ერაყის  საპარლამენტო არჩევნები 

ერაყის საპარლამენტო არჩევნები 7 მარტს არის დაგეგემილი. ამ არჩევნების შედეგებზე დამოკიდებულია ქვეყნის შემდგომი განვითარება ტერორისტული თავდასხმებისა და 2011 წელს შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანის ფონზე.


არჩევნების მოახლოვება ერაყის ქალაქებში გაკრული პოლიტიკური პარტიების პლაკატების სიმრავლით იგრძნობა. ბევრ ერაყელს დაბალი ცხოვრების დონე, პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფცია და ეთნიკური ძალადობა აღელვებს. ერაყელებს დიდი იმედი არა აქვთ იმისა, რომ არჩევნები დადებით ცვლილებებს გამოიღებს.

სუნიტი, შიიტი, ქურთი და სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 352 ადგილისთვის იღწვიან.


მაიკლ ნაითი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტში ერაყის საარჩევნო ციებცხელებას თვალ-ყურს ადევნებს. მისი თქმით:
„ჩვენ კიდევ გავხდებით იმის მომსწრეები, რომ იქ ბევრი ახალი პოლიტიკური ფორმირება ჩამოყალიბდება. ამდენად ჩვენ დავინახავთ იმას შეიქმნება იქ თუ არა ნაციონალისტური ჯგუფების ფართო სპექტრი, რომელიც რელიგიურ ან ეთნიკურ განსხვავებებს უგულვებელყოფს. სხვაგვარად ჩვენ ისევ იმ პერიოდს დავუბრუნდებით, როცა ამომრჩეველთა უმეტესობა ხმებს საკუთარი იდენტურობის მიხედვით აძლევს.“

ჰენრი ბარკი ერაყის საკითხების ექსპერტია ვაშინგტონში მდებარე კარნეგის სახელობის ფონდში. მას მიაჩნია, რომ ერაყელები ხმებს საკუთარი ეთნიკური წარმოშობისა ან რელიგიური მიმდევრობის მიხედვით მისცემენ. ამასთან დაკავშირებით ბარკი აღნიშნავს:


„შიიტები შიიტურ პარტიებს მისცემენ ხმებს, სუნიტები კი სუნიტურს, ხოლო ქურთები ქურთულს. მაგრამ პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების პარალელურად ჩვენ ალბათ პარტიებს შორის წევრების გადანაცვლებასაც ვიხილავთ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.“

როგორც მოსალოდნელია არჩევნების შემდეგ ერთიანი საარჩევნო ბლოკი ალბათ არ შეიქმნება. მაგრამ ის კოალიცია, რომელიც პარლამენტში ადგილების უმრავლესობას მოიპოვებს, ახალ მთავრობას შექმნის. ხოლო ეს კი უფრო მცირე ჯგუფებთან კონსულტაციების ჩატარებას მოითხოვს მინისტრთა კაბინეტის თანამდებობების განაწილების მიზნით. შეერთებული შტატების ელჩმა კრისტოფერ ჰილმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის შექმნას მრავალი თვე დასჭირდება. მისი თქმით:
„არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც სუნიტების გარკვეულ ნაწილს შიიტების სახელმწიფოში აქტიური მონაწილეობა არ სურს, მაგრამ აქ მე ის უნდა ავღნიშნო, რომ ამ სისტემაში ერთი ჯგუფი ვერ იბატონებს. ისევე როგორც ამჟამინდელ მთავრობაში სუნიტები მონაწილეობენ, იგივე მოხდება შემდგომ მთავრობაში.“

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ერაყში შიიტებსა და სუნიტებს შორის ძალადობა და დაპირისპირება გახშირდა. ერაყში მოქმედი ალ ყაიდას ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც სუნიტები ხელმძღვანელობენ, იმუქრება, რომ სამოქალაქო პირების, უშიშროების ძალებისა და მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების განხორციელებით ის ამომრჩევლების დაშინებას შესძლებს და შედეგად არჩევნებს ჩაშლის.

უნდა აღინიშნოს, რომ 400-ზე მეტ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმის გამო, რომ ისინი სადამ ჰუსეინის კანონგარეშედ გამოცხადებულ ბაათის პარტიასთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილი. ამ კანდიდატების უმეტესობა სუნიტები არიან და ზოგი აცხადებს, რომ ბაათის პარტიასთან კავშირი დიდი ხნის წინ შეწყვიტეს. ზოგიერთ სუნიტს მიაჩნია, რომ ბაათის პარტიასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა სუნიტებისა და საერო კანდიდატების ჩამოშორების მიზნით დაწესდა.

ერაყის სუნიტების წამყვანი პოლიტიკური კოალიცია საარჩევნო პროცესიდან გამოვიდა. შედეგად საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დადგა. შეერთებული შტატებისა და გაეროს დიპლომატები შიშობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების შემთხვევაში ერაყში ძალადობის ახალი ტალღა აგორდება და ქვეყნიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანა შეფერხდება. მაგრამ ელჩი ჰილი დასძენს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად შეერთებული შტატები 2011 წლის აგვისტოს ბოლომდე ერაყიდან სამხედრო ძალებს გაიყვანს.