კიდევ ერთი ნაბიჯი "სამხრეთის ნაკადისთვის"

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ბუნებრივი აირის მილსადენების პროექტების გაყვანის მხრივ უაღრესად გააქტიურდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წინასწარი შეთანხმებების ხელმოწერა რუსეთის გაზორპმმა რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით სამხრეთის ნაკადისკენაა მიმართული, რომელიც ევროკავშირის მიერ წამოწყებული ნაბუქოს პროექტს პირდაპირ კონკურენციას უწევს როგორც რესურსების მხრივ, ასევე პარტნიორი ქვეყნების შერჩევის და დაყოლიების მიმართულებითაც.

სამხრეთის ნაკადი რუსეთის ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც სულ მცირე ექვს ქვეყანაზე გაივლის. განხორციელების შემთხვევაში მილსადენის სიგრძე დაახლოებით 2000 კილომეტრი იქნება. აქედან დაახლოებით 900 კილომეტრი შავი ზღვის ფსკერზე ორი კილომეტრის სიღრმეზე გაივლის.

სამხრეთის ნაკადის მილსადენი რუსეთის ქალაქ ბერეგოვოიადან შავი ზღვის ბულგარულ პორტ ვერნაში ჩავა. მილსადენი შემდეგ ორად გაიყოფა, სამხრეთ-დასავლეთის განშტოება საბერძნეთში და შემდეგ იონის ზღვის გავლით იტალიაში წავა, ხოლო მეორე ნაწილი სერბეთისა და უნგრეთისგავლით ავსტრიაში ჩავა.

ავსტრიის ხელისუფლება ნაბუქოს პროექტს ანიჭებს უპირატესიბას ევროპის მიერ რუსეთისგან ენერგო რესურსების მიღების მონოპოლიისგან თავის დაღწევის მიზნით. მაგრამ რუსეთმა გასულ კვირას სლოვენიასთან მოაწერა წინასწარ შეთანხმებას ხელი, რამაც შესაძლოა ავსტრია გამორიცხოს მილსადენის პროექტიდან.

სამხრეთ ნაკადის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვების კვლევითი ცენტრის დირექტირს, პროფესორ მამუკა წერეთელს ვესაუბრე.

ბულგარეთის ახალმა მთავრობამ ამ ზაფხულს გამოაცხადა, რომ არ ეთანხმება ქვეყნის წინა ხელისუფლების მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულების პირობებს. მიზეზად ბულგარეთის პრეზიდენტმა კორუფციული გარიგებები დაასახელა. ამ მოვლენების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ბულგარეთმა ნაქუქო არჩიოს სამხრეთის ნაკადს და რუსეთს გიგანტურ პროექტზე უარი უთხრას. ამის შესახებ ბატონმა მამუკამ განაცხადა:

„ეს პროექტი მოიცავს მრავალ ქვეყანას და შესაბამისად ყველა ამ ქვეყანას შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება. პირველ რიგში პროექტის სპონსორებსა და მასპინძლებს შორის და შემდეგ ამ ქვეყნებს შორის ერთმანეთთან. ეს საკმაოდ გრძელი ლეგალური პროცესია. ეს ხელშეკრულება რომელიც გუშინწინ გაფორმდა [სლოვენიასთან] ერთ-ერთი ნაბიჯია ამ პროცესში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია განხორციელების პროცესში.

რაც შეეხება ავსტრიას, ავსტრიის კანცლერიც იმყოფებოდა მოსკოვში, რამდენიმე დღის წინ, თორმეტში თუ არ ვცდები. და ამ თემაზე იქაც იყო საუბარი. ანუ სამხრეთის ნაკადში ავსტრიის მონაწილეობა გამორიცხული არ არის. აქედან გამომდინარე, პირიქით რაც შეიმჩნევა არის ის, რომ რუსეთი ძალიან გააქტიურდა ამ პროექტის მარკეტინგში ამ პროექტის განხორციელების მიმართულებით და ყველა შესაძლო პარტნიორთან აქვს ძალიან აქტიური მოლაპარაკებები.

