მოსკოვში ისტორიული შენობები ნადგურდება

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი მე XV საუკუნეში ააგეს. კათედრალი მცირე საეკლესიო კომპლექსის ნაწილია. ეს კომპლექსი კი მოსკოვის ძალზე პოპულარულ უბანში მდებარეობს. ეკლესიის მოოქროვილი გუმბათები დიდ სიშორეზე მოსჩანს. წესით ამ კომპლექსს რუსეთის მთავრობა, როგორც ისტორიულ ძეგლს უნდა იცავდეს, მაგრამ ახლა ეკლესიას სასიშროება ემუქრება:

„შენობა დაცულ ზონაში მდებარეობს. კანონის თანახმად აქ ახლის არაფრის აშენება არ შეიძლება, მაგრამ ამჟამად ამ ტერიტორიას ახალი საოფისე შენობების აგების მიზნით წმენდენ“. ამბობს საეკლესიო კომპლექსის მუზეუმის თანამშრომელი ლიდია შესტაკოვა.

მოსკოვის მერიამ სამუშაოების დროებით შეწყვეტის ბრძანება გასცა. თუმცა მუშაობა არ შეწყვეტილა:

„ჩვენ კომპანიას ნგრევისა და მშენებლობის ლიცენზია მოსკოვის ისტორიულ მემკვიდრეობათა დაცვის უწყებისგან აქვს მოპოვებული“. ამბობს მშენებლობის მწარმოებელი სინიცინი.

მოსკოვის არქიტექტურული მემკვიდრეობის დამცველი საზოგადოების წარმომადგენელს ანა ბრონოვიცკაიას ეს სულაც არ უკვირს. მისი თქმით, ძეგლთა დაცვის კანონმდებლობა მრავალი ხარვეზით სცოდავს და ბევრმა ბიუროკრატმა არც კი იცის თუ როგორ დაიცვას ეს კანონი:

„ზოგი კანონი არ მუშაობს. ასეთი კანონები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და მათ ყურადღებას არვინ აქცევს. ბევრ შემთხვევაში მათ იგნორირებას თავად ბიუროკრატები უხდენენ“. ამბობს იგი.

მოსკოვის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორი დავიდ სარქისიანი კი თვლის, რომ აქ ყველაფერი ფულთანაა დაკავშირებული:

„ქალაქის ცენტრში ადგილი ძალზე ძვირი ღირს და სწორედ ფული წარმოადგენს მთავარ ფაქტორს. როგორც კარლ მარქსი ამბობდა, კაპიტალიზმი ყოველგვარ დანაშაულს ჩაიდენს სამას პროცენტიანი მოგების დანახვის შემთხვევაში. ყველაფერში ფულია დამნაშავე“. ამბობს სარქისიანი.

თუმცა მაშინაც კი, როდესაც მთავრობა რომელიმე ისტორიული შენობის დაცვას ცდილობს, მან არ იცის თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს. ანა ბრონოვიცკაიას თქმით, დიდი თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს, მაგრამ გაკეთების მაგივრად რესტავრაციამ თეატრს უფრო დიდი ზიანი მიაყენა:

„დიდი თეატრის რესტავრაცია ქაოტურად მიდინარეობს. როგორც სჩანს მთავრობა ერთიან გეგმას არ მისდევს. ისინი ერთმანეთსაც კი არ უზიარებენ იმას თუ რის გაკეთებას აპირებენ“. ამბობს იგი.

დავიდ სარქისიანი აცხადებს, რომსაზოგადოება ნელ-ნელა ინტერესდება ამ პრობლემით. მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში მოსკოვში სამი ისტორიული შენობის დანგრევას სპეციალური გამოფენა მიეძღვნა:

„გამოფენაზე სამი სამარეა წარმოდგენილი, რომლებზეც დანგრეული შენობების ფოტოებია დამაგრებული. შენობების ქვეშ კი ისე, როგორც ნამდვილ საფლავებზე მათი აგების და დანგრევის წლები აწერია. მნახველები ჩერდებიან სამარეებთან, წამოიტირებენ ხოლმე და ალკოჰოლს გადაჰკრავდნენ“. გვეუბნება ბატონი სარქისიანი.

ცვლილებები მოსკოვის მთელ ტერიტორიაზე თვალშისაცემია. ერთ-ერთიისტორიული შენობის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს წამოჭიმვას გეგმავენ. ამ შენობაში დიდი თეატრის მსახიობები და მოცეკვავეები სახლობდნენ. ქალაქის მერია კი აცხადებს, რომ შენობის ნაწილის გადარჩენას ეცდება.