება ესპანეტში არსებული რეგიონალური სისტემის თავისებურება : ცალკეულ რეგიონს თავისი პოლიცია ჰყავს, მაგალითად, ბასკეთს, ანდალუზიას, კატალონიას, მადრიდს და ა.შ. ასე რომ კოორდინირების პრობლემა ამ რეგიონების პოლიციის სამსახურებს შორის რეალურად არსებობს. კრიმინალებიც სწორედ იქ დაიდებენ ხოლმე ბინას სადაც პოლიციის ზეწოლა ნაკლებად ძლიერია. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაინც თავის სამუშაოს ასრულებს. ოპერაციამ დაადასტურა, რომ ის ადამიანების კი ვინც გარეგნულად ყოველგვარი ლუქსის გარეშე ცხოვრობდნენ, პოლიციას მათი ამოცნობა არ გასჭირვებია.
- შეიძლება თუ არა ითქვას რომ ისინი განსაკუთრებით საშიშნი არიან ერთის მხრივ საზოგადოებისა და მეორეს მხრივ სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის ?
- თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ამ კრიმინალური ჯგუფების ყველაზე ასაკოვანი თაობის ნაწილს ტოტალიტარული სასჯელარსრულების სისტემის სიმძიმე საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. აქედან დამომდინარე, მათ ექსტრემალური ძალადობა შეიძლება გამოავლინონ და ამიტომ განსაკუთრებით საშიშები არიან. მართალია, მათი საქმიანობა არაფრით განსხვავდება სხვა მაფიოზური კლანური საქმიანობისაგან მაგრამ ინდივიდუალურად მათი გამძლეობა და წინააღმდეგობისუნარიანობა რეპრესიასთან მნიშვნელოვანია, გაცილებით დიდია ვიდრე დასავლეთ ევროპელი კრი;ინალებისა. ამიტომ არის რომ ევროპელ სამართალდამცავებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს არა თავად კრიმინალური ფაქტი არამედ ინდივიდის სიმძიმე.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია კრიმინალური სამყაროს დამარცხება ?
- საჭიროა მეტი კოორდინაცია და მისასალმებელია რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო. სატანადო კოორდინაციის გარეშე საერთაშორისო მასშტაბის ოპერაცია შეუძლებელი გახდებოდა. ეს ნამდვილი პროგრესია, პირველად მოხდა რომ ბოროტმოქმედთა მთელი ჯგუფი ექვს ქვეყანაში ერთდროულად იქნა დაკავებული. მეორე მხრივ, საჭიროა მეტი ინფორმაციის მოძიება საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ. აუცილებელია საკმარისი კონკრეტული დეტალების ფლობა რათა ეს ინდივიდები გასამართლებული იქნენ. ასეთი დამნაშავენი არც თუ ისე ბევრი არიან, მითუმეტეს ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა, შეიძლება სულ რამდენიმე ათასი იყოს. იგივე შეიძლება ითქვას ევროპის ქვეყნებზე, მაგრამ ვინაიდან ძალიან რთულია მათი დამორჩილება, ამიტომ პრიორიტეტად მიმაჩნია მაქსიმალური კრიმინალური ინფორნაციის მოძიება იმისათვის რომ ასეთი ინდივიდები დროულად იყვნენ დაკავებულნი და სასჯელის მოხდის შემდეგ უარი თქვან კრიმინალური საქმიანობაზე.