მომავალ ზამთარსაც შესაძლებელია გაზის მიწოდების გათიშვა უკრაინის მიზეზით და შეშინებული ევროპელები ამ ეტაპზე იმის გამო რომ მომავალში ხედავენ გარკვეულ საფრთხეებს გაზის მიწოდების სფეროში, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ეს ინდივიდუალური ქვეყნები ცდილობენ ხელშეკრულებების საშუალებით გარკვეული უსაფრთხოება მიიღონ პოლიტიკური.

ეს პოლიტიკური პროცესია რა თქმა უნდა და გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა უნდა ითქვას, რამდენიმე რამ, რომ ალბათ ბულგარეთის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ალბათ ბულგარეთი, ისევე როგორც ბევრი ქვეყანა ელოდება რა მოხდება ნაბუქოსთან დაკავშირებით. და თუ ნაბუქოსთან დაკავშირებით არ იქნა პროგრესი მიღწეული მაშინ მე ვფიქრობ, რომ ბულგარეთიც და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამ პროექტთან რაღაცნაირად დაკავშირებულია, შეეცდება, რომ მაქსიმალურად მეტი სარგებელი მიიღოს პროცესების მოსალოდნელი განვითარებისგან. ან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბულგარეთის მთავრობა საბოლოო ჯამში მიიღებს რუსეთის წინადადებებს. თქვე იცით, რომ უკვე წინასწარი ხელშეკრულებაც არსებობს ბულგარეთსა და რუსეთს შორის. შეიძლება პირობების გადახედვა მოხდეს, რაღაცა გაუმჯობესდეს ბულგარეთისთვის, მაგრამ ის, რომ მთლიანად გამოირიცხოს, იმ შემთხვევაში, როცა ნათელი არ არის რა იქნება ნაბუქოსთან პერსპექტივები, არა მგონია ბულგარეთის ხელისუფლებამ უარი თქვას ამ პროექტზე.“

ნაბუქოს პროექტის ტემპი შედარებით დავარდა და ბევრს როგორც რეგიონში ასევე რეგიონის გარეთ ეჭვი ეპარება იმაში, რომ პროექტი განხორციელდება. ბატონი მამუკას თქმით პროექტი მოაწილე ქვეყნებს შორის შეუთანხმებლობა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები დიდ წინაქობას უქმნის ნაბუქოს.

„აქ მთავარი სამწუხარო შემაფერხებელი მომენტი არის ის, რომ ვერ მოხდა შეთანხმება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პირველ რიგში. მოგეხსენებათ, რომ ძალიან დინამიურად მიმდინარეობს პროცესები ამიერკავკასიაშიც თურქეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ხელშეკრულებები. ჩვენ არ გვიხსენებია რომ არა მარტო გაზსადენებს ეხება ეს დაახლოება რუსეთის და თურქეთის, არამედ ნავთობსადენებსაც. ლაპარაკია სამსუნიდან ჯეიჰანამდე ნავთობსადენის აშენებაზე, რომელშიც რუსეთიც იქნება ჩართული. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ნავთობსადენში მონაწილეობის საფასურად მიიღო რუსეთმა თურქეთის წინასწარი მხარდაჭერა სამხრეთის ნაკადთან მიმართებაში.“

რუსეთ-თურქეთის დაახლოებასთან ერთად, აზერბაიჯანი დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს თურქეთისთვის იმის დასანახებლად, რომ თუ არ იქნა ნაქუქოზე შეთანხმება მიღწეული, ბაქოს არჩევნის გაკეთება რუს ეთზე მოუწევს.

საბოლოო სურათი კი ისეთი რჩება, რომ თუ ევრო კავშირის ქვეყნებმა სტრატეგია არ გააერთიანეს ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა სამხრეთის ნაკადი განახორციელოს და ამით ევროპის გაზით მომარაგების სრული მონოპოლია აიღოს საკუთარ თავზე.