ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, არცერთ ქვეყანას არ ძალუძს უკრაინას ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს უკარნახოს თუ რომელ ალიანსში გაწევრიანდეს ან როგორ წარმართოს საგარეო ურთიერთობები. ჯო ბაიდენმა, კიევში ჩასვლისას ეს განცხადება უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონტექსტში გააკეთა, მიუხედავად რუსეთიდან მომავალი ოპოზიციისა.
ამ ფონზე, ცნობილია ისიც, რომ ბატონი ბაიდენის ვიზიტს უკრაინასა და საქართველოში დეტალურად ადევნებს თვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამშაბათს კიევში წარმოთქმულ სიტყვაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკაფიოდ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა გადაწყვეტს ევროატლანტიკური ალიანსის ნაწილი გახდეს, მაშინ მას აშშ მხარს დაუჭერს.
ბაიდენი: “პრეზიდენტმა ობამამ, მოსკოვში ვიზიტისას ივლისში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რათა მან საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ შორის ის, თუ რომელ ალიანსში გაწევრიანდეს. ჩვენ, ბატონო პრეზიდენტო, ვმუშაობთ, რათა ჩვენი ურთიერთობები “გადავტვირთოთ” რუსეთთან, მაგრამ მე გარწმუნებთ თქვენ და უკრაინელ ხალხს, რომ ეს არ მოხდება უკრაინის ხარჯზე. პირიქით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები უკრაინას წაადგება. “
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, კიევსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული ურთიერთობების ხაზგასმისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკელ სტუმარს. მან ასევე შენიშნა თანამშრომლობის აღდგენის შესახებ რუსეთსა და აშშ-ს შორის და ხაზგასმით განაცხადა, რომ ამ ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია ფორმალურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში.
პრეზიდენტი იუშჩენკო ამბობს, რომ უკრაინას მართლაც სურს იხილოს აშშ და რუსეთის ურთიერთობების განვითარება, მაგრამ არა უკრაინის საზიანოდ ან ინტერესის სფეროების შექმნის ხარჯზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებობს რეგიონები, სადაც რუსეთი პრივილეგიით სარგებლობს. ასეთი რეგიონები, მისი თქმით, არიან ქვეყნები, რომლებთანაც მოსკოვს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს.
ბატონი ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლას გამოეხმაურა რუსთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბატონი ანდრეი ნესტერენკო. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი დიდი სიფრთხილით აკვირდება და მონიტორინგს უწევს ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტს, განსაკუთრებით კი სწორედ იმიტომ, რომ იგი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობს. მან ასევე საკუთარი მოსაზრება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო ურთიერთობები
ხმა--რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველაზე მთავარია, რომ ასეთი ურთიერთობები გამჭვირვალე იყოს, ფარულად დადგმული თამაშების გარეშე. მან ასევე შენიშნა, რომ ნებისმიერი ურთიერთობისას ქვეყნებს შორის გათვალისწინებულ უნდა იქნას კულტურული და ისტორიული კონტექსტი და თავისებურებები.
პრეზიდენტმა იუშჩენკომ განაცხადა, რომ მისი მოლაპარაკებები ვიცე პრეზიდენტ ბაიდენთან ენერგო პროექტებს, მათ შორის ბირთვული ელექტროსადგურისა და ამერიკული საწვავის შესყიდვის საკითხებს შეეხო. ეს დეტალები გააშუქა რუსეთის ტელევზიამაც, აღინიშნა რა, რომ უკრაინა მანამდე ბირთვულ საწვავს რუსეთიდან ყიდულობდა.
ამას გარდა, უკრაინელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ერთერთი თემა იყო უკრაინის ინტეგრაცია ახალ ევროპულ ენერგო პროექტებში. მათ შორის უკრაინის გაზსადენების სისტემის განახლება ევროკავშირის დახმარებით და კასპიური ნავთობის გადაზიდვა ევროპაში, უკრაინის გავლით.
ამერიკის ვიცე პრეზიდენტის განრიგი კიევში ითვალისწინებს ვიზიტს ჰოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალზე და შეხვედრებს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან-პრემიერ მინისტრთან, რეგიონების პარტიის ლიდერთან, პარლამენტის სპიკერთან და ახალგაზრდა ოპოზიციონერთან, რომელიც შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში მოგვევლინოს.
პრეზიდენტმა იუშჩენკომ თავისი გამოსვლა დაასრულა აშშ პრეზიდენტის მიწვევით უკრაინაში.