გარდაიცვალა ქართველი პოეტი ანა კალანდაძე

პოეტი ანა კალანდაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებისა და ახლოებლების გარემოცვაში გარდაიცვალა. დაახლოებით 3 თვის წინ პოეტმა ინსულტი გადაიტანა, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად იქცა. სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქართულმა კულტურამ მეორე მძიმე დანაკარგი განიცადა. ქალბატონი ანა სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სახალხო პოეტად, მისი ლექსები კი ჩვენს ბავშვობას გასდევდა რითმებად. ანა კალანდაძე ქართული პოეზიის ნამდვილი დედოფალი იყო, რაზეც არა მხოლოდ ქართველი მკითხველის დამოკიდებულება, არამედ მის მიმართ უცხოელი პოეტებისა თუ ლიტერატორების მიერ გამოთქმული სიტყვებიც მოწმობს.

ბელა ახმადულინა თავის წერილებში უდიდესი სითბოთი იხსენებს ანა კალანდაძესთან და მის პოეზიასთან პირველ შეხვედრას: "70-იანი წლების დასაწყისში თბილისში სტუმრობისას ჩემი მასპინძლები ქართველი მწერლები და პოეტები იყვნენ. როდესაც პოეზიაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ყველა ანა კალანდაძეს ახსენებდა. მისი რამდენიმე ლექსის რუსული თარგმანი წაკითხული მქონდა, რამაც ამ პოეტის შესახებ ძალიან თბილი შთაბეჭდილება დამიტოვა. ერთ-ერთ შეკრებაზე კი თავადაც მობრძანდა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა. ეს იყო დაუვიწყარი სიტყვები, ფრაზები, რითმები. თვითოეული ლექსი ჩემს წარმოსახვაში ულამაზეც ნახატებად იშლებოდა. მოგვიანებით მომეცა საშუალება ანას ლექსები რუსულად მეთარგმნა, კრებული გამოიცა და უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. თარგმნისას კი ჩემს სამუშაო ოთახში საქართველოს მშვენიერი ბუნება იშლებოდა და თითქოს იმ ისტორიულ ადამიანებსაც ვხედავდი, რომლებზეც ანა კალანდაძე წერდა".

ანა კლანდაძე 1924 წელს ჩოხატაურის რაინის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. 1946 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მალე ლექსების პირველი კრებული "ლექსები" გამოსცა. როგორც ლიტერატორები წერდნენ, ამ კრებულში ის სულიერი სინაზე და სიფაქიზე იგრძნობოდა, რომელიც ყოველთვის იყო დამახასიათებელი ქართული პოეზიისთვის. ანა კალანდაძე ბუნების სილამაზით ცოცხლობდა. მას ციცქნა და თითქოს შეუმჩნეველი ყვავილის სურნელიც კი არაფრთოვანებდა და მზად იყო მისთვის ლექსი მიეძღვნა. აცოცხლებდა ისტორიულ გმირებსაც და მათ ვაჟკაცობას თითქოს დედობრივი სითბოთი სავსე სიტყვებს უძღვნიდა.

2006 წელს ანა კალანდაძეს კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია მიანიჭეს – სწორედ ის გახდა საპატიო "საბას" ლაურეატი, რომელიც ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. "დღეს ბედნიერი ვარ, რადგან თანამედროვე ქართული ლიტერატურის ჯილდო გადმომეცა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ლექსები ჯერ კიდევ აინტერესებს ახალგაზრდა მკითხველს", - ასეთი იყო ანა კალანდაძის მცირე კომენტარი.

გალაკტიონ ტაბიძისა და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი ანა კალანდაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. პროცესია მთაწმინდის პანთეონისკენ გაემართა.

მანამდე სამოქალაქო პანაშვიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმენდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ანა კალანდაძის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა. ანა კალანდაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს როგორც საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა. სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ შემწყდარა.

3 საათზე ანა კალანდაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

***

ერთად ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.
თითქოს ქვეყანა შენ გაბარია
და აღარ ეძებ ცხოვრების სახსარს.
სთქვი: პოეზია - ეს ზღაპარია,
სთქვი: პოეზია - ეს სიზმრის ახსნა.
ისევ ეყრდნობი ძვირფას იარებს
და მწუხარება შენთან ხშირია.
და მახსოვს, ერთხელ შენ აღიარე,
რომ ბერი სხვაზე უფრო გმირია.
უცებ ვეწვიეთ ნაცნობ რესტორანს
და შენ წარმოსთქვი: ხვალაც აქ მოვალ.
მე გავიღიმე და მომეწონა,
რომ ამართლებდი შენს უსაქმობას.
ერთად ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.

***

ერთად ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.
თითქოს ქვეყანა შენ გაბარია
და აღარ ეძებ ცხოვრების სახსარს.
სთქვი: პოეზია - ეს ზღაპარია,
სთქვი: პოეზია - ეს სიზმრის ახსნა.
ისევ ეყრდნობი ძვირფას იარებს
და მწუხარება შენთან ხშირია.
და მახსოვს, ერთხელ შენ აღიარე,
რომ ბერი სხვაზე უფრო გმირია.
უცებ ვეწვიეთ ნაცნობ რესტორანს
და შენ წარმოსთქვი: ხვალაც აქ მოვალ.
მე გავიღიმე და მომეწონა,
რომ ამართლებდი შენს უსაქმობას.
ერთად ვიყავით და შენ ამბობდი,
რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია.
შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას,
შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.