აშშ-ს საელჩო საქართველოში დენიელ მენაკერს მასპინძლობს

მარტის ბოლოს აშშ-ს საელჩო საქართველოში დენიელ მენაკერსა და ქეთრინ ბუტონს მასპინძლობს. წლების განმავლობაში მენაკერი ჟურნალ „ნიუ-იორკერის" მხატვრული განყოფილების რედაქტორი იყო. ქეთრინ ბუტონი ასევე ლიტერატურის სფეროში მოღვაწეობს, წლების განმავლობაში ის „ნიუ-იორკ თაიმს მეგეზინის" რედაქტორი და ავტორი იყო. დენიელ მენაკერმა ორი ლექცია სათაურით „თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა" ქუთაისისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში წაიკითხა. კონსერვატორიის მცირე დარბაზში ამავე თემაზე გამართა ღია დისკუსია, რომელსაც ჟურნალ „ლიბერალის" რედაქტორი, შორენა შვერდაშვილი უძღვებოდა. 1969 წელს დენიელ მენაკერმა „ნიუ-იორკერში" მუშაობა ფაქტების შემმოწმებლად დაიწყო. ერთ ხანს მისი მოვალეობა ტექსტებსა და მათ გვერდით განთავსებული რეკლამების შესაბამისობის შემოწმებაც იყო. თავის დროზე მენაკერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაიკლ ქანინგემი, მაიკლ ჩაბონი და ჯენიფერ იგანი დაბეჭდა. ასევე მუშაობდა აღიარებულ ავტორებთან როგორებიც იყვნენ ელის მონროუ, მაქს ფრიში, სტანისლავ ლემი, პოლინ კეილი, ისააკ ბაშევის ზინგერი. სხვადასხვა დროს მენაკერს უმუშავია და დღემდე მუშაობს ცნობილ გამომცემლობებთან „ჰარპერ კოლინსი" (Harper Collins) და „რენდომ ჰაუსი" (Random House). ავტორია რამდენიმე წიგნისა და ორჯერ აქვს მიღებული ო. ჰენრის პრიზი მოკლე მოთხრობებისთვის. მისი ბოლო ნაწარმოებია „A Good Talk", იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს ქონდეს სასაუბრო ოთახი საკუთარ ცხოვრებაში. რა ფაქტორები ზემოქმედებენ ლიტერატურის განვითარებაზე ამერიკაში და როგორ იცვლება კულტურული გავლენები ქვეყანაში, რომელმაც დაკარგა გეოგრაფიულად განპირობებული სიშორე დანარჩენ სამყაროსთან, თუ როგორია ლიტერატურული პროცესების განვითარების სირთულეები მისი კომერციალიზაციის პირობებში ის მთავარი საკითხებია, რომელზეც მენაკერი ქართულ აუდიტორიასთან მსჯელობდა. მენაკერის აზრით ამერიკამ სწორედ 9/11-ის მერე გააცნობიერა, რომ აღარ არის იზოლირებული კუნძული. მენაკერი ამბობს, რომ დღეს უკვე „შეუძლებელია ვიყოთ კულტურულად აროგანტულები, ისეთები როგორებიც წარსულში ვიყავით". შესაძლოა ამ ტენდენციის მანიშნებელი ის ფაქტიც იყოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ამერიკელი მწერლები ამერიკაში არ დაბადებულან: ალექსანდერ ჰიუმანი (ბოსნია), კოლუმ მაკკენი (ირლანდია), ნასიმ თალები (ლიბანი), რეზა ასლანი (ირანი)... ხოლო ყველაზე კარგი ინგლისურენოვანი თანამედროვე ავტორები ამერიკელები არ არიან (კუტზეე, მაქიუენი, მონროუ). საუბარი ლიტერატურული კულტურის კომერციალიზაციაზე მენაკერმა დაიწყო კითხვით, ვიცნობთ თუ არა სტეფენი მეიერს, ავტორს წიგნებისა სერიიდან Twiliუght. სტეფენი მეიერი, ჯენის ჰარისონი, დენ ბრაუნი კომერციისა და გაყიდვების კულტურას წარმოადგენენ და ბესტსელერებს ქმნიან. მაშინ, როცა 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში ჯონ აპდაიკის, ფილიპ როტისა და დღეს კლასიკოსებად აღიარებული სხვა ამერიკელი მწერლების ნაწარმოებებიც თავიანთი დროის ბესტსელერებს წარმოადგენდნენ, მენაკერის აზრით დღეს 15-დან ერთ ბესთსელერს თუ აქვს ლირეტატურული ღირებულება. მენაკერს არ უხსენებია სიტყვა დეკადანსი, თუმცა მთავარი მესიჯი, რომელსაც ლექციის პირველ განყოფილებაში ის ქართულ აუდიტორიას აწვდიდა, სწორედ ამ სიტყვის შინაარსობრივ ასოციაციას იწვევდა. შეიცვალა მწერლობა და შეიცვალნენ გამომცემლებიც, რომელთაც რისკები მინიმუმამდე დაიყვანეს. ამიტომ დღეს, ლანჩზე უჩვეულო გახდა ალკოჰოლის მიღება, სიგარეტის მოწევა უფრო და უფრო იშვიათი ხდება, მწერლები უფრო რესპექტაბელურად გამოიყურებიან და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, ისეთს გამომცემლებმა ეჭვის თვალით რომ არ შეხედონ. საგამომცემლო კომპანიები გლამურულ დაწესებულებებად იქცნენ . დღეს ძნელია, იყო ინდივიდუალური გამომცემელი, რომელიც ამავდროულად კორპორაციის მიერ იქნება მართული, ამბობს მენაკერი. ლიტერატურულ კულტურაში ცვლილებები სხვა ფაქტორებმაც განაპირობა. მათგან ერთ-ერთია ინტერნეტი, რომელიც მკითხველს მენაკერის „სამი ეკრანის თეორიაში" კინო და ტელეეკრანების შემდეგ მესამე - კომპიუტერის ეკრანის სახით მიეწოდება. ეს უკანასკნელი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ლიტერატურული კულტურისთვის და ლიტერატურის პოტენციური საკითხავი დროის ყველაზე დიდ ნაწილს ართმევს ადამიანს. კომპიუტერის ეკრანთან მიჯაჭვულობა და ელექტრონული წიგნების საკითხავი სხვადასხვა მოწყობილობები წიგნებს ანტიკვარულ ნივთებად ქცევას უქადის. „ინტერნეტი ერთდროულად წყევლა და წყალობაა", თვლის მწერალი. ინტერნეტ-წიგნები (e-book) და ინტერნეტ-საკითხავები (e-reader) მკითხველს ხელმისაწვდომობის შესანიშნავ შესაძლებლობასაც აძლევს. მოგზაურობისას წიგნებით დატვირთული ჩემოდნების ზიდვის ნაცვლად მათი ნებისმიერი რაოდენობით ჩამოტვირთვას და კომპაქტური შენახვას მენაკერი ახალი ტექნიკური მედიუმის პლიუსად ასახლებს. სამაგიეროდ, ამ დროს სულ უფრო ძნელი ხდება საავტორო უფლებების კონტროლი.