ფლორიდაში მოქმედი ბანდა 5 წლის განმავლობაში ქურდავდა სვადასხვა ობიექტს

მაღაზიის ვიდეოკამერაზე აღბეჭდილი ორი ქალი ერთი შეხედვით ჩვეულებრივად იქცევა. როგორც პოლკის საგრაფოს სერიფი გრედი ჯადი გვეუბნება სინამდვილეში ისინი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაღაზიების მძარცველების ბანდის წევრები არიან: “ჩვენი გამოთვლით მათ სამოციდან ას მილიონამდე დოლარის ღირებულების საქონელი მოიპარეს”. ამბობს შერიფი. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ბანდა თვრამეტი ადამიანისგან შედგებოდა და ხუთი წლის განმავლობასი ქურდავდა ფლორიდის შტატის მაღაზიებს. შერიფის თქმით, ბანდის წევრები ძირითადად ერთმანეთთან დანათესავებული პირები იყვნენ. ზოგი დღის განმავლობაში ისინი რვა მაღაზიის გაქურდვასაც კი ასწრებდნენ: “სამ წუთზე ნაკლებ დროში ისინი ოთხი ათას ხუთასი დოლარის ღირებულების საქონლის გატანას ახერხებდნენ”. გვეუბნება შერიფი ჯადი. თუმცა ქურდობის მასშტაბებზე რეალური წარმოდგენა პოლიციას მხოლოდ საწყობის აღმოჩენის შემდეგ შეექმნა. საწყობში ათასობით მოპარული ნივთი აღმოაჩინეს. აქ იყო მედიკამენტები, ტანსაცმელი და კოსმეტიკა: “წარმოუდგენელია, რომ ჩვენს უბანში ასეთი ქსელი მოქმედებდა”. ამბობს საწყობის შორიახლოს მცხოვრები მიშელ სკიფერი. ძიებამ დაადგინა, რომ მოპარულ ნივთებს ინტერნეტის ვებსაიტის ი-ბაის მეშვეობით ყიდდნენ. ზოგ შემთხვევაში მყიდველს ნაყიდის გასაგზავნი თანხაც კი არ უნდა გადაეხადა: “ეს ბავშვის მიერ საღეჭი რეზინის ან ერთი პერანგის მოპარვას როდი წააგავს. ეს ჯგუფები ძალზე ორგანიზებულები და დახვეწილები არიან. ისინი სარფიანად ყიდიან მოპარულს”. ამბობს ცალობით მოვაჭრეთა ეროვნული ფედერაციის დანაკარგის თავიდან აცილების დარგის ექსპერტი ჯოზეფ ლაროკა. მისი თქმით, ინტერნეტმა მთელს მსოფლიოში გაუხსნა ხელ-ფეხი კრიმინალებს. “ზოგჯერ ასეთი გზით მოპოვებული თანხები ქუჩის ბანდებისა და ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ხმარდება”. ასრულებს საუბარს ჯოზეფ ლაროკა.