უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

კვირას, 17 იანვარს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 14 იანვარს ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ორგანიზაცია „ამერიკული პროგრესის ცენტრის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია სათაურით „უკრაინის არჩევნები ყურადღებას ითხოვს,“ რომლის ავტორია ხსენებული ორგანიზაციის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოციირებული დირექტორი, ბატონი სამიუელ ჩარაპი. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ კომენტარი სთხოვა ბატონ ჩარაპს.

კითხვაზე თუ ვინ მოიპოვებს გამარჯვებას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბატონმა ჩარაპმა ასეთი პასუხი გასცა:

„მე ვფიქრობ, რომ რაც შეეხება არჩევნების პირველ რაუნდს, ნათელია ის, რომ იანუკოვიჩსაც და ტიმოშენკოს მოუხდებათ არჩევნების მეორე რაუნდში გასვლა. იანუკოვიჩი უფრო მეტ ხმებს მოიპოვებს, მაგრამ მას არ ექნება ხმების ორმოცდაათ პროცენტზე მეტი. ხოლო რაც შეეხება მეორე რაუნდის შედეგს, პროგნოზირება მიჭირს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ცხადყობს, რომ იანუკოვიჩს უფრო მეტი მომხრე ჰყავს, მაგრამ ტიმოშენკოს საარჩევნო კამპანიის წარმართვა კარგად ეხერხება და წარსულში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, მისი პოპულარობა სათანადოდ ვერ შეფასდა. ამდენად არავინ იცის დანამდვილებით თუ ვინ გაიმარჯვებს უკრაინაში.“

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნლობას უკრაინისთვის ისევე როგორც დასავლეთისთვის, ბატონ ჩარაპს მიაჩნია, რომ უკრაინის პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ორ მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვა ტიმოშენკომ, ჩარაპის აზრით, იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიაში“ განხეთქილება მოხდება და ამ პარტიის ზოგი წევრი ტიმოშენკოს დაუჭერს მხარს. შედეგად ტიმოშენკო პარლამენტში სტაბილურ უმრავლესობას მოიპოვებს, რაც მას პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე მისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატის დანიშვნის უფლებას მისცემს. ეს ალბათ ოლექსანდრ ტურჩინოვი იქნება რადგან ის ტიმოშენკოს მარჯვენა ხელია. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ტიმოშენკოს კონტროლის ქვეშ ხელისუფლების სამივე შტო აღმოჩნდება. შედეგად კი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

იმ შემთხვევაში კი თუ გაიმარჯვა იანუკოვიჩმა, მას პარლამენტში მორჩილი უმრავლესობა არ ეყოლება. ამას გარდა თავდაპირველად იგი აგრეთვე ვერ გააკონტროლებს პრემიერ მინისტრის თანამდებობას და არ არის გამორიცხული რომ ტიმოშენკო ამ თანამდებობაზე დარჩეს. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ იანუკოვიჩმა მოითხოვა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, იგი პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას მაინც ვერ შესძლებს. ამდენად მას მოუწევს კომპრომისებზე წასვლა, მაშინ როცა ტიმოშენკოს დათმობებზე წასვლა არ მოუხდება.

ძალაუფლების კონსოლიდაცია ტიმოშენკოს ხელში შესაძლებელს გახდის ქვეყანაში არაპოპულარული მაგრამ აუცილებელი რეფორმების ჩატარებას, რაც უკრაინისთვის დადებითი იქნება. მეორეს მხრივ, რასაკვირველია არ არის გამორიცხული, რომ ტიმოშენკო ახლადშეძენილ ძალაუფლებას თვითნებურად საკუთარი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ გამოიყენებს, თუმცა, სამიუელ ჩარაპის აზრით ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი.

ჩარაპმა ასე დაახასიათა შეერთებული შტატების მთავრობის დამოკიდებულება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ:

„მე არ ვიცი თუ რაზეა საუბარი კულისებს მიღმა. მე დარწმუნებული ვარ რომ არსებობს დიალოგი ჩვენ მაღალჩინოსნებსა და კანდიდატების წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გზავნილების გაცვლა. მაგრამ მე მგონი დროა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ საჯაროდ განაცხადოს, რომ უკრაინის არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე ვითარებაში უნდა ჩატარდეს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგები საარჩევნო უბნებში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩებსა თუ სასამართლოებში.“

ნარინჯის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში განუწყვეტელი პოლიტიკური არეულობისა და მზარდი ეკონომიკური სიდუღჭირის პირობებში უკრაინელებს შორის შეინიშნება იმედგაცრუება დემოკრატიისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს ამ მოვლენების ფონზე იმას, რომ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ნარინჯის რევოლუცია დასრულდება, ჩარაპმა აღნიშნა:

„არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ მოიგებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსულში იანუკოვიჩი პრემიერ მინისტრის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობა მან მაშინ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების დიდი უპირატესობით მოიპოვა. ამდენად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ის თუ როგორ წარიმართება არჩევნები და არა თუ ვინ გაიმარჯვებს. და თუ არჩევნების შედეგი სადავოა, მაშინ ხალხი დემოკრატიის მიმართ კიდევ უფრო იმედგაცრუებული იქნება.“

ინტერვიუს ბოლოს ჩარაპმა ამგვარად დაახასიათა ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ:

„ერთის მხრივ, უკრაინასა და ევროკავშირს შორის დეკემბრის დასაწყისში მნიშვნელოვანი უმაღლესი დონის შეხვედრა ჩატარდა, და თვით ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დადებითია. მაგრამ, მეორეს მხრივ, ევროპელები უკრაინისგან დაიღალნენ. ევროპელები უკრაინის ხელისუფლებით იმდენად იმედგაცრუებულები არიან, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისგან გათიშულები აღმოჩნდნენ.“