ეუთოს მისიამ საქართველოში მკაცრად დაგმო 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ეუთოს დამკვირვებელთა მანქანისთვის უცნობი თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის ფაქტი.
”მე კატეგორიულად ვგმობ და ვწუხვარ უიარაღო სამხედრო დამკვირვებლებზე ამ სერიოზული თავდასხმის გამო,” - განაცხადა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ. ”ამ მიუღებელი ინციდენტის დეტალები ზედმიწევნით იქნება გამოძიებული.”
10 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პრესისათვის ეუთოს მისიამ ინციდენტის შესახებ რამოდენიმე დეტალი გაახმოვანა.
მისიის თქმით, ინციდენტი სოფელ ქვემო ხვითის დასავლეთით და ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთით მოხდა მაშინ, როდესაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი პირი ბუჩქებიდან გადმოხტა და ეუთოს საპატრულო მანქანას, რომელზეც კარგად ჩანდა წარწერა ”OშჩE”, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადეს, რომ ცეცხლი სამხრეთ ოსური მხარის და რუსული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გახსნეს. თუმცა სამხრეთ ოსურმა მხარემ კატეგორიულად უარყო ინციდენტთან რაიმე კავშირი.
დღეს გამთენიისას კი 2 დღით საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო. ეუთოს გენერალური მდივანი თავად ეწვევა გორის რაიონსაც, სადაც 10 დეკემბერს ეუთოს უიარაღო დამკვირვებლების საპატრულო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. აგრეთვე მისი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ–მინისტრთან გრიგოლ მგალობლიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან. შეხვედრები უკვე შედგა საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და ომბუდსმენთან სოზარ სუბართან.
გრიგოლ ვაშაძემ და მარკ პერინ დე ბრიშამბომ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც უეთოს გენერალურმა მიდვანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისიის მანდატი გაგრძელდება და გაფართოვდება. ამის შემდეგ ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა საქართველოს ომბუცმენს, ბატონ სოზარ სუბარს, რომელმაც ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა გააცნო.
ხვალ გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ მინსიტრს და პრემიერ მინსიტრს შეხვდება, შემდეგ კი 2 დღით სომხეთში გაემგზავრება.