ძველი და ახალი თბილისი

დღევანდელ გადაცემაში ურბანისტი და არქიტექტორი კოკა ამირეჯიბი ძველი და ახალი თბილისის შესახებ გვესაუბრება. რისი მანიშნებელია ის იერსახე, რომელიც დღევანდელ თბილისს აქვს და რატომ ვერ ვუვლით ძველ ისტორიულ ზონას?

კოკა ამირეჯიბი - უნდა ითქვას, რომ თბილისი დღეს არის ძალიან სხვადასხვანაირი, არ არსებობს ერთგვაროვანი თბილისი. დღევანდელმა თბილისმა გაიარა განვითარების რამდენიმე ეტაპი, რომელიც დიამეტრულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. არსებითად შეიძლება 3 ეტაპი ჩამოვაყალიბოთ, ეს არის მე-19 საუკუნის თბილისი, ეს არის მე-20 საუკუნის საბჭოთა თბილისი და უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში აშენებული ახალი თბილისი. სამი დიამეტრალურად საწინააღმდეგო თბილისი გვაქვს ჩვენ დღეს და მათ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. თუ რამეა საერთო მათ შორის არის ის, რომ როგორც ძველი, ისე ახალი თბილისი ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ბოლო დამოუკიდებლობის პერიოდში აშენებული სახლები, ზოგიერთი ძალიან ცუდად არის აშენებული და ისინი მალე ავარიულ მდგომარეობაში იქნება, მაგრამ მათ შორის არის ნორმალურად და ხარისხიანად აშენებული სახლები, მათზე ჯერ ვერ ვიტყვით რომ რაღაც პრობლემები აქვთ. ძველ თბილისს და ახალ თბილისს, საბჭოთა თბილისს ძალიან სერიოზული პრობლემები ედგათ.

შენარჩუნება საჭიროა, რადგან ეს არის ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, ეს არის თბილისის განუმეორებელი სახე, რომელიც განარჩევს მას ყველა დანარჩენი ქალაქებისგან, ეს არის უნიკალური ურბანული ქსოვილი, ურბანული სტრუქტურა, რომელიც განლაგებულია რთულ რელიეფზე და რომელიც მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ და კულტურულ ფენებს. ასეთი სიმდიდრე ძალიან ფაქიზი მოსავლელია და მისი დაკარგვა არ შეიძლება არავითარ შეთხვევაში. არა მარტო იმიტომ, რომ ტურისტები მოვიდნენ და სურათი გადაიღონ, თბილისი არ არის ქალაქი რომელიც ტურიზმით ცხოვრობს, თუმცა არაფერი ცუდი იმაში არ არის რომ ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს თბილისში, ეს კულტურული მემკვიდრეობა თავისთავად ღირებულია, ეს აჩვენებს ჩვენი ერის სულიერ სიმდიდრეს, მატიანეს რომელიც ამ ქალაქმა გაიარა, ხალხი რომელიც იზრდება მრავალფეროვან პოლიკულტურულ გარემოში გაცილებით უფრო საინტერესოა, ჩამოყალიბებულია, აზროვნებს სხვანაირად, ვიდრე ხალხი რომელიც ღარიბ გარემოშია გაზრდილი. ქალაქს აქვს უზარმაზარი სოციო-კულტურული გავლენა ადამიანზე, ამ მემკვიდრეობის როლი შეიძლება იყოს აღმზრდელობითი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის, ამისთვის არის ეს კულტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ.

საინტერესოა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას არანაირი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ევროპის ქვეყნებს აქვთ უზარმაზარი გამოცდილება მრავალი ათეული წლის განმავლობაში, იმის თუ როგორ გადაარჩინონ კულტურული მემკვიდრეობა. ევროპაში არის ზღვა ისტორიული ქალაქებისა, მოვლილი, ნაპატრონები, შენახული, ლამაზი, გაწმენდილი... ე.ი. შეიძლება ამის გაკეთება. ეს გამოცდილება უნდა შევისწავლოთ, არსებობს რამდენიმე ეკონომიკური მოდელი თუ როგორ ხდება ამ სიტუაციებში მოქმედება. ეს მოდელებიც შეიძლება დაინერგოს ჩვენთან, ერთადერთი სპეციფიკა, რომელიც თბილისს გააჩნია არის ის, რომ ძალიან ბევრი ავარიული შენობაა, ძალიან მოცვეთილია მთელი ეს ფონი და ძნელია ერთბაშად ყველას უშველო. დანარჩენი თვალსაზრისით არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს ძველი შენობის რესტავრაცია, რეგენერაცია, ადაპტაცია, რეკონსტრუქცია და ა.შ. მითუმეტეს საქართველო უკვე დიდი ხანია შეუერთდა ბევრ საერთაშორისო ქარტიას, კულტურული მემკვიდრეობის შენახვა-გადარჩენაზე და ეს მასალები ხელმისაწვდომია, სპეციალისტები გვყავს ვინც იცის ეს საქმე. არის პოლიტიკური ნების პრობლემა, იმის რომ ეს სამუშაო გეგმაზომიერად და პატიოსნად გაკეთდეს. სამწუხაროდ აქ ერევა აი ეს ველური ბიზნესის ფაქტორი,რომელიც ცდილობს მაქსიმალურად მოკლე დროში დაითრიოს ყველაზე ღირებული ტერიტორიები და ადგილები, დაანგრიოს იქ ერთ-ორ სართულიანი ძველი შენობა და ააშენოს ახალი ხუთ ექვს თუ ცხრა სართულიანი. ეს პროცესი ძალიან მტკივნეულად მიდიოდა 90-იანი წლების მეორე ნახევარში, მერე შეჩერდა თითქოს, მაგრამ დღესაც არსებობს მცდელობები ამ ისტორიულ გარემოზე არაკორექტული იერიშის მიტანის. რომ არა ეს, ძველი შენობების რეკონსტრუქციის მეთოდოლოგია არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს.