ქართველი თინეიჯერები მედიის თავისუფლების შესახებ

დღეს ტელემედიას მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი მოიხმარს აქტიურად. რამდენად გასაკვირიც და ამავე დროს ლოგიკურიც არ უნდა იყოს ტელევიზიის მაყურებლები ყველაზე ნაკლებად სწორედ მოზარდები არიან. მათი ცხოვრება დღეს გაცილებით მეტ საინტერესო სფეროს შეიცავს. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გავესაუბრეთ ახალგზრდებს, ე.წ. თინეიჯერებს, რომელთაც რამდენიმე კითხვა დავუსვით სწორედ მედიასთან დაკავშირებით. პირველი კითხვა ამგვარი – უყურებენ თუ არა მოზარდები ტელევიზორს და თუ უყრებენ რას?

მოზარდები – თითქმის არ ვუყურებ, მას მერე რაც კომპიუტერი მაქვს. კომპიუტერში მაქვს საშუალება ვუყურო იმას, რაც მინდა რეკლამების და სერიალების გარეშე. ტელევიზორის ჩართვა კი არ ღირს.

- მე ტელევიზორს მხოლოდ ღამე ვუყურებ, მხოლოდ უცხოურ არხებს.

- კი ვუყურებ, მაგრამ იმდენად მოსაბეზრებელია, რომ არ ღირს ყურება, ერთნაირი გადაცემები, სერიალები და ა.შ.

- ჩემი აზრით დღევანდელი ტელევიზიის ყურება არ ღირს, მითუმეტეს თუ კომპიუტერი გაქვს სახლში.

რამდენად მოსაწონია ახალგაზრდების ამ ჯგუფისთვის, სხვადასხვა ტიპის გასართობი, მუსიკალური გადაცემები?

მოზარდები – ამდენი ერთადაიგივე “ჯეოსტარები” თუ “ვარსკვლავების აკადემია”, ჩემი აზრით ძალიან ცუდია. თუ ეს გადაცემები მასაზეა გათვლილი, გამოდის რომ მასა არის მარაზმი. საქართველოში რაც გადის ის არის გადმოღებული სხვებისგან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძალიან ცუდად იღებენ. “ჯეოსტარი”, “ჯეობარი” საშინლად გაკეთებულია.

- საინტერესოა მოზარდების დამოკიდებულება დღეს საქართველოში ერთერთ ყველაზე მტკინვეულ საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა ქართული მედია თავისუფალი? და თუ არ არის თავისუფალი, რატომ, რა არის ამის მიზეზი?

მოზარდები – თავისუფალი არ არის, იმიტომ რომ ისეთი გადაცემები რომელშიც არის ოდნავ თავისუფლება, ისინი კარგავს თავისუფლებას. მაგალითად, გადაცემა “კედელში”, როცა დაიწყო ლაპარაკი აკრძალულ თემებზე, მერე მოვიდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და დახურეს ისიც. ამიტომ, თუ გინდა რომ იყო თავისუფალი ამის შანსს არავინ გაძლევს.

- კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ამ ტელევიზიების მფლობელები არიან ცნობილები და ისინი როგორც წესი არ არიან კარგი ადამიანები და ეს ტელევიზიები თავის უფროსებზე ხომ ვერ გააკეთებენ ცუდ სიუჟეტებს.