პალესტინელი მედიკოსები აცხადებენ, რომ დღეს ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ მოწყობილ რეიდს სულ მცირე თერთმეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფ ღაზას სექტორში განხორციელებულმა ამ რეიდმა მრავალი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეტევა ისრაელმა ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით დაიწყო. პალესტინელებმა ცეცხლი გაუხსნეს მომხდურებს. ბრძოლაში რვა პალესტინელი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის მაჰმუდ ზაჰარის შვილიცაა. დაჭრილია ორმოცამდე პალესტინელი მებრძოლი და სამოქალაქო პირი. დღეს პალესტინელმა სნაიპერმა სიცოცხლეს გამოასალმა ეკვადორელი მუშაკი, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე ფერმასი მუშაობდა. ამ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა იკისრა. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განლაგებული პალესტინელთა ავტონომიის მთავრობის წარმომადგენლებმა დაგმეს ისრაელის ეს რეიდი, ხოლო ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ოპერაცია ღაზას სექტორიდან სარაკეტო დარტყმებისგან ისრაელის მოქალაქეების დაცვას ემსახურებოდა.